საქართველოს ფუტსალის ლიგა: 1/2-ფინალები საინტერესოდ დაიწყო

AutoSharing Option
23 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშები პლეი ოფისთვის შესაფერის დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა.

პირველები პარკეტზე მოქმედი ჩემპიონი "სტუ-თელასი" და "აფხაზეთი" გავიდნენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე საკმაოდ საინტერესო შეხვედრაში "ენერგეტიკოსებმა" მინიმალური სხვაობით, 4-3 იმარჯვეს, რითიც განმეორებითი დაპირისპირების წინ მცირე უპირატესობა მოიპოვეს.

მიუხედავად "თელასის" კართან შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტისა, ანგარიში მე-16 წუთზე მაინც ჩემპიონმა გახსნა - უკვე მერამდენედ გადამწყვეტ მომენტში, გუნდის "მხსნელმა" კარლო წვერავამ გაისროლა - 1-0.

მეორე ნახევრის შუაწელში "შავიზღვისპირელებმა" ჯერ
ანგარიში გაათანაბრეს და შემდეგ წინაც გავიდნენ - თავი სებისკვერაძემ და ხარაიშვილმა გამოიჩინეს, თუმცა მალევე ამირან ცხომარიასგან გამათანაბრებელი გოლი მიიღეს. სებისკვერაძემ კიდევ ერთხელ შეძლო საკუთარი გუნდის წინ გაყვანა - 3-2.

მიუხედავად ფსიქოლოგიური უპირატესობისა, გამოცდილებამ და კლასმა თავისი გაიტანა - ჯერ გიორგი სოზაშვილმა შეძლო წონასწორობის აღდგენა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე სამწუთნახევრით ადრე რატი ხოსრუაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 4-3.

გაცილებით დამაჯერებლად იმარჯვა ჩემპიონატის უმთავრესმა ფავორიტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რომლის მეტოქეც თბილისის "თბილისი" გახლდათ.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა შეხვედრის პირველი ნახევარი, რაზეც ანგარიში (2-1) და მსაჯების მიერ ნაჩვენები ორი ყვითელი და სამი წითელი (!!!) ბარათიც მოწმობს. სათამაშო უპირატესობას, მოლოდინისამებრ, თსუ ფლობდა, თუმცა მეტოქე მწვავე კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას და რომა არა მცირე უიღბლობა და მეტი სათამაშო კლასი, შესაძლოა, ანგარიში სულ სხვანაირი ყოფილიყო.

მეორე ნახევარში ფავორიტმა უფრო დამაჯერებლად დაიწყო თამაში და საბოლოოდ განმეორებითი შეხვედრის წინ სოლიდური უპირატესობაც დაიბევა, რაც მეორე ნახევარფინალს, ფაქტობრივად, ფორმალობად აქცევს - 8-3.

განმეორებითი შეხვედრები 30 მაისს არის დაგეგმილი, ფინალური დაპირისპირება კი 10 ივნისს გაიმართება.

ბომბარდირები: მელტონ ახალაია (აფხ) – 20, გიორგი ნიკვაშვილი (თსუ) – 18, აბი აჰი ალფონსე (სპარტ) – 17, ლაშა სიგუნავა (თსუ), ლაშა მაისურაძე (იბსუ) - 15

23.05.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. 1/2-ფინალი (I)
სტუ-თელასი - აფხაზეთი 4-3 (1-0)
გოლები: 15:54’ წვერავა (1-0), 28:51’ სებისკვერაძე (1-1), 29:16’ ხარაიშვილი (1-2), 31:45’ ცხომარია (2-2), 33:56’ სებისკვერაძე (2-3). 34:33’ სოზაშვილი (3-3), 36:32’ ხოსრუაშვილი (4-3)
გაფრთხილება: 09:06’ ხარაიშვილი (აფხ), 09:06’ ასათიანი, 32:11’ ცხომარია (თელ)

თსუ-თბილისი 8-3 (2-1)
გოლები: 12:34’ მხითარიანი (0-1), 12:55’ სიგუნავა (1-1), 15:07’ სიგუნავა (2-1), 27:18’ ქურცაძე (3-1), 28:28’ ჭუმბურიძე (4-1), 33:19’ დ.თურმანიძე (4-2), 33:56’ სიგუნავა (5-2), 35:42’ კაკაბაძე (6-2), 37:21’ ცეცაძე (6-3), 37:42’ ნიკვაშვილი (7-3), 39:33’ ბობოხიძე (8-3)
გაფრთხილება: 14:05’ ჭელიძე (თბ), 15:15’ ბობოხიძე (თსუ), 34:37’ ცეცაძე (თბ)
გაძევება: 15:22, ნ. თურმანიძე (თბ), 15:22’ ჭანუყვაძე, კობაიძე (თსუ)

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", "წყალი მარგებელი", SPORT City, Apple City.

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები: sportall.ge, mysports.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული