ტრაგედია ბათუმში - 27 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

AutoSharing Option
...ეს ტრაგედია შაბათს მოხდა. ქედის "ბეთლემი" ბათუმში ვარჯიშობდა. მწვრთნელებს ფეხბურთელები განსაკუთრებულად არ დაუტვირთავთ, რიგითი ვარჯიში იყო. უცებ შენიშნეს, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ ფარტენაძე შეუძლოდ გახდა და ჩაიკეცა. 27 წლის ახალგაზრდას გული გაუჩერდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

ქედის "ბეთლემის" ნახევარმცველი წლების განმავლობაში ბათუმის "დინამოსა" (2004-08) და "ადელის" (2011-14) ღირსებას იცავდა. 2009 წელს ფარტენაძე მინსკის "მტზ-რიპოში" ვარჯიშობდა. როგორც გვითხრეს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ პირველად სწორედ ამ ბელორუსულ კლუბში ყოფნისას გააფრთხილეს, რომ მისი გულის მდგომარეობით თამაში არ შეიძლებოდა...

მაგრამ ფეხბურთი ისე უყვარდა, ვერ შეელია.
შარშან ფარტენაძე ქედის "ბეთლემის" მთავარი მწვრთნელიც იყო, მაგრამ ქედელი კაცია, მშობლიურ გუნდს დახმარება რომ დასჭირდა, ისევ მოედანს დაუბრუნდა...

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფეხბურთელი თამაშის ან ვარჯიშის დროს გარდაიცვალა.

ბოლო წლების ტრაგედიებიდან გვახსენდება 2003 წელი, როცა კამერუნელი ნახევარმცველი მარკ ვივიან ფოე ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს მოედანზე წაიქცა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 2004 წლის 25 იანვარს, "ბენფიკა"-"გიმარაეშის" მატჩისას, მასპინძელთა უნგრელი ფეხბურთელი მიკლოშ ფეჰერი გულის შეტევით გარდაიცვალა.

2007 წელს, "სევილიის" მაისურით თამაშის დროს დაიღუპა ესპანელი ანტონიო პუერტა, რომელმაც ერთი შეხვედრა ესპანეთის ნაკრებშიც ჩაატარა. 2012 წელს, იტალიის სერია B-ს 35-ე ტურში, "ლივორნოსა" და "პესკარას" მატჩის 30-ე წუთზე, მოედანზე გონებადაკარგული დაეცა 25 წლის ნახევარმცველი პიერმარიო მოროზინი - მასაც გულმა უმტყუნა.

ანალოგიური ტრაგედიებით განსაკუთრებით კიევის "არსენალია" "გამორჩეული": 2004 წლის 29 თებერვალს, გულის პრობლემების გამო, "არსენალის" სარეზერვო გუნდის ამხანაგური მატჩისას, ანდრეი პავიცკი დაიღუპა; 2011 წელს, უკრაინულ კლუბში სინჯებზე მყოფ 19 წლის ნახევარმცველს, ოლეგ გრიჩაკს, სარეზერვო გუნდთან საკონტროლო მატჩის დროს გული გაუჩერდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს;

2014 წლის იანვარში კი, უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა პაველ ტკაჩენკომ ორმხრივი ვარჯიშისას გონება დაკარგა და ადგილზევე გარდაიცვალა...

არჩილ ფარტენაძისა და სხვათა შემთხვევები კიდევ ერთხელ ამყარებს აზრს, რომ დღეს ფეხბურთში სამედიცინო მომსახურებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ფეხბურთის თამაში კარგია, მაგრამ სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
achi iyo iseti pirovneba didtan didi patarastan patara sheudarebeli bichi da sauketeso megobari...siamaye xar saqartvelos achi !!! is yoveltvis cocxali iqneba !!!
Salo
22:37 08-04-2015
0
ვწუხვარ და ვუთანაგრძნობ აჩიკოს გარდაცვალებას მის ოჯახს, ის არა მარტო მისმა ოჯახმა დაკარგა არამედ მთლიანად ქედამ, საქართველომ და ქართულმა ფეხბურთმა, გმერთმა გაანათლოს მისი სული.
ფრიდონ ბოლქვაძე
19:39 07-04-2015
0

სიახლეები პოპულარული