კოლხეთი-დინამო (თბ) 0:0 - აქ ლიდერებს აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ მეორე ტურია, ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძეზე" ჩემპიონობის ფავორიტ გუნდებს აჩერებენ - ოთხი დღის წინ "დილამ" ვერაფერი მოუხერხა არენის ნამდვილ მასპინძელ გურულებს. ამჯერად კი "დინამომაც" ვერაფერი დააკლო ნომინალური მასპინძლის რანგში დახვედრილ "კოლხეთს", რომლისთვისაც ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ შეხვედრას.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ თამაში ამინდზე არანაკლებ "ცივი" გამოდგა და მაყურებელიც ვერ დარჩებოდა კმაყოფილი. პირველი ნახევარი ფოთელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მატჩი თბილისელთა შეტევით დაიწყო: მე-2 წუთზე გიორგი ჯანელიძემ მარჯვნიდან ჩააწოდა და გიორგი ჩირგაძემ თავით ააცილა.

რამდენიმე წუთში უკვე საპირისპირო კარის ხარიხას გადაევლო
ომარ გოგონაიას
თავური, როცა კოლხთა კაპიტანი მერაბ გიგაურის კუთხურს აბოლოებდა. მერე გიორგი ლემონჯავა ცდილობდა გატანას, მაგრამ საჯარიმოს კუთხესთან მყოფმა შორეულ ძელს ცოტათი ააცილა.

უკეთესი შანსი ნომინალურ მასპინძლებს 21-ე წუთზე მიეცათ, როცა მარცხნიდან გოგონაიას დაბალ ჩაწოდებულს საპენალტო ნიშნულთან შოთა ჯიქიამ ფეხი ააცილა.

აი, 30-ეზე კი "დინამოს" ვერაფერი გადაარჩენდა, როცა გურამ გურეშიძემ შეუჩერებლივ დაარტყა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობიდან გამოვარდნილი ბურთი, რომელმაც ლიბორ ჰრდლიჩკას კარის მარჯვენა ძელს ჩაუქროლა.

ამის მერე "დინამომ" თამაშის გათანაბრება მოახერხა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ფოთელებს მეტი ხიფათი აღარ შეუქმნიათ, თუმცა არც დედაქალაქელები დამუქრებიან სერიოზულად "კოლხეთის" კარს.

ისევ ფოთელთა მცირეოდენი უპირატესობით დაიწყო მეორე ტაიმი, თუმცა ამჯერად ზაზა ინაშვილის გუნდს ხიფათის შექმნა გაუჭირდა. სამაგიეროდ, ბოლო ნახევარ საათში გატანა რამდენჯერმე შეეძლო "დინამოს", რომელმაც მასპინძლებს სათამაშო უპირატესობაც "ჩამოართვა".

მე-60 წუთისთვის კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა ორი ხიფათი შექმნა - ჯერ ლაშა თოთაძეს შორეული დარტყმა აუღო კონსტანტინე სეფიაშვილმა, ხოლო საბა ლობჟანიძემ ბადეს გარედან მოარტყა.

ბოლო წუთებზე "დინამოს" მაინც შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ მცდელობები კოლხთა მეკარემ ჩაუშალა - სეფიაშვილმა ჯერ "ცხრიანიდან" გიორგი გველესიანის დარტყმა "გამოაძრო", ხოლო შემდეგ ლაშა შერგელაშვილსაც არ გაატანინა.

საბოლოოდ, ლოგიკური ფრე დაფიქსირდა შეხვედრაში, სადაც ისეთი ხიფათი თითქმის ერთხელაც არ შექმნილა, 100-პროცენტიანს რომ ვეძახით.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
22.03. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 300 მაყურებელი
კოლხეთი-დინამო (თბ) 0:0

კოლხეთი (4-2-3-1): სეფიაშვილი - კილასონია, თევაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, - გოგონაია, მ. გიგაური (85. ბარამიძე) - ნ. სიჭინავა (82. ქორჩილავა), გურეშიძე, თ. კაკულია - შ. ჯიქია (81. ლ. შენგელია).
სათადარიგოები: ძაგანია, სარსანია, ჩადუნელი, გუგუშვილი
მწვრთნელი: ზ. ინაშვილი
დინამო (4-1-4-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, ფერეირა, თოთაძე - მ. ცინცაძე - ჯანელიძე, კიტეიშვილი (82. შერგელაშვილი), პარუნაშვილი (67. ჯ. ჯიღაური), ს. ლობჟანიძე (59. ჭანტურიშვილი) - ჩირგაძე.
სათადარიგოები: კულუა, ბუკორაცი, ტაბატაძე, პაპუნაშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

მომდევნო (XXII) ტური
3 აპრილი, პარასკევი
გურია-ვიტ ჯორჯია
ზუგდიდი-ცხინვალი
სამტრედია-შუქურა
ზესტაფონი-მეტალურგი
ჩიხურა-მერანი
სიონი-კოლხეთი
დინამო (ბთ)-ტორპედო
დინამო (თბ)-დილა

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 8
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული