"მენატრებით, მაგრამ ამ ეტაპზე დაბრუნებას არ ვაპირებ..."

AutoSharing Option
25 წლის ირაკლი ხუციძე ამერიკულ ლიგაში თამაშობს. ახლა ის სამწვრთნელო საქმეს შეეჭიდა. მას უთამაშია საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის - ახალგაზრდულში. იცავდა რამდენიმე ქართული გუნდის ღირსებას...

"ლელო" ხუციძეს ამერიკაში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა:

- ირაკლი, თავდაპირველად გვიამბეთ თქვენ მიერ განვლილ გზაზე...
- 8 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე ქუთაისის "ტორპედოს" საფეხბურთო აკადემიაში. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ალეკო კვერნაძე. პატარა ასაკიდანვე დავიწყეთ სხვადასხვა ტურნირებზე თამაში. ერთ-ერთი მათგანი იყო "შავი ზღვის თასი" სოჭში, სადაც მივიღე სპეციალური პრიზი. ასევე დაჯილდოებული ვარ
სხვადასხვა პრიზით.

13 წლის ასაკიდან მიმიწვიეს თბილისში, "ამერის" აკადემიაში. იქ შემიქმნეს საუკეთესო პირობები. მავარჯიშებდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი როსტომ თორღაშვილი.

17 წლის ვიყავი, როცა "ამერის" პირველ გუნდში გადამიყვანეს. მაშინ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე იყო. "ამერი" იმ დროს უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლებოდა საქართველოში. ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი გივი დიდავასთან, სულიკო დავითაშვილთან, გიორგი დეკანოსიძესთან, ლადო ნადირაშვილთან ერთად... მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე როგორც მინდორზე, ისე მინდვრის გარეთ.

18 წლის ვიყავი, როცა მომეცა შანსი, მეთამაშა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში. მაშინ ამ გუნდს ზაურ სვანაძე წვრთნიდა. რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ სადებიუტო მატჩში გოლიც გავიტანე... კახა ცხადაძის დროს ვიყავი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც, მერეც, როცა გუნდში ოთარ გაბელია მოვიდა. ამის შემდეგ ვითამაშე "ბაიასა" და "ტორპედოში".

საქართველოში ჩემი ბოლო კლუბი იყო "გაგრა". ამ გუნდთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ანატოლი პისკოვეცის ხელმძღვანელობით მოვიგეთ საქართველოს თასი და პირველი ლიგა. ამას მოჰყვა დებიუტი ევროთასებზე, კვიპროსული "ანორთოსისის" წინააღმდეგ. ორივე მატჩი შეუცვლელად ვითამაშე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძეს, ვინც ჩემთვის ბევრი გააკეთა, "გაგრას" კი ისტორიული წარმატება მოუტანა.

- ამერიკაში როგორ მოხვდით?
- ერთთვიან სინჯებზე მიმიწვია MLS-ში (ამერიკული გაგებით, უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე "ქოლამბუს ქრიუმ". ამ კლუბთან კონტრაქტი არ შედგა. სამაგიეროდ, პროფესიული ლიგის (USL) "დეიტონ დაჩ ლაიონში" აღმოვჩნდი და ამ გუნდში ორი წელი ვითამაშე. ამ დროის განმავლობაში, კლუბის ისტორიაში პირველად, პლეი-ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. ჩემ გარდა, გუნდში იყვნენ ბრაზილიელები, ესპანელები, ჰოლანდიელები, იაპონელები...

- როგორი დონეა ამ ლიგაში?
- საკმაოდ მაღალი. ძლიერი ლიგაა და სულ უფრო უკეთესი ხდება. იოლი ნამდვილად არ არის აქ თამაში.

- ამერიკული ცხოვრების წესს როგორ შეეგუეთ?
- ნორმალურად. ამაში ხელი იმანაც შემიწყო, რომ ამერიკაში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ.

- სიახლე ხომ არაფერია თქვენს კარიერაში?
- კი, არის. ახლახან მიმიწვიეს ქალაქ ქოლამბუსში, "ბარსელონა იუნაიტედის" საფეხბურთო აკადემიაში, მწვრთნელის თანამდებობაზე. იქ შექმნილია საუკეთესო პირობები. მეც დიდი სიამოვნებით ვეხმარები ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაოსტატებაში.

- საქართველო არ გენატრებათ?
- ვერ წარმოიდგენთ, ისე მენატრება ჩემი ქვეყანა და მეგობრები, მაგრამ... ამ ეტაპზე დაბრუნებას არ ვაპირებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული