"ათწლიანი კონტრაქტი არ მაქვს და ვიცი, რომ გულშემატკივარი დიდხანს ვერ მოითმენს..."

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ავსტრიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მედიასთან ისაუბრა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- ჩვენმა მოთამაშეებმა იბრძოლეს და ცდილობდნენ, პირველ ტაიმში ცენტრალური მცველებისა და მეკარის მიერ დაშვებული პოზიციური შეცდომები გამოესწორებინათ. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა არა - თამაშით. როცა ავსტრია 2:0 დაწინაურდა, კარგი მომენტი შექმნა და ლორიამ გადაგვარჩინა.

ამის შემდეგ ჩვენ რეალური საგოლე მომენტები შევქმენით. იყო ბრძოლის ჟინი და ხარისხიანად თამაშიც
შევძელით. ეს მაიმედებს. თუ მთელი გუნდი მუშაობას ასე გააგრძელებს, წარმატებაზე ფიქრი შესაძლებელია.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ დღეს კანკავა, მჭედლიძე და აბურჯანია ვერ დაგვეხმარნენ, ოქრიაშვილიც მზად არ გახლდათ და, ფაქტობრივად, უვარჯიშებელმა ითამაშა. მაგრამ მოედანზე გასულმა თითოეულმა ფეხბურთელმა შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა...

საერთოდ, მეტოქისა და ჩვენი შესაძლებლობები უნდა გავითვალისწინოთ. შევადაროთ, მათი და ჩვენი ფეხბურთელები რომელ კლუბებში თამაშობენ. დაახლოებით იგივე შემადგენლობა დავაყენე, როგორც ესპანეთთან, ტაქტიკაც იგივე დავტოვე.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში მხარს გვიჭირდნენ.

- ბუბა დაუშვილი ნიკა კვეკვესკირს რატომ ამჯობინეთ?
- ჩემი აზრით, დღეს დაუშვილმა კარგად ითამაშა და დავალებები ზუსტად შეასრულა. მის მეწყვილედ კი კაშია იმიტომ დავაყენე, რომ ავსტრიას რამდენიმე მაღალი დონის შემტევი ჰყავს და მათი შეჩერება გვსურდა. სწორედ ამიტომ არ ვათამაშე კვეკვესკირი.

როგორც იქნა, ანანიძემ თავისი შესაძლებლობები ნაკრებშიც გამოავლინა, მაღალ დონეზე ითამაშა და ლამაზი გოლიც გაიტანა...

დაცვაში უხეში პოზიციური შეცდომები დავუშვით - პირველი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით. ჩვენი ნაკრები "ბარსელონა" არ არის, შეტევებს მცველები რომ იწყებდნენ. როცა ბურთი ამოგვქონდა, ავსტრია მაღალ პრესინგს მიმართავდა, რაც დაუშვილისა და კაშიას ბურთით მომარაგებას ართულებდა.

- ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე უტევდა...
- მე კი მიმაჩნია, რომ შეტევები კომბინაციური ფეხბურთის შედეგი იყო.

- ცვლილებები ხომ არ დააგვიანეთ?
- ნაადრევი შეცვლები უფრო სარისკო იქნებოდა. ოქრიაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, 20 წუთზე მეტს ვერ ითამაშებდა. ცვლილებაზე ამიტომ შევიყვანე და თამაშის გამწვავებას ყველანაირად შეეცადა. სხირტლაძე კი, მეგონა, უფრო აქტიური იქნებოდა და შეტევებს გაამწვავებდა.

- ბოლო დროს, ამისულაშვილი ბევრ შეცდომას უშვებს...
- საკვალიფიკაციო ეტაპს მხოლოდ ახალგაზრდებით ვერ ვითამაშებთ. 10-წლიანი კონტრაქტი არ მაქვს და გულშემატკივრებს არც ექნებათ ისეთი მოთმინება, ნაკრებში მხოლოდ ახალგაზრდები რომ ვათამაშო და პერსპექტივაზე გავაკეთო გათვლა. ვფიქრობ, ამისულაშვილს ცუდად არ უთამაშია. გოლზე კი პოზიციურად მთელი დაცვის ხაზი შეცდა, მათ შორის - მეკარეც.

რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვით, თუმცა არ მახსოვს, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებს ასეთ ძლიერ მეტოქესთან ამდენი საგოლე მომენტი შეექმნას.

- ჭანტურია მეტოქეებს ხშირად ეკამათება. მასთან ამ თემაზე დალაპარაკებას აპირებთ?
- ჭანტურია ემოციური მოთამაშეა, ეს მისი ხასიათია და მე ვერ შევცვლი. თუმცა თამაშისადმი მიდგომა მინდა შევაცვლევინო და ვნახოთ, აქედან რა გამოვა - ის ნიჭიერია.

- არაბიძეს თუ იცნობთ?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ და ვაკვირდები. ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ძალიან დიდი ტალანტია. უახლოეს პერიოდში მამამისთან და შემდეგ თავად ფეხბურთელთან დალაპარაკებაც მსურს, რადგან გავიგე, რომ ასაკობრივ ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მსურს ვიცოდე, ნაკრებისთვის მზად თუ არის. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 73 /
კარგად ითამაშეს ბიჭებმა ცხადაძისგან მომწონდა ის რომ გუნდი კარგად აათამაშა შეტევაში თამაში ისწავლეს ცოტა ვაისი ჩემი აზრით დაცვას თამაშობს რაც არ ვარგა არც საყურებლად და არც ნაკრებისთვის არ ვარგა აშკარად მეორე ტაიმში ვა ბანკზე რომ წავიდნენ გაასწორა უფრო მოუმატეს ეს დვალიშვილი კიდე რატო დააყენეს დვალი უნდა დაეყენებინა მთავარზე მაგარი ფეხბურთელია ძაან უკეთესად ითამაშებდა ეს ამისულაშვილი კიდე რატო თამაშობს მიკვირს ამისულაშვილის ნაცვლად კვერკველია კაშია დააყენოს დაცვაში ნახევარდაცვა ანანიძე და ორი თავდამსხმელით ვითამაშოთ არ ჯობია? კანკავა რო დაბრუნდება უკვე დალაგდება ყველაფერი და ვაისის მოყვანა მაგრა არ გამიხარდა თავიდანვე მაგას ჯობდა ჩივაძე ან გეგუჩაძე მოსულიყო მარა იმედი მაქვს ვაისიც მილთონ ჰეიგივით გამოადგება ფეხბურთს და აქაც მივაღწევთ წარმატებას
beqa
23:38 06-09-2016
0
მარცვალაძე უნდა ეთამაშებინა კარში ერთხელ დსავარტყით და გოლი გავიდა მეტჯერ არ დაგვირტყამს თავდამსხმელი არ გვყავს ნორმალური და როგორ მოვიგებთ გუნდმა არ იცის შეტევა დასარტყმელ პოზიციაზე ვერ გადიან ფეხბურთელები
dato
21:01 06-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული