უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზუგდიდი"

AutoSharing Option
სამეგრელოს მთავარ ქალაქში, ტრადიციულად, ფეხბურთი ყოველთვის ყველას უყვარდა და გუნდიც ისეთი ჰყავდათ იქაურებს, მუდამ საკუთარი "ხელწერით" რომ გამოირჩეოდა.

სამწუხაროდ, უკვე მეორე სეზონია, ზუგდიდელებს საფეხბურთო სტადიონი აღარ აქვთ და ამ ქალაქის უპირველესი გუნდიც საშინაო მატჩებს განმუხურში ატარებს.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 2012 წლის გვიანი შემოდგომიდან მოყოლებული, "ზუგდიდში" ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და კიდევ კარგი, რომ წინა სეზონის პირველ ეტაპზე გუნდმა ზეექვსეულში მოხვედრა მოახერხა, თორემ მერე, შესაძლოა, სავალალო შედეგი ჰქონოდა.

მოკლედ, ავად თუ კარგად, "ზუგდიდმა" წინა სეზონი დაამთავრა (VI ადგილზე), მაგრამ
XXV ჩემპიონატის დაწყებას გუნდი კვლავაც უამრავი პრობლემით შეხვდა.

არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, ხოლო მთავარ მწვრთნელად ზუგდიდის ფეხბურთის აღზრდილი, თბილისის "შევარდენის", თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდი კობა წიტაიშვილი დაინიშნა, ვინც დიდი ხნის განმავლობაში კვიპროსში ასპარეზობდა და თავისი ხანგრძლივი კარიერაც იქ დაამთავრა.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა სპეციალისტის სამწვრთნელო დებიუტი წარმატებული ვერ გამოდგა.

Sportall.Ge

თუმცა ამ სეზონის დაწყებამდეც ყველამ ვიცოდით, რომ არცთუ სოლიდური შემადგენლობის მქონე "ზუგდიდს" მეტად და მეტად გაუჭირდებოდა უკეთესი ფინანსური შესაძლებლობების და ბევრად უკეთ დაკომპლექტებულ მეტოქეებთან კონკურენციის გაწევა. ანუ თავიდანვე ცხადი იყო, რომ "ზუგდიდს" ამ სეზონში ერთადერთი მიზანი ექნებოდა: უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

...საწყისი ოთხი ტურის მერე "ზუგდიდის" მდგომარეობა კრიტიკული ნამდვილად არ იყო: დებიუტანტი მწვრთნელის, კობა წიტაიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ორ საშინაო მატჩში ხომ 4 ქულა აიღო. თუმცა ამას მოჰყვა შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია, თანაც სიტუაცია ვერ გამოსწორდა გუნდში ახალი ფეხბურთელების (კერძოდ, ეგვიპტელი ლეგიონერების) დამატებითაც.

ჰოდა, ალბათ, ლოგიკურიც იყო, XI ტურში "გურიასთან" წაგებული მატჩის მერე წიტაიშვილმა თანამდებობა რომ დატოვა. ვიდრე მისი შემცვლელი მოიძებნებოდა (არადა, არაერთი ქართველი სპეციალისტი დაუკავშირეს "ზუგდიდს"), ორ შეხვედრაში გუნდის გაძღოლა ზუგდიდის ფეხბურთის კიდევ ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, ოთარ თუთბერიძეს ანდეს.

აი, XIV ტურის წინ კი გუნდის მთავარ მწვრთნელად ერთობ საინტერესო და პერსპექტიული სპეციალისტი გიორგი დარასელია დაინიშნა, რომელმაც წინა ჩემპიონატში "დილაში" მუშაობისას (მხოლოდ პირველი ეტაპი ჩაატარა) თავი მართლაც ჩინებულად წარმოაჩინა.

სამწუხაროდ, დარასელიას მოსვლამაც ვერ შეწყვიტა "ზუგდიდის" მოუგებელი სერია, რომელიც თერთმეტამდე ავიდა!

თუმცა გუნდის ახალი მწვრთნელი ოპტიმიზმს არ კარგავდა და, როგორც გაირკვა, ეს ოპტიმიზმი რეალობაზე იყო დამყარებული: "ზუგდიდმა" პირველი ეტაპის ორი დასკვნითი მატჩი მოიგო და ახლა მართლაც ვეღარავინ იტყვის, რომ ამ გუნდის მდგომარეობა უიმედოაო...

Sportall.Ge

მეკარე
სეზონის დაწყების წინ "ზუგდიდს" ხუთწლიანი პაუზის მერე გამოცდილი ზურაბ მამალაძე დაუბრუნდა და 31 წლის მეკარემ პირველ ეტაპზე ყველა მატჩი ძირითადში შეუცვლელად ჩაატარა.

მეორე ეტაპისათვის მამალაძე "ზუგდიდში" აღარ იქნება და პირველი მეკარის სტატუსისთვის ორი ახალწვეული იბრძოლებს: ქუთაისის "ტორპედოდან" გადმოსული 28 წლის მაქსიმე ქვილითაია და თბილისის "დინამოდან" იჯარით გადმოყვანილი 23 წლის თორნიკე ზარქუა. თუმცა ზარქუას ახალწვეულად ნამდვილად ვერ ჩავთვლით - ეს პერსპექტიული მეკარე ხომ "დინამოში" სწორედ "ზუგდიდიდან" ("ბაიადან") გადავიდა...

დაცვა
დამცველებიდან პირველ ეტაპზე ყველა მატჩი ჩაატარა გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე სტაჟიანმა წევრმა ნიკა აფაქიძემ. აღსანიშნავია, რომ 21 წლის მცველი გუნდს მეორე ლიგიდან "მოჰყვება" და დებიუტი სულაც 15 წლის ასაკში ჰქონდა.

მასთან ერთად, დაცვის ცენტრში ხშირად უწევდა თამაში გუნდის ახალწვეულს, 21 წლის ბაქარ მირცხულავას, რომელიც სულ ახლო წარსულში პორტუგალიური გრანდის, ლისაბონის "ბენფიკას" დუბლშემადგენლობის კაპიტანიც გახლდათ.

დარასელიას მოსვლის შემდეგ უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცა "გაგრადან" დაბრუნებულ 24 წლის გიორგი პაჭკორიას; აი, რაც შეეხება ფლანგის მცველებს, აქ უფრო ხშირად 22 წლის დათა რიგვავა და 21 წლის რომეო კანკია ასპარეზობდნენ, აგრეთვე, 21 წლის გიორგი ქვარცხავა.

ნახევარდაცვა
ამ რგოლში პირველი ეტაპის განმავლობაში როტაცია ხშირად ხდებოდა და ამის გამოც იყო, რომ ძირითადში ყველა მატჩი არც ერთ შუახაზელს არ დაუწყია. წინა სეზონთან შედარებით, ნაკლებად ეფექტიანი იყო უდავოდ ნიჭიერი ცენტრალური ნახევარმცველის, 21 წლის ზვიად სიხარულიას ასპარეზობა. არადა, ამ გონიერ და ტექნიკურ შუახაზელს ბევრად უკეთ რომ შეუძლია თამაში, ამაში, ალბათ, მეორე ეტაპზე დავრწმუნდებით.

29 წლის შოთა ლომია, 24 წლის ლევან წურწუმია და 22 წლის ლუკა გუგუჩია ზუგდიდის საფეხბურთო სკოლის აღზრდილები არიან, თუმცა პირველ ეტაპზე მათ ასპარეზობას (ისე, როგორც საერთოდ, მთელი გუნდის) არაერთგვაროვანი შეფასება უნდა მიეცეს. თუმცა სამივე ეს ფეხბურთელი გუნდის საკვანძო ფეხბურთელებად მიიჩნეოდა.

სეზონის მსვლელობისას "ზუგდიდს" დაუბრუნდა სამუდამოდ დისკვალიფიკაციამისჯილი და მერე ამნისტირებული, 38 წლის როინ ონიანი. უმაღლესი ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობდა თავისი ახალგაზრდა პარტნიორების აყოლიებას. ეგვიპტელი საყრდენი ამირ აზმი ურიგო ფეხბურთელი არ ჩანდა, თუმცა მალე დაგვემშვიდობა.

პირველი ეტაპის მიწურულს, გიორგი დარასელიას მოსვლის შემდეგ "ზუგდიდში" ახალწვეულები გამოჩნდნენ: 23 წლის ირაკლი შალიკაშვილი და 21 წლის მცველი საბა ადამაშვილი. ამათ გარდა, დარასელია დიდ ნდობას უცხადებდა 18 წლის დავით ქირიასაც.

თავდასხმა
პირველ ეტაპზე მეტოქეთა კარში ყველაზე ცოტა გოლი "ზუგდიდმა" გაიტანა: თვრამეტ თამაშში 8 ბურთი მართლაც რომ კატასტროფული შედეგია. თუმცა ასეთ დაბალ შედეგიანობას მხოლოდ თავდამსხმელებსაც ვერ დავაბრალებთ: ანუ, პარტნიორებისაგან სათანადო მხარდაჭერის გარეშე რომ მეტოქის კარის აღება უძნელესი საქმეა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მეორე ეტაპისათვის გიორგი დარასელიას უმთავრესი საზრუნავი კვალიფიციური და გოლების გამტანი ფორვარდ(ებ)ის მოძებნა იქნება. მით უფრო, რომ გუნდი დატოვა 25 წლის შემტევმა ირაკლი ეხვაიამ, რომლის დუბლმაც (სტუმრად - "ტორპედოსთან") "ზუგდიდს" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

სხვათა შორის, "ზუგდიდის" საუკეთესო ბომბარდირი პირველ ეტაპზე სწორედ ეხვაია გახლავთ 3 გოლით.

Sportall.Ge

საუკეთესო მატჩი
"ზუგდიდმა" პირველ ეტაპზე სულ 3 შეხვედრა მოიგო და, რაღა თქმა უნდა, საუკეთესოც ამ მატჩებში უნდა "ვეძიოთ". ჩვენი აზრით, გუნდმა საუკეთესო მატჩი XVII ტურში, მცხეთაში ჩაატარა, როცა "ტორპედოს" 2:1 მოუგო.

უკვე აღვნიშნეთ, რომ იმ მატჩში დუბლი ირაკლი ეხვაიამ შეასრულა და ისიც დავამატოთ, რომ ორჯერვე ასისტენტობა შოთა ლომიამ გაუწია.

აქვე IX ტურის მატჩიც უნდა აღინიშნოს, როცა კობა წიტაიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზუგდიდმა" სტუმრად "დილასთან" ფრედ ითამაშა.

ყველაზე ცუდი მატჩი
ასეთი მატჩ(ებ)ი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, პირველ ეტაპზე, "ზუგდიდს" ბევრი არ ჰქონია; ანუ, იმის მიუხედავად, რომ გუნდმა 18-დან 10 შეხვედრა წააგო, ვერც ერთ მატჩზე ვერ ვიტყოდით, რომ გუნდმა ბოლომდე არ იბრძოლა.

მიზანი
პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გუნდშიც და, რაც მთავარია, კლუბშიც ბევრი საკადრო ცვლილება მოხდა, რამაც "ზუგდიდის" ქომაგებს, წესითა და რიგით, ოპტიმიზმის საბაბი უნდა მისცეს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ზუგდიდს" იმის ფუფუნებაც ექნება, რომ მეორე ეტაპისათვის სამზადისი თურქეთში გაიაროს.

თანაც, აუცილებლად გასათვალისწინებელია მთავარი მწვრთნელის ფაქტორიც: გიორგი დარასელია უამბიციო გუნდში მუშაობას არ დათანხმდებოდა, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო.
Sportall.Ge

ზუგდიდის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ეტაპი: 17 მატჩი, 4 მოგება, 2 ფრე, 11 წაგება, ბურთები: 13-24, ადგილი-X

I ტური. ზუგდიდი-ჩიხურა 1:3
II ტური. ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 0:0
III ტური. მერანი-ზუგდიდი 2:0
IV ტური. ზუგდიდი-სიონი 2:1
V ტური. დინამო-ზუგდიდი 3:0
VI ტური. ზუგდიდი-ტორპედო 0:0
VII ტური. მეტალურგი-ზუგდიდი 1:0
VIII ტური. ზუგდიდი-ზესტაფონი 0:3
IX ტური. დილა-ზუგდიდი 1:1
X ტური. ზუგდიდი-სპარტაკი 1:1
XI ტური. გურია-ზუგდიდი 1:0
XII ტური. ჩიხურა-ზუგდიდი 2:0
XIII ტური. ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 1:0
XIV ტური. ზუგდიდი-მერანი 0:0
XV ტური. სიონი-ზუგდიდი 1:0
XVI ტური. ზუგდიდი-დინამო 0:3
XVII ტური. ტორპედო-ზუგდიდი 1:2
XVIII ტური. ზუგდიდი-მეტალურგი 1:0

ზუგდიდი 2013/14
მეკარეები: ზურაბ მამალაძე - 18 (-24);
მცველები: ნიკა აფაქიძე - 16 (1), რომეო კანკია - 15, ბაქარ მირცხულავა - 15, დათა რიგვავა - 14, გიორგი პაჭკორია - 13, გიორგი ქვარცხავა - 12, მაკარ აქუბარდია - 7, საბა ადამაშვილი - 4;
ნახევარმცველები: ზვიად სიხარულია - 15 (1), ლუკა გუგუჩია - 12 (2), შოთა ლომია - 12 (1), აკაკი ფარჯიკია - 12, ლევან წურწუმია - 10, როინ ონიანი - 8, გიორგი ხუბუა - 7, ვაკო ტყემალაძე - 6, ამიზ აზმი - 6, ირაკლი შალიკაშვილი - 4, დავით ქირია - 4, ვილენ ჭრელაშვილი - 3, კონსტანტინე ახალაია - 3, ლუკა კობერიძე - 2, კოკა ქომეთიანი - 1;
თავდამსხმელები: ირაკლი ეხვაია - 15 (3), გიორგი ბულია - 3, ლაშა კუკავა - 2, მურთაზ ჩანგელია - 1, ალექსანდრე კვარაცხელია - 1, ცოტნე სამუშია - 1, ჯამალ ჰამზა - 1.
მთავარი მწვრთნელი: კობა წიტაიშვილი (I-XI ტური), ოთარ თუთბერიძე (XII-XIII ტური), გიორგი დარასელია (XIV-XVIII ტური)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: თბილისის "დინამო"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: საჩხერის "ჩიხურა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: გორის "დილა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ბოლნისის "სიონი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: რუსთავის "მეტალურგი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზესტაფონი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება. "ვიტ ჯორჯია"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ქუთაისის "ტორპედო"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ცხინვალის "სპარტაკი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წიტაიშვილო, როგორც ამ ფოტოზე საწყლად გამოიყურები, ასე ასრულებ ნაადრევად შენ კარიერას. მეცოდები შე საწყალო.......
megreli
19:02 23-01-2014
0

სიახლეები პოპულარული