ჯანო ანანიძე: ჩემი "ბენტლი" ოქრიაშვილმა იყიდა

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის "ფართი" ჯერ არ დაწყებულა. გოლებიც გააქვს, ფინტებით და საგოლე პასებითაც გამოირჩევა, მაგრამ... ეს ჯერ კიდევ არ არის ის დღესასწაული, ქობულეთელი ბიჭი 17 წლის ასაკში რომ დაგვპირდა!

ის ჯერ მხოლოდ Partyჯანოა, რომელიც უშედეგოდ ცდილობს რუსული ფეხბურთის დაბურული ტყიდან სამშვიდობოს გასვლას. ფეხბურთელი, რომელსაც ზეიმის მოწყობა თავადაც ჩინებულად შეუძლია, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ სხვის დღესასწაულებს ესწრება...

"როსტოვის" კვიპროსული შეკრებისას 21 წლის ნახევარმცველმა თემურ ქეცბაიასთანაც ილაპარაკა და მასთან ერთად, კვიპროსის ქართული ტაძარიც მოილოცა. ახლა ანთალიაშია და რუსეთის ჩემპიონატის მეორე წრისთვის ემზადება.

საკლუბო თუ
სანაკრებო თემებზე ჯანო ანანიძესთან ბევრჯერ გვილაპარაკია. ამჯერად კი, უფრო მეტი სხვა ამბებზე ვისაუბრეთ...

- მამა მხოლოდ მშობელი არ იყო შენთვის, კარიერაშიც ძალიან გეხმარებოდა... მისი გარდაცვალების შემდეგ, ფეხბურთში დაბრუნება არ გაგიჭირდა?
- ფეხბურთისკენ გახედვაც არ მინდოდა, მაგრამ წაქცევაც არ შეიძლებოდა... ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ტკივილის გადატანაში სწორედ ფეხბურთი დამეხმარებოდა.

მას მერე, ჩემი ყველა გოლი მამას ეძღვნება. მინდა, ისეთი კაცი და ფეხბურთელი ვიყო, მას რომ გაეხარდებოდა!

Sportall.Geბავშვობიდან სწორედ მამა მავარჯიშებდა, მთელი დღე ჩემთან იყო, სულ ფეხბურთზე მელაპარაკებოდა...

ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია, მაგრამ მამაჩემი რომ არა, მხოლოდ ქობულეთის საფეხბურთო სკოლაში ნასწავლი ფეხბურთით, 16 წლის ასაკში "სპარტაკის" პირველ გუნდში ნამდვილად ვერ მოვხვდებოდი...

- მშობლიური ქობულეთი ახსენე... ბავშვობის წლებიდან ყველაზე სასიამოვნოდ რა გახსენდება?
- ბევრი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ კიევის "დინამოს" აკადემიაში რომ მიმიღეს, ის დღე არასდროს დამავიწყდება... პასუხს "დინამოს" ბაზის გარეთ ვუცდიდი და როცა რევაზ ჩელებაძემ მითხრა - გუნდში გტოვებენო, დაჯერებაც გამიჭირდა...

მანამდე, ხიზანას ძმამ, გია ხიზანიშვილმა ჩამომაკითხა ქობულეთში - "ნორჩ დინამოელში" წამოდიო. მამა წამითაც არ დაფიქრებულა, ისე გამიშვა... "ნორჩი დინამოელი" რომ არა, არა მგონია, ოდესმე კიევის "დინამოს" აკადემიაში მოვხვედრილიყავი. ქობულეთში ყოფნისას კარგად ვერც ვაცნობიერებდი, თუ რამდენი შრომა სჭირდება ფეხბურთს...

- ვის მაგალითზე გაიზარდა ჯანო ანანიძე? ვინ იყო შენი საყვარელი ფეხბურთელი ბავშვობაში?
- ყიფიანის თამაში მხოლოდ ვიდეოჩანაწერებში მინახავს, მაგრამ მამა მეუბნებოდა - ყიფიანის და ქინქლაძის მსგავსი ფეხბურთელი საქართველოს არ ჰყოლიაო... ბრაზილიელ "ფენომენ" რონალდოს თუ არ ჩავთვლით, გამორჩეულად საყვარელი ფეხბურთელი არ მყოლია, მაგრამ საქართველოს ნაკრების მატჩებს სულ ვუყურებდი - ასათიანს, დემეს, კობის, კალას, იაშკას ვგულშემატკივრობდი.

ახლა? ყველაზე მეტად მესის თამაში მომწონს. თუმცა, მესი ვის არ მოსწონს (იცინის)?!

- წაგებული მატჩის შემდეგ როგორია ჯანო ანანიძე?
- ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე და ხმას არავის ვცემ... ისეთ წვრილმანზეც კი ვჩხუბობ, სხვა დროს ყურადღებას რომ არც მივაქცევდი. ოჯახის წევრებმა ეს კარგად იციან და სანამ ბრაზი არ გადამივლის, მერიდებიან. განსაკუთრებულად, სანაკრებო მარცხს განვიცდი. საკუთარ მოედანზე თუ წავაგეთ, მით უმეტეს, გარეთ გასვლა აღარ მინდა ხოლმე, არათუ კლუბში დაბრუნება... ფინეთს რომ ვერ მოუგებ სახლში, როგორ ხასიათზე იქნები?!

- ასეთ დროს, განტვირთვაში მუსიკა არ გეხმარება? რა ჟანრის მუსიკას უსმენ?
- მუსიკას ხშირად ვუსმენ - ვარჯიშზე წასვლამდეც, ძილის წინაც... ბავშვობაში რეპი მიტაცებდა, ახლა კი ხასიათს გააჩნია - შემიძლია, ნებისმიერ მელოდიას მოვუსმინო: სტინგს, ბარი უაითს, ნაიზ დიასამიძეს... ზოგჯერ, მთელი დღე ქართულ სიმღერებს ვუსმენ, მერე, ორი-სამი დღე სხვა სტილის მუსიკას და ასე შემდეგ... მატჩის წინ, საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად, "გლადიატორის" საუნდტრეკს ვრთავ (იცინის).

- ფეხბურთის გარდა, რა გიყვარს?
- ჩოგბურთი, კალათბურთი, ცურვა... ყველაზე ხშირად, მეგობრებთან ერთად, მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობ. ისე კი, თუ თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, ოჯახში ვიყო. რამდენიმე თვის წინ დავქორწინდი და მალე მამა გავხდები...

- დაოჯახებამ შენს კარიერაზეც დადებითად უნდა იმოქმედოს - მოტივაცია, სტიმული მოგემატება...
- ასეც არის. სტიმულიც მომემატა, დავღვინდი კიდეც და სხვა ინტერესებიც გამიჩნდა... როცა საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს, აღარ ნერვიულობ და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ. მე და ჩემს მეუღლეს 16 წლიდან გვიყვარს ერთმანეთი. დავიღალეთ ხანგრძლივი განშორებებით, მხოლოდ ტელეფონით და "სკაიპით" ურთიერთობით და ახლა ერთად ვცხოვრობთ!

Sportall.Ge- "როსტოვის" ფანები გულმოსულები იყვნენ - წაგებული მატჩის შემდეგ, ანანიძე ჩილიმს ეწეოდაო... ბოლოს მაინც თუ გაიგეს, რომ ცდებოდნენ?
- ყველამ გაიგო, რომ იმ ფოტოზე ჩილიმი კი არა, სადღესასწაულო მაშხალა მიჭირავს. არც სიგარეტი და არც ჩილიმი არასდროს მომიწევია! ანდა, წაგებული მატჩის შემდეგ, ქეიფს ვინ დაიწყებდა?!

თანაგუნდელის დაბადების დღეზე საღამოს ათ საათზე მივედით და პირველზე წამოვედით. პირადად მე, არ მიყვარს დაბადების დღის აღნიშვნა, მაგრამ ყველა ასეთი ხომ არ არის? დაგვპატიჟა და რას ვიფიქრებდით, რომ კლუბში გატარებულ 2-3 საათს ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა? საბედნიეროდ, უკვე ყველაფერი გაირკვა...

- ერთხელ მითხარი ვიზუალურად არ მეტყობა, მაგრამ ყველაზე ხშირად "მშია"-ს გავიძახიო...
- (იცინის). მართლაც ძალიან ბევრს ვჭამ და დამეტყო კიდეც - სამი კილოგრამი მოვიმატე... ახლა 64 კილოგრამი ვარ და მეტ ენერგიასაც ვგრძნობ, ვიტამინებს და კრეატინებსაც ვსვამ...

ექიმები მეუბნებიან, რომ ერთ-ორ წელიწადში ხორცს შევისხამ, კუნთოვანი ქსოვილი გაიზრდება და მერე მაინც აღარ იტყვიან, ჯანოს ჯანი აკლიაო...

- რუსეთში მცხოვრები ცნობილი ქართველებიდან ვისთან მეგობრობ?
- თითქმის ყველასთან, ვინც რუსულ კლუბებში თამაშობს...

- სპორტსმენების გარდა...
- მომღერალ ირაკლი ფირცხალავას ფეხბურთი ძალიან უყვარს. ერთმანეთი "სპარტაკი"-ცსკა-ს მატჩის შემდეგ გავიცანით, ჩემი მაისურა ვაჩუქე და მას შემდეგ ვმეგობრობთ.

- მაისურებს სხვებიც ხშირად გთხოვენ, მათ შორის - ცნობილი ადამიანებიც...
- ისეთ ხალხსაც კი უთხოვია, გამკვირვებია - თქვენ რაღად გინდათ-მეთქი?! როცა საქართველოში ჩამოვდივარ, 10-15 მაისურა ყოველთვის მომაქვს და ვინც მთხოვს, ვჩუქნი...

- თავად როდიდან აგროვებ ცნობილი ფეხბურთელების მაისურებს?
- 2009 წელს იტალიასთან 0:2 რომ წავაგეთ თბილისში, პირველად ვითამაშე ეროვნულ ნაკრებში და მატჩის ბოლოს კანავაროს გავუცვალე მაისურა... მაქვს დანი ალვეშის, ინიესტას, ბენზემას, ტერის, ჰალკის, მოდრიჩის მაისურები...

Sportall.Ge- ცნობილია, რომ ავტომანქანები ძალიან გიყვარს. უფრო სპორტული მოდელები მოგწონს?
- 17-18 წლის რომ ვიყავი, მხოლოდ მძლავრ მოდელებზე ვოცნებობდი. სპორტული ავტომანქანები ახლაც მომწონს, მაგრამ იმ ასაკში აღარ ვარ, სხვა ყველაფერი მოვიკლო და "ფერარისთვის" შევაგროვო ფული.

უკვე ოჯახი მყავს... სხვათა შორის, ჩემი "ბენტლი" თორნიკე ოქრიაშვილმა იყიდა. ძალიან მოსწონდა და რომ გაიგო, ვყიდდი, თავად შეიძინა.

- ოცნების ავტომანქანა?
- "ფერარი 458 იტალია"! დუბაიში ერთი დღით ვიქირავე და მას მერე ამ მოდელის ფანი ვარ...

- დრო იყო, ქართველ ფეხბურთელებს რუსეთში სიტყვა ეთქმოდათ... დღეს როგორ არის საქმე, ვის ახსენებენ, როცა ქართულ ფეხბურთზე ჩამოვარდება ხოლმე სიტყვა?
- თაობას გააჩნია... "როსტოვის" პრესატაშე 65 წლისაა და სულ ჩივაძეზე, ყიფიანზე, ხურცილავაზე, გუცაევზე, თბილისის "დინამოზე" მელაპარაკება... რაც შეეხება ახლო წარსულის თაობას - ქინქლაძე, კალაძე, კობიაშვილი, არველაძეები ყველამ იცის.

- ზოგი გაქებს, სხვები გაკრიტიკებენ ან ჭკუას გარიგებენ... სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა მომაბეზრებელი არ არის?
- თავიდან, მართლაც მიჭირდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ახლა უკვე მივეჩვიე... რეალობას ადეკვატურად ვაფასებ და არც სამართლიან კრიტიკას გავურბივარ. მე კი არა, მესის აკრიტიკებენ.

ამას წინათ, "იუთუბზე" ვნახე ნეიმარზე გადაღებული ვიდეორგოლის კომენტარებში ქართული მინაწერი - "აზრზე არ არისო"... ასეთი ხალხის შეფასებებს ყურადღება როგორ უნდა მივაქციო?!

რატი შელეგია
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK
მკითხველის კომენტარები / 23 /
ჯანოს ეტყო,რომ პირველ რიგში საღად მოაზროვნე პიროვნებაა,ასეთი ქართველები ნამდვილად იტყვიან კაცურ სიტყვას თავისი ცხოვრებით
mancho
13:17 03-03-2014
0
არევის საქმე არაა მე რას ვფიქრობ.ყველამ თავის ბოზ მაიდას მიხედოს.მიმაცნია რომ დღეს ქარტველი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა 2 მანაქანას იყიდის და თავი ძაან მაგრები გონიათ.რა გააკეტეს მათ საქართველოსთვის ?5-6 ადგილი ?ესაა მაგათი მაქსიმუმი.
ბენტლების ყიდვას საქარტველოში უამრავ გაჭირვებულ ხალხს მოეხმარონ ეგ იქნება მადლი.
სიმართლე მწარეა მარა რას იზამ.გინების და შეურაცყოფის ჯანზე კი ხართ იცოხცლე.
beso
00:28 03-03-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული