დინამო (თბ)-შუქურა 1:1 - დამშვიდდა და დაისაჯა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩამწარებული ევროტურნირების შემდეგ თბილისის "დინამო" ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთო და საკუთარ არენაზე ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა. თვალშისაცემი იყო, რომ პირველი ნახევრის შემდეგ "გლადიატორებმა" სტადიონი დატოვეს. ეს პირველად მოხდა 1998 წლის შემდეგ, როცა ფანკლუბი ამოქმედდა: ფანები "დინამოს" მარტო არ ტოვებდნენ შინ და გარეთ, სიცხესა თუ სიცივეში...

ისინი ხშირად რადიკალურებიც იყვნენ, მაგრამ ტრიბუნა გულშემატკივრის გარეშე წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, პაოკ-თან წაგებით დინამოელებმა გულშემატკივრები ძალიან გააბრაზეს, გუშინ კი მათ გარეშე ტრიბუნა უფერულად გამოიყურებოდა, "შუქურასთან" გუნდს მხოლოდ "ულტრასები" ქომაგობდნენ.

...მატჩის დასაწყისში დინამოელთა უპირატესობა აშკარა იყო და გოლიც მალევე
გავიდა. გიორგი პაპუნაშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთმა მეტოქეებს შორის ბევრი იმოგზაურა, მეკარის საჯარიმოდან კი უჩა ლობჟანიძემ ალეკო ამისულაშვილს დაუგდო, რომელმაც ზუსტი დარტყმით "ცხრიანი" შეარხია - 1:0.

მასპინძლებისთვის იდეალურად დაწყებული თამაში ცუდი სცენარით განვითარდა. სწრაფმა გოლმა დინამოელები მოადუნა, ქობულეთელებმა კი მობილიზება მოახერხეს. ამ ყველაფერს ოთარ კიტეიშვილის ტრავმაც დაემატა. მატჩი დაძაბულად და ეპიზოდებში, ნერვიულადაც მიმდინარეობდა, მეტოქეები ერთმანეთს საკმაოდ ხისტად ეთამაშებოდნენ. დინამოელთა ერთ-ერთი ლიდერი კი ლევან კუტალიასთან შეჯახების შემდეგ დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

საერთოდაც, თბილისელები ინერტულად და უფერულად გამოიყურებოდნენ და ამისთვის მალევე დაისაჯნენ კიდეც: 24-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე "შუქურამ" ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა. დაახლოებით 40 მეტრიდან სანდრო გურულმა ბურთი საჯარიმოსკენ გაუშვა, თბილისელთა მეკარე ანტონი სკრიბემ ქობულეთელებს გააყოლა თვალი, ბურთი კი კარის ბადეში გაეპარა - 1:1.

პირველი ნახევრის ბოლოს სტუმრებმა სახიფათოდ შეუტიეს. კუტალიამ (ქობულეთელებს შორის საუკეთესო იყო) შეტევას მიმართულება შეუცვალა, მარჯვენა ფლანგზე გათავისუფლებულმა ლევან საბაძემ კი ბურთს ფეხი ღონიერად დასცხო და კარში უჩა ლობჟანიძე რომ არ გადაფარებოდა, "დინამო" გოლს ვერ გადაურჩებოდა.

მე-40 წუთზე თამაში მცირე ხნით შეჩერდა. უჩა ლობჟანიძემ და ზურაბ არზიანმა ერთმანეთზე გაიწიეს, არადა, ისინი ბავშვობიდან "ნორჩ დინამოში" ერთად იზრდებოდნენ. ისინი შესვენებამდე ვერ დაწყნარდნენ. ვერ გეტყვით, რა გაგრძელება მოჰყვა ამ ინციდენტს გასახდელში, მაგრამ ფაქტია - იურაი იარაბეკმა ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე 19 წლის გიორგი ზარია შეიყვანა. ეს ახალგაზრდა, ჯაბა ჯიღაურთან ერთად, მეორე ნახევარში დინამოელთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და სასარგებლო იყო.

...მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს: 57-ე წუთზე კარის წინ სახიფათო პოზიციაში მყოფ პაპუნაშვილს მცველი გადაეღობა და ვითარება განმუხტა. ჯიღაურმა დინამოელთა დაწინაურება სამჯერ სცადა. ახლო მანძილიდან მისი დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. მერე ცრუ მოძრაობის შემდეგ ბურთი ქობულეთელთა კარის ხარიხას მოარტყა და სტუმრები გადარჩნენ. 81-ე წუთზე კი ჯიღაურის დარტყმას მეკარე აზამატ ჯიოევი გადაეღობა, რომელმაც შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა.

სახიფათო იყო გიორგი თევზაძის შეტევაც, მაგრამ ზოგადად, დინამოელები ისე მშვიდად თამაშობდნენ, თითქოს მოგება გარანტირებული ჰქონდათ, შტურმის მოწყობას კი ბოლო წუთებზე შეეცადნენ, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოვიდა: კარის წინ ბაქარ მირცხულავა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ლადო დვალიშვილსა და ზარიას გადაეღობა და ვითარება განმუხტა.

88-ე წუთზე უკვე "დინამო" გადარჩა: მარჯვენა ფლანგზე კუტალიამ ჯარიმა საჯარიმოს ხაზთან გახსნილ საბაძეს გაუთამაშა, რომლის უძლიერესი დარტყმა სკრიბესა და ქობულეთელთა შემტევს მოხვდა - დინამოელებმა შვებით ამოისუნთქეს.

ბოლო წუთებზე მასპინძლებმა ორი სახიფათო შეტევა წამოიწყეს და ორივე დვალიშვილმა გაამწვავა. პირველად მან კარის წინ ბექა მიქელთაძეს უპასა, რომელმაც მიზანს ააცილა. დამატებულ წუთებზე კი "დინამოს" თავდამსხმელმა თავი პატარა საფეხბურთო შედევრით დაგვამახსოვრა: მეკარის საჯარიმოსთან მცველს შემოტრიალებისას ბურთი ფეხებშუა გაუტარა და პაპუნაშვილი მოძებნა, რომლის უძლიერესი დარტყმის შემდეგ მცველმა ბურთი კარიდან გამოიტანა.

საგოლე მომენტებისა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, "დინამომ" ვეღარ გაიტანა და ლოგიკურია, "შუქურამ" ტურის სენსაცია რომ მოახდინა. ამით თბილისელებმა "წითელი ჯგუფის" ლიდერობა საჩხერის "ჩიხურას" დაუთმეს, ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "შუქურამ" კი ლიდერთან ზავითა და ფასეული ქულით ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედი დაიტოვა.

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. "თეთრი ჯგუფი". V ტური
11.09. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-შუქურა 1:1
გოლები: 1:0 ამისულაშვილი (10. ლობჟანიძის პასით), 1:1 გურული (24)
დინამო: სკრიბე, უ. ლობჟანიძე (46. ზარია), ამისულაშვილი, რენე, გ. თევზაძე, პარუნაშვილი (73. მიქელთაძე), ცინცაძე, ჯიღაური, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (24. ველევი), დვალიშვილი.
სათადარიგოები: ლომაია, ჭანტურიშვილი, ზ. ჭელიძე, ნემსაძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
შუქურა: ჯიოევი, ჩაჩუა, მირცხულავა, ჭეჟია, კომახიძე, არზიანი, კუტალია, საბაძე, გურული (73. მალანია), კონიეჰა (87. შალამბერიძე), ომანიძე (60. მამულაშვილი).
სათადარიგოები: მოწყობილი, კალანდაძე, ჭანუყვაძე, ალიევი
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
გაფრთხილებები: ლობჟანიძე (41), არზიანი (41), რენე (74), მალანია (80)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

მომდევნო ტური. 17 სექტემბერი
"წითელი ჯგუფი"
დილა-სამტრედია
დინამო (ბთ)-სიონი
ზუგდიდი-საბურთალო

"თეთრი ჯგუფი"
ჩიხურა-გურია
ლოკომოტივი-დინამო (თბ)
ტორპედო-ცხინვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქობულეთის 11 ნომერი ვინ არის? მეკარეს რომ აბრალებს გაშვებულ გოლს))) დაცვას მიხედე იასონ დაცვას
rezia
17:35 12-09-2016
0
დინამოდან ბევრი ფეხბურტელი გასაშვებია მწვრტნელის მეტაურობიტ
ალეკსანდრე
14:06 12-09-2016
0

სიახლეები პოპულარული