დამტკიცდა - 12 გუნდი უმაღლეს ლიგაში

AutoSharing Option
მოსალოდნელი მოხდა - ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე გადაწყვიტეს, აჯობებს, ჩემპიონატის რეგლამენტი დავარღვიოთ და სახელმწიფოსგან მეტი სიკეთე მივიღოთ, ვიდრე შევინარჩუნოთ და მეტი სტადიონი და მოედანი არ გავაკეთოთო.

გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გუნდებისა და ფედერაციის ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ამჯერად 2011-12 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის 12-მდე გაზრდას ყველამ დაუჭირა მხარი. არადა, პირველ შეხვედრაზე წინააღმდეგი 6 გუნდი იყო (ქუთაისის "ტორპედო", თბილისის "დინამო", რუსთავის "ოლიმპი", "გაგრა", თბილისის "ლოკომოტივი" და "ზესტაფონი") და საკუთარი შენიშვნები გამოთქვეს.

ისინი ჩემპიონატის
მსვლელობისას რეგლამენტის დაღვევას და ლიგის რაოდენობის გაზრდას არ იწონებდნენ იმ დროს, როდესაც ბევრ გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს.

ამჯერადაც ყველაზე მეტად ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და პროექტის მთავარი მოწინააღმდეგე, "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია აქტიურობდნენ, მაგრამ ერთი კვირის წინანდლისგან განსხვავებით, ამჯერად ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა გამოავლინეს, ხუმრობდნენ და დაძაბულობა განმუხტეს. რაც მთავარია, სიჭინავას წარმოდგენილმა გარანტიებმა კოკაია დაარწმუნა, რომ პროექტის განხორციელება ჩვენს ფეხბურთს და ჩემპიონატს არ აზარალებდა.

გასული კვირის შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ ფედერაციის გენერალური სამდივნოსა და საშეჯიბრო კომიტეტის თანამშრომლები, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელები, ფედერაციის გენერალური მდივანი
და ვიცე-პრეზიდენტები. მათი ამოცანა პროექტის დამუშავება და მასში შესწორებების შეტანა იყო.

გუშინ ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა რევაზ შენგელიამ რამდენიმედღიანი მუშაობის შედეგი, პროექტის დამუშავებული და შესწორებული ვარიანტი წარადგინა. მისი თქმით, ახალი პროექტი და პრემიალური სისტემა იქნება გარანტი იმისა, რომ საუკეთესო რვა გუნდში ბოლო ადგილებზე გასულებს შორის
ერთი ადგილით დაწინაურებაც სასურველი იქნება.

ზვიად სიჭინავა: "ამ საკითხზე გუშინ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს და სახელმწიფოსგან ოფიციალურად დადასტურებული და დამტკიცებული ფინანსური გარანტიები მივიღეთ, რომ 2012 წლისთვის მინიმუმ შვიდი მოედანი გაკეთდება. უკვე გადაწყვეტილია ფოთის სტადიონის რეკონსტრუქცია, უახლოეს დღეებში კი ბერძნული კომპანია დაიწყებს მიხეილ მესხის სტადიონის რეაბილიტაციას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ფოთის მერი სტადიონების გაკეთებას საკუთარ თავზე იღებენ. სად დაიგება სხვა ახალი მოედნები, ჩემპიონატის შედეგების მიხედვით გადაწყდება. 2011 წელს პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდება ორი სტადიონის მშენებლობა, სავარაუდოდ, ბათუმსა და ზუგდიდში. 2011-2012 წლებში იგეგმება მინიმუმ 3-4 მოედნის საფარის დაგება. საერთო ჯამში, 2012 წელს მინიმუმ შვიდი მოედანი გაკეთდება."

ილია კოკაია: "არ მინდა, სულ ოპონირების რეჟიმში ვიყო, მაგრამ შოკში ჩავვარდი, როდესაც უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გავიგე. უკეთესი იქნება, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე მოვითათბიროთ. იმიტომ ვიყავი წინააღმდეგი, რომ სახელმწიფო აქამდეც იძლეოდა გარანტიას, მაგრამ შემდეგ რაღაცები იცვლებოდა, მაგრამ ახლა მთავრობამ გარანტიები მოგვცა და ავადმყოფი უნდა იყო კაცი, პროექტს მხარი არ დავუჭირო. სასიამოვნოა, რომ პროცესებში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია ჩართული, რადგან ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებში მისი მონაწილეობა ფეხბურთელებისთვის დიდი სტიმულია".

პროექტის დამუშავებულ ვარიანტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილებაა: პირველ-მერვე ადგილებზე გასული გუნდები პლეი ოფში თამაშს განახევრებული ქულების ნაცვლად ურთიერთშეხვედრებში დაგროვილი ქულებით განაგრძობენ და მე-9 მე-12 ადგილოსნებთან დაგროვილი ქულები აღარ ჩაითვლება მომავალი ეროვნული ჩემპიონატი კი 7 აგვისტოს დაიწყება. ასე რომ, 5 ივლისს დაწყების შესაძლებლობა გამოირიცხა, რადგან თასის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპი გაუქმდა, სათასო შეხვედრების რაოდენობა შემცირდა და უმაღლესი და პირველი ლიგების გუნდები გათამაშებაში 1/16-ფინალიდან ჩაებმებიან. 2011-12 წლების ევროტურნირების მონაწილე გუნდები კი თასისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან დაიწყებენ.

1/16 ფინალში გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდებიან და გამოავლენენ 12 გუნდს, რომლებსაც 1/8 ფინალში ევროტურნირებში მონაწილე 4 გუნდი დაემატება.
1/8, 1/4 და 1/2 ფინალებში გუნდები ორ შეხვედრას გამართავენ (შინ და გასვლაზე). ფინალში გამარჯვებული კი, ჩვეულებისამებრ, ერთ მატჩში გამოვლინდება.
თასის გათამაშებაში გუნდები მინიმუმ ორი მატჩს გამართავენ, მაქსიმუმ - ცხრას, ევროტურნირების მონაწილე გუნდები კი - მაქსიმუმ შვიდს.

უმაღლეს ლიგაში დამრჩენი და გადმომსვლელი გუნდები 29-30 ივნისს გადათამაშებებში გაირკვევა. ორივე მატჩს ეროვნული სტადიონი უმასპინძლებს: 29 ივნისს ცხინვალის "სპარტაკისა" საჩხერის "ჩიხურას", 30 ივნისს კი "სამტრედიასა" და გორის "დილას" შეხვედრებს.

საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ პროექტის შესწორებული ვარიანტი მოიწონა, რომელიც აღმასკომის წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს.

P.S.
"ყავარჯნის პრინციპია" - რაც გეწინააღმდეგება, ის შენი დასაყრდენია. ეს გუშინდელ შეხვედრაზეც დამტკიცდა, პროექტის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგის, ილია კოკაიას მიერ პროექტის თანადგომა ზვიად სიჭინავასთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეს იმიტომ, რომ ადამიანურად დაილაპარაკეს, პირადი წყენა გვერდზე გადადეს და საერთო სატკივარი გაიზიარეს.

ალბათ, ეს არის სწორი გზა, ფეხბურთშიც, სპორტშიც, ეკონომიკაშიც...
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც შეეხება იმას რომ 16-17 წლის ბიჭებით ითამაშოს უფულო გუნდებმა უმაღლეს ლიგაში და მგზავრობის ფულს ფედერაცია გადაუხდის ასეთ სისულელეს ფედერაციის პრეზიდენთი არ უნდა ამბობდეს!დღეს თუ ვინმე ასეთი კონტიგენტით,მეტნაკლები წარმათებით თამაშობს ეს იმის ბრალია ასეთ ნეხვში რომ არის ქართული ფეხბურთი და არა იმისა რომ ძალიან მაგარი ახალგაზრდები გვყავს.სიჭინავა რომ ამბობდა ობოლოძესთან ეთერში გერმანიის,ინდლისის და ესპანეთის ფეხბურთისკენ უნდა გვქონდეს სცორებაო,ამ ქვეყნებში,ან სადმე სხვაგან 16-17 წლის ბავშვებით უმაღლესში თამაშობს ვინმე?უფულო გუნდებს აძლევენ თამაშის უფლებას?ჩაწყობილი თამაშების მერე ასეთ გადაწყვეტილებას ჭკვიანი მიიღებდა?
daviti
11:20 26-05-2011
0
არაა ქართული ფეხბურთის საშველი,12,11,10,9ადგილზე გასული გუნდების ნაწილი დიდი ხნით ადრე რომ მიხვდება იმას რომ ვერც მერვეზე გადის და არც გადათამაშებაში გადაყვება ქულები რა მოტივავციით ათამაშებენ ხომ ცარმოგიდგენიათ?ასევე იქნება პირველი ლიგის ზედა ოთხეულშიც.ამ მოედნებს რომ უკეთებენ ამ უფულო გუნდებს,მისი მოვლის და პატრონობის ფულსაც მიცემენ, თუ მოუვლელობით უნდა გაფუჭდეს?
daviti
11:08 26-05-2011
0

სიახლეები პოპულარული