აკაკი ხუბუტია რუმინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "გაზ მეთანში" დაბრუნდა

AutoSharing Option
30 წლის მცველი აკაკი ხუბუტია, ვინც სეზონი თბილისის "დინამოში" ჩაამთავრა, რუმინეთის მთავარი ლიგის ბინადარ "გაზ მეთანს" დაუბრუნდა.

ხუბუტია (20 მატჩი ეროვნულ ნაკრებში) ახალ თავგადასავალს იწყებს გუნდში, რომელშიც ადრეც თამაშობდა. ის "გაზ მეთანს" თურქულ შეკრებაზე გაჰყვება, სადაც დაგეგმილია ამხანაგური მატჩები "გაბალასთან", "ჰონვედთან" და "ოლექსანდრიასთან".

აღსანიშნავია, რომ 2009-12 წლებში ხუბუტია რუმინული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. "დინამომდე" მას არაერთი კლუბის ღირსება დაუცავს. უთამაშია "ზვეზდაში", "კაუნასში", "შილუტეში", "ვილნიუსში", "გაზ მეთანში", "სამსუნსპორში", "მორდოვიაში", "კერკირასა" და "მიხალოვცეში".

ამ დროისთვის, "გაზ მეთანს" კრისტიან პუშტაი წვრთნის. სწორედ ის
ხელმძღვანელობდა გუნდს მაშინ, როცა ხუბუტია იქ წარმატებით თამაშობდა.

სასიამოვნოა, რომ იმ დროს, როცა ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი საშუალოზე დაბალი კლასის გუნდებში მიდის, ხუბუტიამ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი აირჩია - ამ დროისთვის, "გაზ მეთანი" რუმინეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფ "სტიაუას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული