დათრგუნული იყო - ასეთი რამ როგორ მომივიდაო?! ვადაჭკორიამ შეცდომა აღიარა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ეროვნული ჩემპიონატის XXIII ტურში თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედო" შინ 2:1 დაამარცხა. დედაქალაქელებმა დამატებულ წუთებში გიორგი ქვილითაიას პენალტით მოიგეს.

- დინამო (თბ)-ტორპედო 2:1 - ბოლო წამის დრამა [VIDEO]
- იყო თუ არა დასანიშნი პენალტი დინამო-ტორპედოს მატჩის ბოლო წუთზე? [VIDEO]

მაგრამ ქუთაისელებმა მატჩის არბიტრის, გიორგი ვადაჭკორიას გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს და არა მხოლოდ შეხვედრის დროს, არამედ შემდეგაც გააპროტესტეს და ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს ოფიციალური წერილით მიმართეს. ამ ეპიზოდის დამატებითი განხილვისა და საბოლოო დასკვნის შემდეგ ქუთაისელები მატჩის მომსახურე მსაჯების მიმართ
შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვდნენ.

პენალტის დროს გაურკვევლობა იმაზეც წარმოიქმნა, თუ რომელი კონკრეტული მიზეზით დანიშნა ვადაჭკორიამ 11-მეტრიანი - როცა ბაჩანა არაბულის დარტყმას ბაქარ მირცხულავა ტანით (ხელი ნამდვილად არ იყო, რაც ვიდეოგამეორებისას აშკარად ჩანს) გადაეღობა, თუ გიორგი კუხიანიძესთან ორთაბრძოლისას ჯაბა ჯიღაური რომ წაიქცა?

როგორც ირკვევა, ვადაჭკორიამ პენალტი სწორედ ჯიღაურის წაქცევის გამო დანიშნა.

ფედერაციის რეაქციამ არ დააყოვნა - ვადაჭკორია დასაჯეს და უმაღლესი ლიგის XXIV ტურის შეხვედრებზე არც მთავარ და არც მეოთხე მსაჯად არ მიუვლენია. ეს ამბავი ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროსმა ლევან მიქელაძემ დაგვიდასტურა.

"შეცდომისგან დაზღვეული არავინაა და სამწუხაროა, რომ ვადაჭკორიამ ეს შეცდომა სწორედ "დინამოსა" და "ტორპედოს" პრინციპული შეხვედრის დროს დაუშვა.

მომენტი სამსაჯო განყოფილებაში გავარჩიეთ. მესმის, რომ ეს ეპიზოდი რთულად განსასჯელი იყო. ქუთაისელ ფეხბურთელს ხელით არ უთამაშია. ასე რომ, ვადაჭკორიას პენალტი ამიტომ არ დაუნიშნავს. იქვე კი ჯიღაურს კუხიანიძესთან კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს პენალტის დასანიშნად არასაკმარისი მიზეზი იყო.

სამსაჯო განყოფილებაში შევთანხმდით, რომ ამ შეცდომის გამო ვადაჭკორია უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში არ იმსაჯებდა.

მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ის წესიერი პიროვნებაა, ამ შეცდომას თავადაც აღიარებს და ძალიან განიცდის. დათრგუნული იყო - ასეთი რამ როგორ მომივიდაო?! ეჭვიც არ მეპარება, რომ ვადაჭკორიას შეცდომა წინასწარ განზრახული არ იყო, მისგან ამას გამოვრიცხავ", - ამბობს მიქელაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
რატომ არ გამოაქვეყნეთ ჩემი კომენტარი??? იქ ხომ უხამსი ერთი სიტყვაც არ იყო, მაგრამ არ გაწყობთ!!! თქვენ, ჟურნალისტები ვადაჭკორიაზე უარესები ხართ! ნურც ამას გამოაქვეყნებთ, მთავარია თქვენ ხომ წაიკითხეთ!!!თქვენ ღუპავთ ქართულ ფეხბურთს!!!!!!!!
გიორგი
15:14 12-04-2016
0
ასე მოგებული ჩემპიონატი მართლა არავის სჭირდება! და პირველ რიგში ვისაც მართლა უნდა იგივე დინამოს წარმატება ჩვენ არ უნდა გვინდოდეს! ევროპაზეც ვადაჭკორია გვიმსაჯებს?
დინამოს ერთგული ქომაგი
04:23 12-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული