გელა სანაია: "შუქურაში" ჩემი მისია რთულიცაა და სარისკოც, მაგრამ არ მეშინია

AutoSharing Option
"შუქურამ" საშემოდგომო ეტაპი კონსტანტინ ფროლოვის ხელმძღვანელობით დაასრულა და თურქულ შეკრებაზეც გუნდი უკრაინელი სპეციალისტის გეგმებით ემზადებოდა, მაგრამ... "შუქურა" ანთალიაშიც უმწვრთნელოდ დარჩა, ფლოროვს კი სახლში დაბრუნება მოუხდა.

შეგახსენებთ - მიმდინარე სეზონში "შუქურამ" უკვე მესამე მწვრთნელი მოინელა.

ქობულეთიდან აბარგების მიზეზებზე ფროლოვმა პოპულარულ უკრაინულ ვებგვერდთან (futbol.ua) ინტერვიუში ისაუბრა:

"გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიმიღია. მე, როგორც სისტემურ მწვრთნელს, მსურდა კლუბის საფეხბურთო სტრუქტურის ჩამოყალიბება, დაწყებული ბავშვთა სკოლით და დასრულებული - პირველი გუნდით. მინდოდა, გუნდის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მომზადება ერთიანი სისტემით, რათა ჩემპიონატში მაღალი კონკურენციის პირობებში, სერიოზულ დონეზე
ასულიყვნენ.

ამ ჩანაფიქრის განხორციელების გზაზე, უამრავ დაბრკოლებას წავაწყდი. ანთალიურ შეკრებაზე კი საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ კლუბიხ ხელმძღვანელობა მხარს არ მიჭერდა და არც განვითარებით იყო დაინტერესებული.

"შუქურას" დატოვება კლუბის პრეზიდენტ რევაზ ჩელებაძესთან სერიოზული საუბრის შემდეგ გადავწყვიტე".

ფროლოვის შემცვლელად რევაზ ჩელებაძემ "სამტრედიის" ყოფილი დამრიგებელი გელა სანაია მიიწვია. სხვათა შორის, ჯერ კიდევ "სამტრედიიდან" წასვლის შემდეგ ამბობდნენ, რომ ახალგაზრდა სპეციალისტს ქობულეთში იწვევდნენ. მაგრამ მაშინ ეს ხმები არ გამართლდა და ფროლოვი დაინიშნა.

"შუქურამ" თურქეთში მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა, უკვე ქობულეთშია და "ჩელე არენაზე" შეკრების დასკვნით, მესამე ეტაპს გადის. ჩემპიონატის მეორე წრის (იწყება 21 თებერვალს) სასტარტო მატჩში ქობულეთელები გასვლაზე "ზუგდიდს" ეთამაშებიან.

სანაიას "ლელო" დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- "შუქურადან" უკვე სამი მწვრთნელი გაუშვეს და ჩვენი პირველი კითხვაც აქედან გამომდინარე იბადება: კლუბთან კონტრაქტი რა ვადით გააფორმეთ?
- კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია. მაგრამ, რა ხნითაც არ უნდა იყოს, მწვრთნელის მუშაობა არა ხელშეკრულებით, არამედ, მუშაობით რეგულირდება. თუ კარგად იმუშავებ, არავინ მოგხსნის. და თუ ვერ ივარგებ, თავად უნდა მიხვდე და წახვიდე. ეს ლოგიკურიც არის და ამას შეჩვეული ვარ.

"სამტრედიაში" რაღაც არ გამოვიდა და ამიტომაც წამოვედი.

- საინტერესოა, ფროლოვი გუნდიდან როდის გაუშვეს?
- თურქული შეკრების დროს.

- აბა, გუნდს ანთალიაში ვინ ამზადებდა?
- ფროლოვი დასაწყისშივე იქ იყო და მხოლოდ ბოლოს დაითხოვეს. ცხადია, იქ იყვნენ მისი თანაშემწეები, მე კი შეკრების დასრულებამდე ოთხი დღით ადრე ჩავედი, რომ შემეხედა, გუნდი რა მდგომარეობაში იყო, ფეხბურთელები რა კონდიციებში იყვნენ და ასე შემდეგ.

- თქვენი ხელმძღვანელობით "შუქურამ" საკონტროლო მატჩი ხომ ჩაატარა?
- არც ერთი, მაგრამ "ზენიტის" დუბლებთან მატჩისას ფროლოვი უკვე გაშვებული იყო.

- საერთოდ, სხვის მომზადებულ გუნდში მისვლა, თან მაშინ, როცა სეზონის განახლება კარსაა მომდგარი, ძალიან რთულიც არის და სარისკოც...
- გეთანხმებით, მაგრამ, რადგან გუნდი ჩავიბარე, ამ სირთულესაც გამოწვევად ვიღებ. მწვრთნელის საქმე ასეთია - სირთულეების დასაძლევად მზად უნდა იყოს, საკუთარი თავისა და გუნდის უნდა სჯეროდეს. მე საამისოდ მზად ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როცა შუქურაში თუხარელი გყავს ნუ გეშინია გელა
maradona
23:09 14-02-2015
0

სიახლეები პოპულარული