ლანჩხუთის "გურია": ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი?

AutoSharing Option
"ლელო" ოპერატიულად წერდა, რომ "გურიას" მთავარ მწვრთნელად დავით მახარაძე დაინიშნა. მართალია, ეს ფაქტი თავად მწვრთნელმაც დაგვიდასტურა და ინფორმაცია კლუბის დირექტორატიდანაც გავრცელდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მახარაძე მწვრთნელად დანიშნული არ არის!

ამის მიზეზი კი შეუთანხმებლობა აღმოჩნდა - როგორც გახსოვთ, მხარის გუბერნატორმა კლუბის მესვეურებს მთავარ მწვრთნელად ადგილობრივი კადრი, თემურ ლორია შესთავაზა, თუმცა რეგიონის პირველკაცის გზავნილი ლანჩხუთში ყურად არ იღეს და სასწრაფო წესით მახარაძე დააბრუნეს.

ეს ის მახარაძეა, რომლის თავკაცობითაც "გურიამ" ერთმანეთის მიყოლებით დაიბრიყვა ლიდერები, თუმცა ისე ჩაანაცვლეს რომან პოკორათი, ეს ამბავი გაზეთიდან
გაიგო.

ბოლოს მახარაძე იმაზეც იყო განაწყენებული, რომ კლუბი მოლაპარაკებას გიგლა იმნაძესთან აწარმოებდა.

სხვათა შორის, მახარაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჩხაიძემ, რომელმაც ადგილობრივ მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ მწვრთნელს დიდი დამსახურება აქვს და მას მხარს უჭერს.

"გურიასთან" დაკავშირებული ამბები სულ უფრო მწვავდება და არა მარტო ლანჩხუთის, არამედ სპორტის ფარგლებსაც სცდება. დაპირისპირებაში უკვე "ჩართეს" გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, უკვე ღიად გამოჩნდა მაჟორიტარი თემურ ჩხაიძეც.

გიორგი ჩხაიძემ ლანჩხუთის ფეხბურთის მესვეურებთან შეხვედრისას მხარეებს გუნდთან დაკავშირებული ხედვების ჩამოყალიბება მოსთხოვა და უმწვრთნელოდ დარჩენილ კლუბს თემურ ლორიას მოსმენა შესთავაზა. ანუ ამით გუბერნატორმა მიანიშნა - ორი ჩამოყვანილი მთავარი მწვრთნელისთვის 5500 ლარის გადახდას სჯობს, ადგილობრივი კადრი დავასაქმოთ, რომელიც თანახმაა, 1500 ლარადაც იმუშაოს და თან შესაბამისი ლიცენზიაც აქვსო.

ჰოდა, ამის შემდეგ თემურ ჩხაიძემ მახარაძის მთავარ მწვრთნელად დაბრუნებას დაუჭირა მხარი, რაც, თავისთავად, გუბერნატორის მოსაზრების მინიმუმ უპატივცემულობად იქნა აღქმული. თუმცა მაჟორიტარს თავის მართლებაც შეუძლია - ის გუბერნატორთან შეხვედრას არ ესწრებოდა.

აქვე რეგიონის პირველკაცის ფინანსურ გზავნილებსაც გეტყვით. უკვე ვწერდით, რომ მან ოფიციოზს ფულის დაზოგვა მოსთხოვა და ურჩია, ანტალიაში შეკრების მოწყობას ადგილზე მომზადება სჯობს და თანხის სხვაობა გრიგოლეთის ბაზას მოვახმაროთო.

ამ კუთხით ერთი საინტერესო დეტალიცაა - როგორც გვითხრეს, "გურიას" პირველ ეტაპზე გრიგოლეთში ყოფნა 40 000 ლარი დაუჯდა და გუბერნატორი, ალბათ, ამ მხრივაც იტყვის შენიშვნას - აქაოდა, სჯობდა, ეს ფული სასტუმროს ნაცვლად ისევ ბაზის კეთილდღეობას მოხმარებოდა და თუნდაც გუნდისთვის საკმარისი ოდენობის ოთახები გარემონტებულიყოო!

მოკლედ, მას შემდეგ, რაც გუბერნატორმა "მესიჯები" დატოვა, მეორე დღესვე სასწრაფოდ მახარაძე დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, თანაც მას შემდეგ, რაც წინა დღეს მწვრთნელმა "გურიას" მესვეურები ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ლამის მიწასთან გაასწორა.

მოკლედ, ახლა "გურიას" თავკაცის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება: დავით მახარაძე, გიგლა იმნაძე, თემურ ლორია. თუ განვითარებული მოვლენების მიხედვით ვიმსჯელებთ, უპირატესობა ამ უკანასკნელს აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლანჩხუთის "გურია": თემურ ლორია არა, გუნდს ისევ დავით მახარაძე გაწვრთნის
ლანჩხუთის "გურიას" გაწვრთნა გიგლა იმნაძეს შესთავაზეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
სოფლის გუნდში რა სამარცხვინო პროცესებია.არ იქნება ქართველების(ამ შემთხვევაში გურულების)საშველი.გუბერნატორსაც არა აქვს სათანადო ავტორიტეტი.ადრე რაიკომის მდივანი სიტყვას რომ იტყოდა ფასი ჰქონდა,იმიტომ რომ იქ გამოცდილი და თავის საქმეში კომპეტენტური პიროვნება იჯდა და მხოლოდ დაპირებებით არ კვებავდა ხალხს.(კომუნისტების აპოლოგეტად ნუ ჩამთვლით)
vaxvax
13:27 14-01-2014
0

სიახლეები პოპულარული