10 ნოემბერს საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წლების სეზონი იწყება

AutoSharing Option
10 ნოემბერს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ. სეზონი აიღებს სტარტს.

წლევანდელ ჩემპიონატში, რომელიც დებიუტანტების სიმრავლით გამოირჩევა, 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გათამაშება ორ წრედ წარიმართება. წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული განაგრძობს.

1/2-ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში გამარჯვებულები ორი მოგების შედეგად გამოვლინდებიან.

პირველი ტური 12:00 სთ-ზე "აფხაზეთისა" და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) გუნდების დაპირისპირებით დაიწყება.

14:00 სთ-ზე გამართავს თავის პირველ შეხვედრას შარშანდელი ბრინჯაოსპრიზიორი "თბილისი", რომლის მეტოქეც ახლად შექმნილი კლუბი "მგლები" იქნება.

16:00 სთ-ზე დაიწყება
ვიცე-ჩემპიონის და ლიგის ერთ-ერთი ფავორიტის, "სტუ-თელასისა" და "დინამო ბათუმის" დაპირისპირება.

18:00 სთ-ზე დებიუტანტები - მფკ  "აგორა" და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ამ შეხვედრის დაწყებამდე გაიმართება ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც სფფ-ის და სპორტული სააგენტო SBM-ის ხელმძღვანელები დაესწრებიან.

სათამაშო დღეს ორი დებიუტანტის, "თბილისი ვარიორსისა" და ჩემპიონატის ფავორიტის, "ტატიშვილის" შეხვედრა დაასრულებს. მატჩი 20:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

10.11.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. I ტური
12:00 აფხაზეთი - იბსუ
14:00 თბილისი - მგლები
16:00 სტუ-თელასი - მფკ დინამო (ბთ)
18:00 აგორა - ბსუ (ბთ)
20:00 თბილისი ვარიორსი - ტატიშვილი

სფფ-სა და SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, წლევანდელ ჩემპიონატსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.

სიახლეა საპრიზო ფონდთან დაკავშირებით - გუნდებს ფრის და მოგების შემთხვევაში, გაზრდილი ფულადი ბონუსები დაერიცხებათ.

აღსანიშნავია, რომ თბილისი არ იქნება ერთადერთი ქალაქი, სადაც ფუტსალის ლიგის მატჩები გაიმართება - ორივე ბათუმური კლუბი საშინაო შეხვედრებს აჭარის დედაქალაქში გამართავს.

ახალი სეზონის განსაკუთრებული სიახლე საქართველოს ფუტსალის ლიგის წლევანდელი გათამაშების სატელევიზიო გაშუქებას შეეხება - სფფ-ის, SBM-ისა და ტელეკომპანია "სილკის" პარტნიორობის ფარგლებში, გულშემატკივარს საშუალება ექნება, ყოველ სამშაბათს ფუტსალის ლიგის ტურის მიმოხილვა "სილკ უნივერსალის" არხზე მომზადებული სპეციალური გადაცემის ფორმატში იხილოს.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი.

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები - sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული