ვარლამ კილასონია: მოვიგეთ, მაგრამ მთლიანობაში, გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი არა ვარ

AutoSharing Option
კვლავაც გრძელდება რუსთავის "მეტალურგის" თურქული შეკრება და ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდის მეტოქე ამჯერად რუმინული "ტირგუ მურეში" იყო.

იმის მიუხედავად, რომ "მეტალურგს" მთელი მატჩის განმავლობაში სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, მხოლოდ ორ გოლს დასჯერდა: მე-19 წუთზე ანგარიში გიორგი ჩირგაძემ გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი რუსთაველთა გუნდის ახალწვეულმა ბესიკ ჩიმაკაძემ ამ სპარინგ-შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:0.

"ტირგუ მურეშის" წინააღმდეგ "მეტალურგმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბედიაშვილი - დ. საჯაია, მახვილაძე (65. დ. ლომაია), ვ. კილასონია, თ. კაკულია (46. ტვილდიანი) - ექვთიმიშვილი (46. ცნობილაძე), ქავთარაძე
(65. გ. კილასონია) - სეთურიძე (65. ხაბელაშვილი), მიქაბერიძე (46. გიგაური), ჩირგაძე - ჩიმაკაძე (65. ბ. ოქროპირიძე).

შეგახსენებთ, რომ "ტირგუ მურეშამდე" რუსთავის "მეტალურგმა" ანტალიაში ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა: რუსეთის პირველი ლიგის წარმომადგენელს, ორენბურგის "გაზოვიკს" გუნდის ახალწვეულის, კახა კაკაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო, ხოლო თურქმენეთის ეროვნულ ნაკრებთან 0:2 დამარცხდა.

სამშობლოში გამომგზავრებამდე "მეტალურგი" კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს; მანამდე კი "მეტალურგის" პრესსამსახურის დახმარებით მოპოვებული რუსთაველთა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას კომენტარიც გვინდა შემოგთავაზოთ:

"იმის მიუხედავად, რომ ორბურთიანი სხვაობით მოვიგეთ, მთლიანობაში, გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი არა ვარ.

თუმცა შედარებით სუსტი თამაშის მიზეზი, ალბათ, ფეხბურთელების გადაღლილობაც არის - ფიზიკური დატვირთვების ფონზე ხომ ყოველ მეორე-მესამე დღეს ვატარებთ საკონტროლო მატჩებს.

მეორე მხრივ, დადებითი ფაქტორიც ბევრი იყო ჩვენი გუნდის თამაშში: 90 წუთის განმავლობაში მოედანზე "მეტალურგი" დომინირებდა და უამრავი საგოლე მომენტიც შევქმენით.

სამწუხაროდ, რეალიზაციის ხარისხში კვლავაც მოვიკოჭლებთ: ძალიან ბევრი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ.

ტრავმების გამო ამ სპარინგ-შეხვედრაში არ უთამაშიათ დენის დობროვოლსკის, კოკა სეფიაშვილს, მამუკა ტორონჯაძეს და კახა კაკაშვილს; სამაგიეროდ, გამოკეთდნენ და ერთი ტაიმი ჩაატარეს გუნდის ახალწვეულებმა - არჩილ ტვილდიანმა და მერაბ გიგაურმა.

კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი 12 თებერვალს უნდა ჩაგვეტარებინა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ერთი დღით ადრე წავისპარინგოთ. ამჟამად მეტოქეების შერჩევაში ვართ - გვინდა, რომ მეტ-ნაკლებად ძლიერ მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდეთ".

10 თებერვალს, გვიან საღამოს გაირკვა, რომ თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩს "მეტალურგი" მაინც 12 თებერვალს ჩაატარებს. "მეტალურგი" ან სომხეთის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანს, "ალაშკერტს" დაუპირისპირდება, ან კიდევ ყაზახურ "ატირაუს", რომელმაც წინა სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა.

სხვათა შორის, "ატირაუს" ღირსებას იცავს რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი, "ოლიმპის", "ვიტ ჯორჯიას", "სიონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი, 30 წლის გიორგი ფეიქრიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული