გია კვარაცხელია: ქართულ ფეხბურთში ასეთი აუტანელი ვითარება არასოდეს ყოფილა

AutoSharing Option
ახლა, როცა ქართული ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზე დაიწყება მუშაობა, ვფიქრობთ, საინტერესო და აუცილებელიც იქნება ფეხბურთელების აზრის გათვალისწინება - რა უჭირთ, რა ულხინთ, რა აბრკოლებთ და უშლით ხელს?

არსებულ მდგომარეობაზე მოსაზრებას ხშირად ვეკითხებით საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებს, მაგრამ იშვიათად გვესმის მოთამაშეთა მოსაზრება. არადა, ქართული ფეხბურთის აბრაკადაბრა უშუალოდ მათ ეხებათ.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება გია კვარაცხელიას ინტერვიუ. 34 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც ყველა ასაკობრივ, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში (7 მატჩი) თამაშის გამოცდილება აქვს, კარიერაში მე-17 კონტრაქტი გააფორმა.

სულ კვარაცხელიას 4 ქვეყნის 12 გუნდში
უთამაშია - ფოთის "კოლხეთში", თბილისის "დინამოში", "თბილისში", "ლოკომოტივში", ქუთაისის "ტორპედოში", რუსთავის "ოლიმპში" (შემდეგ - "მეტალურგში"), ცხინვალის "სპარტაკში", რიგის "სკონტოში", "კაუნასში", მინსკის "მტზ-რიპოში", ბრესტის "დინამოში", ახლახან კი საჩხერის "ჩიხურაში" ჩაირიცხა...

- სახელმწიფო კომისიის წევრები თქვენი აზრით რომ დაინტერესდნენ, რა პრობლემების მოგვარებას ურჩევდით?
- პრობლემა უამრავია, მაგრამ წუწუნი რომ დავიწყო, უხერხული იქნება, რადგან ბევრ ფეხბურთელს იმაზე მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე საქართველოს რიგით მოქალაქეებს. გაუმართლებელი მგონია ისიც, რომ სახელმწიფოს უცებ მოვთხოვოთ მდგომარეობის გამოსწორება. პრობლემები წლების განმავლობაში გროვდებოდა და ერთ დღეში ვერ გადაწყდება, ამასაც დრო სჭირდება.

მაგრამ ადრე თუ გვიან ჩვენს ფეხბურთს ხომ უნდა ეშველოს?! უდიდეს პრობლემებს მოხსნის ელემენტარული სირთულეების მოგვარება და დარწმუნებული ვარ, შედეგსაც მოგვიტანს.

- "ელემენტარულში" რას გულისხმობთ?

- მოედნების, სტადიონებისა და ბაზების მოწესრიგებას. ყველა გუნდს საკუთარი ბაზა რომ ჰქონდეს, ფეხბურთელები ნორმალურად მოემზადებიან, გაიზრდებიან, სხვა ქალაქებში და სხვის სტადიონზე სიარული არ მოგვიწევს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მოსაწესრიგებელია გასახდელები და საშხაპეები. მოთამაშეებს მინიმალური პირობები მაინც უნდა შეუქმნან, თამაშის დროს ისინი არ უნდა ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ გამოკვებონ ოჯახი.

და კიდევ - აუცილებელია, ბავშვთა ფეხბურთს მიეხედოს, გაჭირვებულ ოჯახებს ფეხბურთისკენ გახედვის რომ არ ეშინოდეთ. ამას თუ მიხედავენ, მერე არ იტყვიან, ფეხბურთელები აღარ იზრდებიანო.

ელემენტარული პირობები თუ არ იქნა, ვერც გაიზრდებიან. სწორედ ამის შედეგია, რა დღეშიც აღმოვჩნდით, თორემ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და უზბეკეთმა როგორ უნდა გაგვასწრონ? ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, საშუალო დონის ჩემპიონატებს ვგულისხმობ და არა ტოპ-ლიგებს, თუნდაც იმავე აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ბევრი მოთამაშე ჩვენი ერთი კლუბის ბიუჯეტზე მეტ შემოსავალს იღებს. აბა, როგორ უნდა გავაჩეროთ ფეხბურთელები, რომელთა კონტინგენტიც ჩემპიონატის საერთო დონეს განაპირობებს?

- თუმცა საქართველოშიც ბევრი იღებს რამდენიმე ათას ლარს. ასეთი შემოსავალი ხომ რიგითი მოქალაქისთვის საოცნებოა?
- მეც ამით დავიწყე: კარგად მესმის, რომ დუხჭირ ქვეყანაში ასეთი ხელფასი ბევრის ოცნებაა და, ერთი შეხედვით, ვის ეფეხბურთება? მაგრამ მეორე მხარეა - ფეხბურთის მდგომარეობა სხვა ქვეყნებში არსებულ გარემოს უნდა შევადაროთ. საშუალოევროპული დონის ლიგებში მინიმალური ხელფასები 6-7 ათასია, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მომყავს ისევ მაგალითად; ასევე - პოლონეთში.

ფეხბურთი ცალკე სამყაროა, თავისი წესებით და რასაც მოითხოვს, ის უნდა მისცე, თორემ წაიყვანენ მოთამაშეებს და მერე ვიძახოთ, რომ რიგით მოქალაქესთან შედარებით, ქართველი ფეხბურთელები მეტს იღებენო. ფეხბურთი ყველას უყვარს, ის კი ძვირად ღირებული სიამოვნებაა და შესაბამისი პირობებია საჭირო.

- დღეს ქართული ფეხბურთი რა დონეზეა?
- გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ ასეთი აუტანელი ვითარება და დაბალი დონე არასოდეს ყოფილა. მახსოვს, ბავშვობაში ხობში მაგარი საცურაო აუზი იყო და მითხრეს, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სალნიკოვი სავარჯიშოდ აქ ჩამოდიოდაო. გუნდებს ელემენტარული პირობები ჰქონდათ, ნორმალურ მოედნებზე ვარჯიშობდნენ და მოწესრიგებულ სტადიონებზე თამაშობდნენ. სათამაშო ფორმები და ტურის მატჩებზე წასვლა მაინც არ უჭირდათ.

თამაშს რომ ვიწყებდი, მაშინ აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გადასვლა არავის სურდა. ბადრი კვარაცხელია რომ წავიდა, მაშინ შევიტყვე, რომ თურმე, იქ ჩემპიონატს ატარებდნენ. ახლა ტოშაკი, ფოგთსი, სიომინი, ტონი ადამსი, იზმაილოვი, მპენზა ჩაიყვანეს და 16 წლის ქართველ ბავშვებსაც იქით უჭირავთ თვალი. ჩვენი საქმე კი უკან-უკან წავიდა, ძველი ინფრასტრუქტურა განადგურდა, ახალი ააშენეს, მაგრამ არასაკმარისია, ბევრი სტადიონი დაინგრა, სკოლები გაასხვისეს და ბავშვები სად გაიზრდებიან? ფეხბურთის აღორძინება კი მხოლოდ დიდი ფულით არის შესაძლებელი, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

- მაგრამ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ფეხბურთს მილიონები დაახარჯოს...
- სხვათა შორის, საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა პრემიერ ღარიბაშვილისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრის შემდეგ: სახელმწიფო პროგრამის ამუშავებით, შესაძლებელი გახდება 4 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაო. ამდენი ადამიანის უკან ხომ ოჯახები და 20 ათასამდე ადამიანი დგას?

გასაგებია, რომ ჩვენთან ფეხბურთი ვერასოდეს იქნება ისეთივე წარმატებული ბიზნესი, როგორც წამყვან ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ აწყობილი საფეხბურთო სისტემა ბიუჯეტში თანხას შეიტანს და ნაკლებს გამოიტანს. დღეს მდიდარი ქართული კლუბი მხოლოდ "დინამოა", ალბათ, "ზესტაფონიც". საჩხერის "ჩიხურას" პლუსი ისაა, რომ ფინანსური მხარე მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული აქვს.

მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. მოვიპოვებთ საქართველოს ჩემპიონობას, ევროსაგზურს და რა მერე? გავდივართ ევროპაში და ვერაფერს ვაღწევთ. ფეხბურთის აღორძინებას საკმაო დრო დასჭირდება, მაგრამ სხვაგვარად არაფერი გამოვა - ფულიც აუცილებელია და დროც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა თქმა უნდა, საფეხბურთო მეურნეობა უნდა მოწესრიგდეს მაღალ დონეზე, ვგულისხმობ სტადიონებს, გასახდელებს, სასტუმროებს, ინვენტარს. ყველამ ვიცით რომ ათასობით ბავშვი ვერ დაჰყავთ ფეხბურთზე, ფულის უქონლობის გამო და ათასობით ტალანტი ი კ ა რ გ ე ბ ა. აი ეს უნდა დააფინანსოს მთავრობამ. და რაც შეეხება თვითონ ფეხბურთელს,ის არა იმიტომ უნდა თამაშობდეს ფეხბურთს რომ მარტოფული აკეთოს, არამედ მან ღირსება უნდა დაიცვას ტავისი ქვეყნის.ფული მეორეხარისხოვანია. ეს მწვრთნელის საქმეა. მან უნდა აღზარდოს ბავშვი პატრიოტად., ფეხბურთელად
Levan
11:28 19-02-2014
0
პოლიტიკაში ოქტომბრის ცვლილებები საზოგადოების გაერთიანებამ მოიტანა. ქართული ფეხბურთის გადასარჩენადაც თუ გულშემატკივარი არ გაერთიანდა და აქციებით ფედერაციასთან, კლუბებთან არ მოვითხოვეთ ცვლილებები, წინ ვერ წავალთ. ფეხბურთის ამჟამინდელი ბოსები " ხელი ხელს ბანს" პრინციპით ჭაობის ფსკერისკენ მიაქანებენ ქართულ ფეხბურთს,ცვლილებები არავის აწყობს და ასე გვეკარგება ნიჭიერი თაობები. ამიტომაც შევყურებთ ძუნძულით თამაშს, ხუთი წუთის მერე ხელის ჩაქნევით გადავრთავთ ტელევიზორს სხვა არხზე (მოედანზე ხომ აღარავინ დადის...), ამოვიოხრებთ - არაფერი გვეშველებაო და ამით მთავრდება ჩვენი გულშემატკივრობა. გეკითხებით:გვაქვს გულგრილობის უფლება გამარჯვებამოწყურებულ გულშემატკივრებს?
nuca
11:26 19-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული