უმაღლესი ლიგა. ბოლო ტურის წინ: ხუთი გუნდი და ბევრი ვარიანტი

AutoSharing Option
თასის ფინალიც ჩატარდა და ჩემპიონატის ბოლო ტურს კიდევ ერთი ინტრიგა გამოაკლდა: ევროპალიგის ერთადერთი ვაკანტური საგზურის მფლობელი "ჩიხურა" გახდა! ანუ, გამოდის, რომ აბსოლუტურად გამართლებული გამოდგა საჩხერული გუნდის სტრატეგიული გათვლა - თასის ნახევარფინალში თბილისის "დინამოსთან" ორივე მატჩში ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაში და აქცენტი ჩემპიონატში მეოთხე ადგილის დაკავებაზე...

თუმცა, "ჩიხურას" საევროპე შანსები ხომ სხვა გუნდზე, თბილისის "დინამოზე" იყო დამოკიდებული თასის ფინალში და ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მორიგი, მეათე დუბლით საჩხერეშიც არანაკლებ გაიხარებდნენ...

ჩემპიონი ცნობილია, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებიც, მეოთხეადგილოსანიც და ბარემ აქვე ვიტყვით,
რომ ევროპალიგის ჩვენი სამივე მონაწილე ("სამტრედია", "დილა" და "ჩიხურა") ამ გათამაშებაში პირველი ეტაპიდან ჩაერთვებიან.

ახლა "შემონახულ" სატურნირო ინტრიგაზეც: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ვერ გაგვიხსენებია მსგავსი სიტუაცია, როცა ბოლო ტურის ერთდროულად ხუთ მატჩს ჰქონოდა უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა.
თანაც, ხუთივე ამ მატჩში გასავარდნი გუნდების ვინაობა ირკვევა: ბოლო ტურის წინ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე ხუთ გუნდს ემუქრება.

აი, ერთ-ერთი მთავარი თემაც, ჩემპიონატის ბოლო ტურის წინათქმაში რომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. დიახ, ერთ-ერთი, და არა - ერთადერთი! ისე, რას ან ვის უნდა გადაეფარა ასეთი დაძაბული სატურნირო სიტუაცია ბოლო ტურის წინ? თანაც ეს ყველაფერი ხომ ყოვლად უმოტივაციო სამი მატჩიდან (თბილისის "დინამო"-"შუქურა", "ტორპედო"-"საბურთალო", "სამტრედია"-"სიონი") ერთ-ერთში უნდა მოხდეს...

რას უნდა ველოდოთ?
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში რამდენჯერმე მომხდარა, როცა სწორედ ბოლო ტურის ორ ან სამ მატჩში ირკვეოდა უმაღლეს ლიგაში დამრჩენი თუ გავარდნილი გუნდების ვინაობა; ახლა კი, ერთდროულად ხუთი ისეთი მატჩია, სადაც უნდა გადაწყდეს იმ ორი გუნდის ვინაობა, მომავალი სეზონი პირველ ლიგაში უნდა რომ უნდა დაიწყოს.

სატურნირო ცხრილს თუ გადახედავთ, ადვილად აღმოაჩენთ, რომ კონკურენტებთან შედარებით უკეთესი შანსები აქვთ "გურიას", "ლოკომოტივსა" და "ზუგდიდს": თავიანთი მატჩების მოგების შემთხვევაში უმაღლეს ლიგაში ადგილს ინარჩუნებენ.

ეს კი არა, "ლოკომოტივს" სულაც ფრე ჰყოფნის: ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა "მერანმა" რომ მოუგოს ბათუმის "დინამოს", ხოლო "ლოკომოტივმა" ფრედ დაამთავროს შეხვედრა "ცხინვალთან", მაშინ ორივე გუნდს 25 ქულა უგროვდება, მაგრამ თანაბარი ქულების შემთხვევაში უმთავრესი ხომ ურთიერთშეხვედრებია და ამ პუნქტით უპირატესობა თბილისელებს აქვთ.

თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთია იმ უამრავ სავარაუდო ვარიანტთაგან, რომელიც, შესაძლოა, ბოლო ტურში დატრიალდეს: შესაძლოა სამმა გუნდმა ("ლოკომოტივი", "გურია", "მერანი") დააგროვოს 25 ქულა და ერთ-ერთს არც ეყოს დასარჩენად ("ზუგდიდის" გამარჯვების შემთხვევაში), შესაძლოა ოთხმა გუნდმა ("ლოკომოტივი", "გურია", "ზუგდიდი", "საპოვნელა") დააგროვოს 24 ქულა და არც ეს აღმოჩნდეს საკმარისი ("მერანის" გამარჯვების შემთხვევაში).

კიდევ არის რამდენიმე ვარიანტი და ამიტომაც ხელახლა გთავაზობთ გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდების ურთიერთშეხვედრების შედეგებს.

ურთიერთშეხვედრები
ლოკომოტივი-გურია 3:0, 0:0
ლოკომოტივი-ზუგდიდი 3:0, 1:1
ლოკომოტივი-მერანი 3;0, 1:1
ლოკომოტივი-საპოვნელა 1:2, 0:0
გურია-ზუგდიდი 2:0, 2:3
გურია-მერანი 0:2, 0:0
გურია-საპოვნელა 3:0, 2:0
ზუგდიდი-მერანი 0:0, 3:0
ზუგდიდი-საპოვნელა 2:1, 2:2
მერანი-საპოვნელა 1:2, 2:0

მოკლედ, ისეთი სიტუაციაა ცხრილის ქვედა ნაწილში, საინტრიგოზე მეტი რომ ჰქვია. თუმცა, ისიც თვალშიაცემი უნდა იყოს, რომ შედარებით ნაკლები შანსი "საპოვნელასა" და "მერანს" აქვთ, რადგანაც მხოლოდ საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებულნი; ანუ, რომც მოიგონ "საპოვნელამ" და "მერანმა" ბოლო ტურში, შესაძლოა, არც ეყოთ: აბა, კონკურენტები "უსაქმოდ" ხომ არ იქნებიან?...

...ერთი მეტად საინტერესო ფაქტორიც: უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის მებრძოლი ხუთივე გუნდი ბოლო ტურში... სტუმრად თამაშობს. ჰოდა, დავიჯეროთ, რომ ეს ხუთივე მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდება? არადა, ამ ხუთი გუნდიდან პირველ ლიგაში დასაქვეითებლად არც ერთი არ "გვემეტება", მაგრამ არანაკლებ გვეცოდება იმ ხუთი გუნდის ხელმძღვანელები, მწვრთნელები თუ ფეხბურთელები, რომელთაც ამ დღეების განმავლობაში, ვინ იცის, რამდენი თხოვნის მოსმენამ მოუწიათ!

თანაც, უცნაური დამთხვევაა: ამ ხუთი გუნდისთვის ("დილა", ბათუმის "დინამო", "ჩიხურა", "კოლხეთი", "ცხინვალი") ბოლო ტურს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

დაბოლოს, მართლაც საინტერესო იქნება, ვინ როგორ მასპინძლობას გაუწევს იმ "დაინტერესებულ" სტუმრებს: რომელი
გუნდი დაუხვდება ექსპერიმენტული თუ გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ზემოტივირებულ მეტოქეს, რომელი გუნდი მოინდომებს და თავისთვის უმოტივაციო მატჩში, მაგრამ სხვა გუნდის ინტერესთა გათვალისწინებით, სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმება ასევე ზემოტივირებულ მეტოქეს, რომლისთვის იქნება ყველაფერი სულერთი და ასე შემდეგ.

ტაში და მადლობა იაშკას!
კვირას, 22 მაისს, "დინამო არენაზე" მართლაც ყველანაირად უმოტივაციო მატჩი უნდა გაიმართოს; თუმცა, შეხვედრას საზეიმო ხასიათი ექნება: თბილისის "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი გადაეცემათ, მერე, ალბათ, ფოიერვერკისა და შამპანურის "ჯერი" დადგება და ასე შემდეგ.

თუმცა, ზეიმთან ერთად იქნება სევდაც: დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ალექსანდრე იაშვილი თავის ხანგრძლივ, ძალიან ბევრისათვის მისაბაძ და წარმატებულ კარიერას ამთავრებს!

აი, ასე: ჩემპიონისა და თასის მფლობელის რანგში ასრულებს "იაშკა" თავის შთამბეჭდავ კარიერას და ასრულებს იმ გუნდში, საიდანაც გაიცნო კიდეც ქართულმა საფეხბურთო საზოგადოებამ. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი - აი, ასეთი აქაური ტიტულებით სრულდება იაშვილის 23-წლიანი საფეხბურთო კარიერა, რომელიც, კიდევ განვმეორდებით - ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის სამაგალითო უნდა იყოს.

"იაშკას" გამორჩეულ და ხანგრძლივ კარიერაზე სხვა დროს ვისაუბროთ. მანამდე კი ძალიან გვინდა, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის "მეორე ტალღის" (კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი) კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენლის ბოლო საკარიერო მატჩს, რაც შეიძლება, მეტი გულშემატკივარი დაესწროს: ალექსანდრე იაშვილი ნაღდად იმსახურებს ხალხმრავალი აუდიტორის ალალ ტაშს!..

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. ბოლო ტური
22.05. თბილისი. დინამო არენა. 17:00 (LIVE I არხზე)
დინამო (თბ)-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
3: +3 =0 -0, 10-1
პირველი წრე 3:1

22.05. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 17:00
სამტრედია-სიონი
ურთიერთშეხვედრები
23: +6=6 -11, 28-35
დისკვალიფიკაცია: გიორგი ახალაძე (სამტრედია) - გიორგი გიორბელიძე (სიონი)
პირველი წრე 2:0

22.05. ქობულეთი. ჩელე არენა. 17:00
დინამო (ბთ)-მერანი
ურთიერთშეხვედრები
7: +6 =0 -1, 21:5
დისკვალიფიკაცია: კიჭი მელიავა, ნიკა საბანაძე (ორივე - მერანი)
პირველი წრე 4:0

22.05. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 17:00
დილა-ზუგდიდი
ურთიერთშეხვედრები
17: +7 =5 -5, 29-18
დისკვალიფიკაცია: ირაკლი ქობალია (ზუგდიდი)
პირველი წრე 1:1

22.05. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 17:00
ტორპედო-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =1 -0, 4-4
დისკვალიფიკაცია: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო)
პირველი წრე 4:4

22.05. ფოთი. პარკი არენა. 17:00
კოლხეთი-გურია
დისკვალიფიკაცია: ნიკიტა პოლულიახი, გიორგი ლემონჯავა (ორივე - კოლხეთი) - პატერსონი (გურია)
ურთიერთშეხვედრები
26: +16 =1 -9, 51-23
პირველი წრე 1:1

22.05. ივანწმინდა. 17:00
ჩიხურა-საპოვნელა
ურთიერთშეხვედრები
1: +1=0 -0, 2-0
პირველი წრე 2:0

22.05. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 17:00
ცხინვალი-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
10: +3=3 -4, 12-14
დისკვალიფიკაცია: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი)
პირველი წრე 1:0

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 24
ო. მარცვალაძე (დილა) 17
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დგეს ვინ ვის მიცემს 3 ქულას? ვაი ქარტული პეხბურტი რა დგეშია... წინა ტურში გორმა რო მიცა ტამასი იმას რატო არ იდზახიტ........
0
დინამო–არენა ხომ ლეგენდარული ბორის პაიჭაძის სახელობისაა, რატომ აღარ ვუთითებთ ამ ბოლო დროს დასახელებაში, სირცხვილია!
რა
13:27 22-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული