მალხაზ ჟვანია: ცხინვალის "ლიახვის" მთავარი მიზანი უმაღლესი ლიგაა

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიამ" სეზონისთვის მზადება რომ დაიწყო, კახა გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით გუნდში მარტვილის "მერანის" ოთხი ფეხბურთელი ვარჯიშობდა: მცველები - კიჭი მელიავა, ნოდარ კიკნაველიძე და სერგი ორბელაძე, აგრეთვე, თავდამსხმელი დათა ციცხვაია.

მაგრამ შევიტყვეთ, რომ სანამ მათ ლანჩხუთელები კონტრაქტს შესთავაზებდნენ, მელიავამ და კიკნაველიძემ გუნდი დატოვეს და კარიერის გაგრძელება პირველი ლიგის ბინადარ ცხინვალის "ლიახვში" გადაწყვიტეს.

სწორედ ამ ამბის გარკვევამ მიგვიყვანა იმ საინტერესო სიახლემდე, რაზეც ქვემოთ მოგითხრობთ.

მეორე ლიგიდან პირველში წლეულს დაწინაურებული "ლიახვის" მთავარ მწვრთნელად მალხაზ ჟვანია დაინიშნა. თბილისის "დინამოსა" და მარტვილის "მერანის" ყოფილი დამრიგებელი ზემოთ
ხსენებულ ფეხბურთელებს მარტვილიდან კარგად იცნობს და ენდობა.

ჟვანიამ ახალი ფეხბურთელების დამატება დაგვიდასტურა და სხვა ამბებიც გაგვიმხილა:

- მელიავა და კიკნაველიძე ნამდვილად დავიმატეთ, მაგრამ ჩვენი სატრანსფერო ამბები ამით არ ამოიწურება.

- ცნობილი მოთამაშეებიდან თქვენთან კიდევ ვინმე ითამაშებს?
- დიახ, საკმაოდ კარგი და გამოცდილი მოთამაშეები დავიმატეთ. სხვათა შორის, ორ მათგანს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. მაგალითად, ჩვენ დაგვეხმარება ოთარ ხიზანეიშვილი, რომელსაც ნაკრებში არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია და "ფრაიბურგისა" და თბილისის "დინამოს" მოთამაშე იყო.

მიმაჩნია, რომ კარშიც ძალიან ძლიერი მეკარე გვეყოლება - მაქსიმე ქვილითაია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა, შარშან საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგაზე ღირსეულად რომ გამოვიდა.

მათ გარდა, მარტვილის "მერანიდან" ვაჟა ლომაშვილიც მოვიწვიე, რომელსაც საჩხერის "ჩიხურასა" და "ზესტაფონში" უთამაშია. ჩვენთან ითამაშებს გამოცდილი ცენტრალური მცველი ლექსო ინწკირველიც.

- ასეთი შემადგენლობით უმაღლეს ლიგაშიც თავისუფლად ითამაშებდით. კიდევ უფრო დაწინაურებას უმიზნებთ?
- რა თქმა უნდა, ეს გუნდის მთავარი ამოცანაა.

- მერედა, ამას სერიოზული ფინანსები დასჭირდება...
- სხვათა შორის, საკმაოდ ნორმალურად გვაფინანსებენ, რადგან კლუბს სახელმწიფოსა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან სერიოზული მხარდაჭერა აქვს.

- გუნდის დაწინაურების იდეა საიდან გაჩნდა?
- იქიდან, რომ კარგი გუნდის ჩამოყალიბება უნდოდათ, რომელიც უმაღლესში გადასასვლელად იბრძოლებდა. საქმე ისაა, რომ ეს არის ძველი "ლიახვის" სამართალმემკვიდრე გუნდი, რომელიც პირველი ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეა და აპირებენ, რაც შეიძლება მოაღონიერონ. ეს საინტერესო და მისაღები ეროვნული იდეაა და მუშაობას სიამოვნებით დავთანხმდი.

დაახლოებით მსგავსი ვარიანტია კვიპროსული "ანორთოსისი" და აზერბაიჯანული "ყარაბაღი" - რაღა შორს წავიდეთ, ჩვენი "ცხინვალი", "გაგრა", სოხუმის "დინამო" და "ცხუმი", ოჩამჩირის "ამირანი" სწორედ ამ მიზნით აღდგენილი გუნდებია.

- უმაღლესი ლიგის გუნდებიდან არავინ გიწვევდათ?
- ძალიან ცოტა დაინტერესდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ თავი გამოიდო. რეალურად, უმაღლესი ლიგიდან კონკრეტული შემოთავაზება არც ყოფილა.

"ლიახვი" კი საინტერესო იმიტომ არის, რომ ეს არის გუნდი, რომელსაც მიზანიც აქვს - ეს კი მწვრთნელისთვის ბევრს ნიშნავს.

- "მერანსა" და "დინამოში" ურიგოდ ნამდვილად არ გიმუშავიათ და გულდაწყვეტილი არ ხართ, რომ მხოლოდ პირველ ლიგაში დასაქმდით?
- ადამიანს ყოველთვის წინსვლა და მეტის მიღწევა უნდა. შრომის დაფასებაზეც უარს არავინ ამბობს, მაგრამ ყველაფერი ხდება და ამისთვის წინასწარ მზად უნდა იყო.

მე მაინც კმაყოფილი ვარ "მერანსა" და "დინამოში" გაწეული სამუშაოთი და ვიცი, რომ ადგილი არსად მომიცდენია. მარტვილში ბევრი ნიჭიერი ბავშვი დავაწინაურე, "დინამო" კი ჩემპიონისა და თასის მფლობელის ტიტულით დავტოვე. ეს დიდი პრაქტიკა შემდგომ საქმიანობაში ძალიან გამომადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საგოლ ბიჩები აბა გოგიჩასტან რა გააჩერებდათ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული