ლანჩხუთის "გურია": თემურ ლორია არა, გუნდს ისევ დავით მახარაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ლანჩხუთში ფეხბურთის მესვეურებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, ამიტომაც მისი დეტალები არ გახმაურებულა.

როგორც შევიტყვეთ, გუბერნატორი გაეცნო კლუბში არსებულ ვითარებას და მოისმინა, თუ ვის როგორი ხედვა აქვს კლუბის მომავალთან დაკავშირებით. მოკლედ, ის ყველა მხარისგან მოელის პროგრამის წარდგენას. რა თქმა უნდა, შეხვედრაზე საუბარი იყო კლუბის ფინანსურ პრობლემებზე.

რამდენიმე დღის წინათ ვწერდით, რომ "გურიის" დირექტორატი მოლაპარაკებას მართავდა გუნდის ყოფილ მეკარესა და შემდგომში მთავარ მწვრთნელ გიგლა იმნაძესთან.

"არაფერი ვიცი, ნამდვილად არ ვიცი... გეთანხმებით, წესით, ეს ყველაფერი
პირველმა მე უნდა ვიცოდე, ალბათ, მაგრამ არაფერი ვიცი ნამდვილად!"
- ასე გვიპასუხა ამ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით "გურიის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, პარლამენტარმა თემურ ჩხაიძემ, რომელიც გიგლა იმნაძის უახლოესი მეგობარიცაა.

თავად იმნაძემ კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ რაღაც მოლაპარაკება იყო, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ და ამ ეტაპზე საჩხერეში რჩება.

ასევე, მეტად საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა, რომ "გურიამ" შეკრება, შესაძლოა, მეზობელ თურქეთში, კურორტ ანტალიაში გაიაროს, თუმცა გუბერნატორს თანხების ეკონომიის აუცილებლობაზე უსაუბრია და ისიც დაუმატებია - ანტალიის ნაცვლად, სჯობს გურიის ზღვისპირეთში მოვემზადოთ და მაგ თანხით ბაზა მოვაწყოთო.

მანვე "გურიის" მესვეურებს შესთავაზა თურმე - რადგან კლუბს ამჟამად მწვრთნელი არ ჰყავს და როცა აქ არის ადგილობრივი კადრი, შესაბამისი ლიცენზიისა და კვალიფიკაციის მქონე თემურ ლორია, კლუბი მას ჩავაბაროთო.

9 იანვარს კი მოგვაწოდეს ინფორმაცია კლუბის დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ - "გურია" მთავარ მწვრთნელად დავით მახარაძეს ტოვებსო, რომელიც უკმაყოფილო იყო კლუბის ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილებით, როცა გაზეთიდან შეიტყო, რომ მისი შეცვლა უკრაინელი რომან პოკორათი სურდათ.

ჩვენ მახარაძესაც დავუკავშირდით და ვკითხეთ - ბოლო დროს მის მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებების შემდეგ, თანახმაა თუ არა "გურიაში" დარჩენაზე.

"დიახ, დღეს ვიყავი ლანჩხუთში და შევთანხმდით, რომ მე და გია ჩხაიძე გავაგრძელებთ მუშაობას", - გვითხრა მან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული