ორივეს ყელში ამოგვივიდა და... რატომ გაუშვა ჩელებაძემ შვილი გორის "დილაში"?

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურაში" დიდი ცვლილებებია. ცნობილია, რომ გუნდის სამი მოთამაშე საქართველოს მოქმედ ჩემპიონ გორის "დილაში" გადაბარგდა. 20 წლის თენგიზ წიქარიძისა და 24 წლის ალან ბაგაევის ეს ნაბიჯი არავის გაჰკვირვებია - მათი ტრანსფერი "დილას" ეკუთვნოდა და კლუბმა ისინი დაიბრუნა...

ყველაზე დიდი მოულოდნელობა "შუქურადან" გიორგი ჩელებაძის წასვლა აღმოჩნდა. 24 წლის შემტევი ნახევარმცველი "შუქურას" კაპიტანი და ლიდერი გახლდათ, კლუბის დირექტორი კი მამამისი - რევაზ ჩელებაძე და თავი ცუდად რატომ უნდა ეგრძნო?

ამ კითხვით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ ქობულეთური კლუბის დირექტორთან.

"გიორგი იჯარით გავუშვით და ალბათ,
ასეც სჯობდა. ძალიან რთულია, როცა მამა-შვილი ერთ გუნდშია. პირველი ლიგიდან "შუქურას" გადმოსვლაში გიორგიმ დიდი როლი ითამაშა და უმაღლესშიც თავი კარგად წარმოაჩინა.

მიუხედავად ამისა, მაინც ისმოდა მითქმა-მოთქმა და ჭორაობა, თითქოს, გიორგი ჩემი შვილობის გამო თამაშობდა. ეტყობა, გოლებიც მე გამქონდა...

ეს ყველაფერი ორივეს ყელში ამოგვივიდა და ამიტომაც წავიდა გორში. "დილას" მწვრთნელი გიორგის ამ ნაბიჯით კმაყოფილია და მისი ძალიან ეიმედება. მეც მინდა, რომ გზა თავისით გაიკვალოს და სალაპარაკო არავის მივცეთ: დაამტკიცოს, რომ მამამისი კი არ "ქაჩავს", თავად არის სასარგებლო მოთამაშე.

"დილაში" ეს ძნელი იქნება, ჩემპიონი გუნდია და ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გიორგი ამას მოახერხებს", - ამბობს რევაზ ჩელებაძე.

ქობულეთელთა დირექტორმა სხვა სატრანსფერო სიახლეც გაგვიმხილა:

"ბაგაევისა და წიქარიძის "დილაში" დაბრუნების ამბავი უკვე გეცოდინებათ. მათ გარდა, გუნდი კიდევ ბევრმა მოთამაშემ დატოვა: მეკარე კაკალაძე საჩხერის "ჩიხურაში" გადავიდა, ბაჯელიძე - პირველი ლიგის ოზურგეთის "მერცხალში", შარიქაძემ თერჯოლის "საპოვნელაში" თამაში ამჯობინა, ცხოვრებოვს კონტრაქტი გავუწყვიტეთ და ისევე, როგორც ურიდია, რუსეთში დაბრუნდა. ასევე ყოფილ კლუბში ითამაშებენ ინგოროყვა და ჭეიშვილი - ისინი ლანჩხუთის "გურიამ" მიიწვია.

მალე გადაწყდება, უცხოეთში ითამაშებს თუ არა ირაკლი კომახიძე. ლევან გეგეჭკორსაც საინტერესო წინადადება აქვს".

რაც შეეხება "შუქურას" ნამატს, ამ მხრივ უფრო მოკრძალებული სურათია:

"ლიტვაში ნათამაშები ნიკა აფაქიძე ავიყვანეთ. ნიკა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველია. ლიტვაში ყოფნისას სერიოზული ტრავმა მიიღო, მაგრამ ახლა ჯანმრთელადაა და მისი ძალიან გვეიმედება.

23 წლისაა ავთო ბრაჭული, რომელიც "შუქურაში" შარშან ჩაირიცხა, მანამდე კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და ყაზანის "რუბინის" დუბლებში გამოდიოდა. გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ყურბან ბერდიევს, ავთოსი საბა კვირკველიაზე არანაკლებ ეიმედებოდა, მაგრამ ტრავმებმა ხელი შეუშალა და მოედანს მხოლოდ ახლა დაუბრუნდა. იმედია, ფორმას მალე აღიდგენს. მჯერა, ასეთ შემთხვევაში ბრაჭული დიდ სამსახურს გაგვიწევს და ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იქნება.

"ზუგდიდიდან" დაგვიბრუნდა ცენტრალური მცველი ზურაბ მალანია, რომელიც წინა სეზონში ჩვენთან თამაშობდა. ლანჩხუთის "გურიიდან" დავიმატეთ ნახევარმცველი თორნიკე მოსიაშვილი, რომელმაც ბოლო ორ სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა".

ჩელებაძე იმედოვნებს, რომ კლუბს ამ წელსაც კარგად დააფინანსებენ:

"ჩვენ ქობულეთის გამგეობა და საკრებულოც გვეხმარებიან და აჭარის ხელისუფლებაც. დარწმუნებული ვარ, 2016 წელს ფინანსურად არ გაგვიჭირდება. სანამ აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძეა, მანამდე ჩვენთან ფეხბურთს გასაჭირი არ ექნება".

ცნობილია, რომ "შუქურას" ბრაზილიელი ლეგიონერები უჩიოდნენ. პაულო ვიქტორი, ლუის დორნელესი და ფელიპე ბესერა ქობულეთელებმა "კურიტიბასგან" წინა ჩემპიონატის მეორე წრეში იჯარით დაიმატეს, მაგრამ მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელები საქართველოში აღარ ჩამოვიდნენ.

გაირკვა, რომ "შუქურას" ამ ფეხბურთელების მიმართ დავალიანება დაუგროვდა - 23 ათასი დოლარი, რომლის გასტუმრებასაც "კურიტიბა" ითხოვდა. ჩელებაძე ამბობს:

"ეს თანხა უკვე გვაქვს, ბრაზილიელებს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ მალე ფული მათ ანგარიშზე დაჯდება. ასე რომ, პრობლემა მოგვარებულია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული