გელა სანაია: "შუქურა" იზრდება, ამ შემადგენლობით კი დიდი პოტენციალი აქვს

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურას" დარჩენილ სამ ტურში მძიმე მეტოქეებთან მოუწევს დაპირისპირება: შინ ევროთასებისთვის მებრძოლ "ცხინვალსა" და ბათუმის "დინამოს" მიიღებს, "ტორპედოს" კი ქუთაისში ესტუმრება.

მართალია, კლუბის ხელმძღვანელებს ევროპალიგის საგზურის მოპოვება სურდათ და ეს ამოცანა ვერ გადაიჭრა, მაგრამ უმაღლესი ლიგის დებიუტანტის კვალობაზე, ქობულეთელებმა მშვენიერ შედეგს მიაღწიეს - ამჟამად, გუნდი ფრიად საპატიო, მე-6 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე აღარ ემუქრება.

"უმაღლესში შარშან გადმოსული გუნდის პირველი ამოცანა ელიტაში ადგილის შენარჩუნება იყო. ეს საკითხი დროულად და უპრობლემოდ მოვაგვარეთ და მიმაჩნია, რომ სეზონის პროგრამა-მაქსიმუმი შესრულებულია.

რა თქმა უნდა, იყო
თეორიული შანსი, რომ უფრო მაღალი ადგილებისთვისაც გვებრძოლა, მაგრამ ეს ვერ შევძელით და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. გამოცდილება ბევრს ნიშნავს, მათ შორის - საკლუბო გამოცდილება.

მაგრამ ის ფაქტი მაიმედებს, რომ ქობულეთში ფეხბურთისადმი დიდი სიყვარული და ინტერესია და "შუქურაც" იზრდება, დღევანდელი შემადგენლობით კი გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია", - ამბობს "შუქურას" მთავარი მწვრთნელი გელა სანაია.

ქობულეთელთა თავკაცი ჯერ სამომავლო გეგმებზე არ ჩამოყალიბებულა:

"ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად დავსხდებით და დავილაპარაკებთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, შემადგენლობაზე და ასე შემდეგ. ჯერ ისიც არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული