მე ჯადოქარი არ ვარ... - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციის ვრცელი ვერსია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სტარტისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი 5 სექტემბერს "დინამო არენაზე" ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, ავსტრიის ეროვნულ გუნდს დაუხვდება.

"ჯვაროსნები" "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობენ და თბილისის ზღვასთან ახლოს, სასტუმრო "ჰუალინგში" ცხოვრობენ. 1-ელ სექტემბერს სწორედ აქ შეხვდა ვაისი ქართულ მედიას:

- იცით, რომ გუნდმა ორშაბათიდან დაიწყო შეკრება, - დაიწყო ვაისმა. - ვემზადებით ავსტრიასთან მატჩისთვის.

დაგვაკლდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ჯაბა კანკავა და ლევან მჭედლიძე ვერ დაგვეხმარებოდნენ, დღეს (ხუთშაბათს - რედ.) ჩამოვა თორნიკე ოქრიაშვილი და ნაკრებთან ერთად დაიწყებს
მზადებას. მე მას ტელეფონით ვესაუბრე, ძალიან იყო გულდაწყვეტილი იმის გამო, რომ "მარსელში" მისი ტრანსფერი არ შედგა. იმედი მაქვს, ოქრიაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება. როგორც თავად მითხრა, ჩვეულებრივად ვარჯიშობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩამოვა და ადგილზე ვნახავთ, რა და როგორ იქნება.

- ავსტრიასთან ძალიან რთული თამაში გველის...
- რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება. მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი გუნდია... ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიელებს არ გაუმართლათ. ეს განსაკუთრებით უნგრეთთან სასტარტო შეხვედრაზე ითქმის. ამ მატჩში განცდილმა წარუმატებლობამ ავსტრიელთა თამაშს დაღი დაასვა. 5-6 წელია, ამ ნაკრების ძირითადი ბირთვი ერთად მოდის. ჰყავთ უმაღლესი კლასის ფეხბურთელებიც, მაგალითად - არნაუტოვიჩი და ალაბა.

ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ავსტრიასთან მატჩში ჩვენ დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.

- რით იყო გამოწვეული ის, რომ ნაკრებს დინამოელი ლაშა პარუნაშვილი დაემატა? რომელიმე ფეხბურთელმა ტრავმა ხომ არ მიიღო?
- გიორგი აბურჯანია დაშავდა. გუშინდელ ვარჯიშზე ჩვენ დავგეგმეთ ორმხრივი სპარინგი, რომელიც უნდა გვეთამაშა ათი-ათზე. დავიმატეთ პარუნაშვილი, რომელმაც ამ თამაშში მონაწილეობა მიიღო და ჩვენთან დარჩა შეკრებაზე.

- როგორი იქნება ავსტრიასთან მატჩის თქვენეული სტრატეგია?
- გვინდა დომინანტები ვიყოთ მინდორზე, მაგრამ ამის გაკეთება რთულია, როცა ესპანეთის ან გნებავთ, ავსტრიის დონის გუნდებს ეთამაშები. რა თქმა უნდა, შევუტევთ, მაგრამ ამავე დროს, უნდა ვიფიქროთ დაცვაზეც. ავსტრია ისეთი გუნდია, რომელიც ერთ შეცდომასაც კი არ გაპატიებს. ჩვენს თამაშში ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

- როგორ გგონიათ, რამდენ ქულას დააგროვებს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?
- ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. მე ჯადოქარი არ ვარ. ჩვენ ყველა შეხვედრაში მაქსიმუმს გავიღებთ წარმატებისთვის. ეს ზუსტად ვიცი. ჯგუფში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ შეგვიძლია, ყველასთვის სიურპრიზი ვიყოთ. მჯერა, ავსტრიასთან მატჩში მაყურებელი სტადიონს შეავსებს და მხურვალედ გვიქომაგებს.

- საქართველოს ნაკრების ბევრ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია...
- ეს მართლაც პრობლემაა. საერთოდ, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ყველა ფეხბურთელი ფიზიკურად ბოლომდე მზად ვერ ჩამოდის და ამ ნაკლის გამოსწორება უშუალოდ შეკრების დროს გვიწევს. ვცდილობთ, ამ კუთხით 8 დღის განმავლობაში მაქსიმუმი მოვასწროთ.

- ნაკრებს კაპიტანი და ლიდერი ჯაბა კანკავა დააკლდება. როგორ ფიქრობთ, მოხერხდება მისი შეცვლა?
- რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, არც ერთი თამაში არ ჩამიტარებია ოპტიმალური შემადგენლობით. ხან კანკავა გვაკლია, ხან ოქრიაშვილი, ხან ანანიძე, ხან ლორია... ასე რომ, შეჩვეულები ვართ ასეთ სიტუაციას.

ჯაბა ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის "გადაიწვა", წინა სეზონი ძალიან დატვირთული იყო მისთვის. მჯერა, მალე ჩადგება ოპტიმალურ ფორმაში. ჩვენ გვაქვს ვარიანტები, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ კანკავას გარეშე. გვყავს დაუშვილი. საყრდენის პოზიციაზე, როგორც იცით, გურამ კაშიასაც შეუძლია თამაში.

- გიორგი აბურჯანია ავსტრიის ნაკრებთან ვერ ითამაშებს?
- სამწუხაროდ, ვერა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
რატომ ბრალდება ყველაფერი ფეხბურთელს და მწვრთნელს? ნაკრებში ხომ უკვე მზა პროდუქტი მოდის,მაგრამ საკითხავია მისი ხარისხი და განსწავლულობა,რომელიც გარდაქმნას არ ექვემდებარება,ტალანტები არ გყავს,ბურთს ვერ ამუშავებს-არ უსწავლია.კაპელო,რომ მოიყვანო მაინც არაფერი გამოვა(გაიხსენეთ რუსეთის ნაკრები,რომელსაც მოაზროვნე და მაღალი კლასის ფეხბურთელი არ ჰყავდა)
vaxvax
12:45 03-09-2016
0
რა უნდა გააკეთოს ამ კაცმა,ტვინებს ხომ არ გადაუნერგავს?არ უნდათ და არ თამაშობენ,"წერილი აღარ მიდის ადრესატამდე და იგინოს ხალხმა რამდენიც უნდათო",ასე უდგებიან საქმეს!იმ ფეხბურთელებმა რა გააკეთონ ვინც სულს და გულს დებს თამაშში,ან კიდევ იმათ,რომლებიც ნაკრებს არ გააკარეს ზემოთ მჯომი პატრონების გამო?ფეხბურთელები და ფედერაცია დ......................
ასდფგჰჯკლ
12:14 03-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული