დავით კოხია: იმედია, "ვოივოდინასთან" კონტრაქტს გავაფორმებ

AutoSharing Option
დავით კოხია სერბეთის უმაღლესი ლიგის ნოვი სადის "ვოივოდინაში" ისინჯება - ამის თაობაზე კლუბის ვებგვერდი იუწყება.

სერბები თურქეთის კურორტ ბელექში ემზადებიან, კოხია კი გუნდს 30 იანვარს შეუერთდა და ახლა "ვოივოდინას" მთავარი მწვრთნელის, ზორან მარიჩის ვერდიქტს ელის.

კლუბის ვებგვერდზე ვკითხულობთ:

"კოხია ვარჯიშებსა და საკონტროლო თამაშებში შეეცდება, სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონოს. ახალგაზრდა ქართველი უნივერსალია და თამაში ცენტრალური და მარცხენა მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციებზე შეუძლია.

"სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა კოხია ვნახე. მისი ტექნიკური მომზადების დონე გაცილებით უკეთესია, ვიდრე მეგონა. რაც მთავარია, ქართველის გამოყენება
სამ პოზიციაზე შეიძლება.

თუმცა, ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, გააფორმებს თუ არა კონტრაქტს. მას ვარჯიშებზეც დავაკვირდებით და ვნახავთ, თავს როგორ გამოავლენს", - ამბობს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მილან კოსანოვიჩი.

"ლელო" თავად ფეხბურთელსაც დაელაპარაკა:

"შემოდგომაზე ბელცის "ზარიაში" ნახევარი სეზონი ვითამაშე. სერბეთში სინჯებზე სერგო ქუთათელაძემ წამომიყვანა.

"ვოივოდინა" პერსპექტიული გუნდია, მის ფეხბურთელებს აკვირდებიან "ბარსელონა", "ბაიერნი", "ეინდჰოვენი" და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ გუნდში დამკვიდრება ჩემს კარიერაში დიდი ნაბიჯი იქნება და ყველანაირად ვცდილობ, რომ დავრჩე.

ორი დღეა, რაც გუნდში ვვარჯიშობ. ამიტომაც მიხარია, მწვრთნელის ასისტენტი ასე კარგად რომ მაფასებს. იმედია, შეკრების შემდეგ კონტრაქტს გავაფორმებ".

კოხიას მენეჯერ სერგო ქუთათელაძის თქმით, ვარჯიშებსა და ორმხრივ თამაშებში ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა და "ვოივოდინაში" მის ჩარიცხვას იმედოვნებს.

კოხიას ოჯახი გულრიფშიდანაა, საქართველო აფხაზეთის ომის შემდეგ დატოვა და მოსკოვში დასახლდა. მართალია, დათო იქ გაიზარდა, მაგრამ ქართულად კარგად ლაპარაკობს.

თავიდან მოსკოვის "სპარტაკის" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, 13 წლისა კიევის "ობოლონის" საფეხბურთო სკოლაში გადავიდა, საიდანაც კიევის "დინამოს" აკადემიაში მიიწვიეს. 2010 წელს კოხია კიევის "დინამოს" დუბლებში ვარჯიშობდა, როცა რუსეთის პრემიერლიგის მაშინდელ ბინადარ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ძირითად გუნდში ჩარიცხვას შეჰპირდნენ.

საბოლოოდ, კოხია რუსეთის ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა, სადაც თავიდან კი ათამაშებდნენ, მაგრამ მერე სკამზე დასვეს და დროებით "გაგრაში" ჩაირიცხა.

შარშან, იანვარში, კოხია ბელგიის პირველი დივიზიონის კლუბ "რუზელარეში" ვარჯიშობდა, მაგრამ საბოლოოდ მან კარიერა არა ბელგიაში, არამედ მოლდოვაში, კერძოდ - ბელცის "ზარიაში" გააგრძელა.

2012 წლის აპრილში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე გუნდის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ გამოიძახა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული