ვიტ ჯორჯია-დილა 2:2 - გორს ზამთრის ჩემპიონობა არ დაანებეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორის "დილას" რომ მოეგო, "ზამთრის ჩემპიონობასაც" შესწვდებოდა, თუმცა "ვიტ ჯორჯიამ" გაუსაძლის სიცივეში ბოლომდე იომა და უჩა სოსიაშვილის მეტად სიმპათიურ გუნდს ცხრილში პირველობა არ დაანება.

არადა, "დილას" გულშემატკივარი განსაკუთრებულად შეეგება ამ შეხვედრას. გორიდან საყვარელი გუნდის საქომაგოდ სამი ავტობუსით ჩამოვიდა ერთგული გულშემატკივარი და მთელი შეხვედრის განმავლობაში სტადიონზე მათი შეძახილები ისმოდა.

ცუდი ის იყო, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში მათსა და ადგილობრივ გულშემატკივრებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა გაუგებრობა სწრაფადვე ჩაცხრა. თამაში კი, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, მართლაც კარგი სანახავი გამოვიდა, მეტადრე - მეორე ტაიმი.

მატჩის
პირველივე სახიფათო მომენტი გოლით დაგვირგვინდა. 21-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ სივრცე მონახა მასპინძელთა დაცვაში და მახვილი კუთხიდან ისე შეაგდო, ჯონი შეროზიას თავისიანების ხსნის იოტისოდენა შანსიც კი არ ჰქონია.

31-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. მინდორზე ერთ-ერთმა საუკეთესომ, ლუკა თათხაშვილმა, შეტევაში ჩართვა საგოლე გადაცემით აღნიშნა და შოთა დავლაშელიძემ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

33-ე წუთზე ლევან საბაძეს ჰქონდა "ვიტ ჯორჯიას" დაწინაურების შესანიშნავი შანსი, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა გიორგი სომხიშვილის კარს. ათ წუთში გიორგი სეთურიძემ გაუკეთა შესანიშნავი გადაცემა მოდებაძეს, თუმცა გამოცდილმა თავდამსხმელმა ვერ გაიტანა.

გაუსაძლისმა სიცივემ ფეხბურთელები აიძულა, მეორე ტაიმში გაცილებით მეტი ემოძრავათ და ამან მატჩის სანახაობრივ მხარეს მხოლოდ არგო. ვიხილეთ უამრავი საგოლე მომენტი და ორი გოლი.

51-ე წუთზე მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო, გიორგი ერისთავი, ვალდებული იყო, "დილა" დაეწინაურებინა, თუმცა ტექნიკურმა და ვერცხლისწყალივით სწრაფმა ნახევარმცველმა პირდაპირ ხელებში მისცა ბურთი ვიტელთა კარის დარაჯ შეროზიას.

ხუთ წუთში "დილა" მაინც გაიჭრა წინ - ერისთავის მიერ შესანიშნავად შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ შეროზიამ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და შეტევაში ჩართულმა მცველმა გურამ ადამაძემ ახლოდან საგოლედ დაამატა - 1:2. ერისთავმა "სტანდარტული" კარგად კი შეასრულა, მაგრამ იმ ეპიზოდში მასპინძელთა მეკარეს აშკარად უკეთ მართებდა თამაში.

68-ე წუთზე "ვიტ ჯორჯიამ" კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში. თათხაშვილის მორიგი ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ყველას ტანმორჩილმა საბაძემ დაასწრო და ახლო მანძილიდან მძლავრი თავურით გაუტანა გიორგი სომხიშვილს.

იქვე, "დილას" დაწინაურება ირაკლი მოდებაძეს მართებდა, თუმცა მის თავურს ოდნავ დააკლდა სიზუსტე. სამ წუთში "ვეტერინარები" პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ვიტელ შემტევთან მეკარე სომხიშვილი გაამართლა.

76-ე წუთზე ზურაბ ბერიძის გუნდს უნდა გაეტანა. შეცვლაზე აქტიურად შესულმა ელგუჯა ლობჯანიძემ სომხიშვილს ლამაზად გადაუგდო ბურთი თავზე, მაგრამ "დილა" ძელმა იხსნა. გადმოვარდნილ ბურთს მათე კვირკვიამ დაჰკრა, თუმცა ამჯერად სომხიშვილმა ითამაშა შესანიშნავად.

ველოდით, რომ ქომაგთაგან გამხნევებული "დილა" მასპინძელს საბოლოო შტურმს მოუწყობდა და ზამთრის ჩემპიონობისკენ ჟინიანად გაიწევდა, თუმცა... არაფერი ამის მსგავსი - ბოლო წუთებიც, ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, თანაბარი გამოდგა.

ცალკე უნდა ვთქვათ ის, რომ მეორე ტაიმში მინდორზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა არბიტრმა დროული ქმედებებით მალე დააწყნარა ფეხბურთელები.

Sportall.Ge

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
07.12. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 500 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-დილა 2:2
გოლები: 0:1 მოდებაძე (22), 1:1 დავლაშელიძე (31), 1:2 ადამაძე (56), 2:2 საბაძე (68)
ვიტ ჯორჯია (4-5-1): შეროზია - თათხაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, მაისურაძე - კვირკვია, დავლაშელიძე, გახარია, კურდღელაშვილი, საბაძე (83. კახაბრიშვილი) - კუხალეიშვილი (72. ლობჯანიძე).
სათადარიგოები: ისერგიშვილი, დანელია, ჩიტიშვილი, ღიბრაძე, ხვისტანი
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
დილა (4-5-1): სომხიშვილი - ქარქუზაშვილი, ადამაძე, კვახაძე, ჯაფარიძე - სეთურიძე, ფალავანდიშვილი, ჭეჭელაშვილი (75. კვეკვესკირი), წიქარიძე, ერისთავი (80. არაბული) - მოდებაძე.
სათადარიგოები: შეყილაძე, ბაჩიაშვილი, ბერიძე, სადაღაშვილი, ბუზალაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: ფალავანდიშვილი (47), სეთურიძე (74), თათხაშვილი (82)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი) 6

საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-ჩიხურა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანამდე უნდა დაეცეს ვიტა.პატრონი არ უნდა გამოჩნდეს ამ ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდის.პირობები არა,ხელფასები არა,სანამდეეეე???
გოგა
20:17 08-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული