მათე ვაწაძის გულწრფელი აღიარება: ნაკრებში გამოძახების ღირსი არ ვიყავი!

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მორიგი ტრანსფერი ქართული მასშტაბის სენსაციაა - "ლოკომოტივში" საქართველოს ნაკრების წევრი მათე ვაწაძე ითამაშებს!" - ეს ინფორმაცია 13 სექტემბერს კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

"დანიური "ორჰუსის" ყოფილი ფეხბურთელი მათე ვაწაძე კარიერას თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს. გამოცდილი თავდამსხმელი ჩვენს კლუბში წელიწად-ნახევრის განმავლობაში ითამაშებს. წარმატებები ვუსურვოთ 27 წლის ფორვარდს", - წერია "ლოკომოტივის" ცნობაში...

2012 წელს, გორის "დილაში" ევროპალიგაზე ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრების შემდეგ, ვაწაძე "ორჰუსში" გადავიდა. გერმანული ინტერნეტსააგენტოს, "ტრანსფერმარკტის" ცნობით, დანიურ კლუბს ეს ტრანსფერი 700 ათასი ევრო დაუჯდა. თავიდან ქართველი "ორჰუსში" წარმატებით გამოდიოდა. 2014-15 წლების
სეზონში გატანილი 20 გოლით ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, სულ კი 81 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

მაგრამ ამ სეზონში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გლენ რიდერსჰოლმმა 7 ტურში 27 წლის ქართველი წუთითაც არ ათამაშა. ამიტომ ვაწაძემ წამოსვლა ამჯობინა და "ორჰუსთან" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.

პარალელურად, ვაწაძეს მოლაპარაკებები ჰქონდა ისრაელისა და რუსეთის კლუბებთან. "ლელო" ჯერ კიდევ მაშინ წერდა, რომ არ იყო გამორიცხული, საქართველოში დაბრუნებულიყო და წლის ბოლომდე თბილისის "დინამოს" ან "ლოკომოტივის" ფორმა მოერგო...

მათეს რეალური წინადადებით თურქეთის პირველი ლიგის კლუბმაც მიმართა, რომელსაც მიზნად სუპერლიგაში გადასვლა აქვს დასახული, მაგრამ თავდამსხმელი თურქეთ-სირიის საზღვართან 20 კილომეტრში მდებარე ქალაქის გუნდში თამაშის პერსპექტივამ არ მოხიბლა (იქ ამჟამად საომარი მდგომარეობის ზონაა) და თურქებს უარი უთხრა.

უცნობი ამბავია, რომ მათეს ჰონკონგშიც იწვევდნენ და ბოლოს წელიწადში 240 ათასი დოლარი შესთავაზეს. მაგრამ ჩათვალა, რომ აზიაში წასვლით სანაკრებო კარიერას ჯვარს დაუსვამდა და "ლოკომოტივში" თამაში ამჯობინა, სადაც ბოლო ერთი კვირაა ვარჯიშობს. დანიიდან წამოსულმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ განაცხადში დამატებაც ამიტომ მოხერხდა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ "ლელომ" მათე ვაწაძესთან ინტერვიუ ჩაწერა...

დანიიდან დიდი გამოცდილება და ხალხის სიყვარული დამრჩა
- რატომ "ლოკომოტივი" და არა სხვა კლუბი, თუნდაც, უცხოური?
- დრო გადიოდა და რეალური ან სასურველი წინადადება არ მქონდა. მე კი თამაში მსურდა. სხვაგვარად, დანიაშიც იოლად დავრჩებოდი, კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდებოდა და ხელფასსაც ავიღებდი. მაგრამ ასე ყოფნას ვერ ვიკადრებდი და ამიტომაც გავწყვიტე კონტრაქტი. "ლოკომოტივმა" კი რეალური და კონკრეტული წინადადებით მომმართა და რატომაც არა? იმედია, ვითამაშებ, ოპტიმალურ ფორმაში შევალ...

- კონტრაქტი არა წლის ბოლომდე, არამედ წელიწად-ნახევრით გააფორმეთ, მაგრამ თქვენი სიტყვებიდან ისე ჩანს, რომ "ლოკომოტივს" მომდევნო სეზონის დაწყების შემდეგ დატოვებთ...
- კონტრაქტი ასეთი პირობებით გაფორმდა: გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საინტერესო წინადადება თუ მივიღე, წასვლის უფლება მექნება. დიდი იმედი მაქვს, "ლოკომოტივში" თამაში წამადგება, კარგად მოვემზადები და დარწმუნებული ვარ, კარიერას მალე ისევ ევროპაში გავაგრძელებ.

- სანამ თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფში ბერძნულ პაოკ-ს შეხვდებოდა, გავრცელდა ხმები, თითქოს, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს თქვენი დაბრუნება სურდა...

- იყო მხოლოდ ლაპარაკი. პირადად ჩემთვის, კონკრეტული წინადადებით არავის მოუმართავს.

- "ლოკომოტივი" თქვენთვის უცხო გუნდია...
- ბიჭების ნაწილს ვიცნობდი და საერთო ენის გამონახვა სხვებთანაც არ გამიჭირდა. მიმაჩნია, რომ "ლოკომოტივი" ძალიან კარგი გუნდია. იმედია, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მაქსიმალურად დავეხმარები.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?! ასეთი მიზანი აქვს გუნდს გარდამავალ ჩემპიონატში?!
- რა თქმა უნდა! ახლა "ლოკომოტივს" საქართველოს ჩემპიონატში არავისზე ნაკლები შემადგენლობა არ ჰყავს. აქვს გამოკვეთილი სტრატეგია და მიზანი, ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდებიც და გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში უთამაშიათ. მათი კლასიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ფორმას რომ აკრეფენ, ნაკრებში დაბრუნებას კიდევ შეძლებენ.

ფაქტია, რომ გუნდი მაქსიმალურად გაძლიერდა. პირადად მე კონტრაქტი იმიტომ გავაფორმე, რომ ამ გუნდში საჩემპიონო პოტენციალი დავინახე.

- დანიიდან რა დაგრჩათ?
- დიდი გამოცდილება, ხალხის სიყვარული და პატივისცემა, პლუს - ახალი მეგობრებიც. ფეხბურთში ისიც ბევრს ნიშნავს, რომ ევროპელების მენტალიტეტი გავიგე და სხვა სტილის ფეხბურთი შევითვისე. ახლა კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან გაცილებით ნიჭიერი ფეხბურთელები იბადებიან, ვიდრე დანიაში, მაგრამ ისინი რესურსს ჩვენზე ბევრად უკეთ იყენებენ და მოთამაშეებს ზრდიან, ჩვენ კი ამას ვერ ვახერხებთ.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ისე დაიწყო, ნაკრებს ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავდა. თქვენ უთამაშებელი ხართ, ლევან მჭედლიძე კი ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობს...
- რა თქმა უნდა, ნაკრებში გამოძახება ყოველთვის მიხარია, მაგრამ დასამალი არაა - უთამაშებლობას უკვალოდ არ ჩაუვლია და ახლა ნაკრებში გამოძახების ღირსი არ ვიყავი. გული მაშინ მწყდებოდა, როცა ფორმაში ვიყავი და მაინც არ მიწვევდნენ... მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნაკრებში რაც შეიძლება მალე დავბრუნდე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მათე კარგი ადამიანია. უბრალოდ ტრამვებმა ძალიან შეუშალა ხელი.
0
არ ვიცნობ ახლოდან ამ ბიჭს მაგრამ მისი რამოდენიმე საქციელიდან და ინტერვიუებიდან ჩანს რომ ძალიან კარგი ადამიანია! წარმატებას გისურვებ ყველგან! მე თუ მკითხავ არ გაგიმართლა კარიერის აწყობისას, ბევრად უკეთეს იმსახურებ!
მათეს
00:26 15-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული