გია ცეცაძე: ევროტურნირს თუ გამოვეთიშებით, ჩვენი ბრალი იქნება და არა ფორმატის

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. 11 ივლისს ქართული კლუბი აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" ბაქოში ესტუმრება.

მანამდე კი სამტრდიელებმა ფორვარდი ნიკა საბანაძე და მცველი ბაქარი ბალდე დაიმატეს.

როგორ მიდის მზადების პროცესი და იგეგმება თუ არა კიდევ ტრანსფერები, ამის გასაგებად Sportall.ge "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს დავუკავშირდით.

- ჩვეულებრივ, ვემზადებით. ორი ტრანსფერი განვახორციელეთ და ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ კლუბის ხელმძძღვანელობა ამ საკითხზე კიდევ მუშაობს. ვნახოთ, რა იქნება. შეაძლოა, ტრანსფერები კიდევ იყოს.

- რა პოზიციებზე საჭიროებთ გაძლიერებას?
-
ყველა პოზიციაზე გვყავს კარგი ფეხბურთელები, უბრალოდ, კონკურენციის გაზრდა იქნებოდა კარგი.

- მეტოქეზე რას გვეტყვით? ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში "ყარაბაღმა" 10 გოლი გაუშვა...
- ამხანაგურ მატჩში წაგება და 10 გოლის გაშვება არაფერს ნიშნავს. "ყარაბაღი" ძლიერი გუნდია და ბრძოლა იქნება. ჩვენი სურვილი ამ ეტაპის გადალახვაა.

ვაკეთებთ ანალიზს, ვსწავლობთ მეტოქის სუსტ და ძლიერ მხარეებს, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. არ მგონია, ამ წყვილში ყველაფერი პირველმა მატჩმა გადაწყვიტოს.

- სამმა ქართულმა კლუბმა პირველი მატჩები ჩაატარა ევროტურნირებზე და სამივემ - წარუმატებლად. შედეგად, გულშემატკივართა ნაწილმა ეს წარუმატებლობა ჩემპიონატის ახალ ფორმატს დააბრალა. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს ფორმატი და ადგება თუ არა ის "სამტრედიას"?
- ეგ არასწორი ხედვა და არასწორი მიდგომაა. არ ჰყავს ჩვენს ქვეყანას იმდენად დიდი ანალიტიკოსები, რომ ექვს თვეში დასკვნას დებდნენ, გაამართლა თუ არა ფორმატმა. მიდგომა, რომ დღეს გაკეთებულმა საქმემ ხვალვე შედეგი უნდა მოიტანოს, არასწორია. მხოლოდ 1-2 წლის შემდეგ შეგვეძლება თქმა, გაამართლა თუ არა, მაგრამ არა ახლა.

ჩემი გუნდიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ეს ფორმატი უფრო გვადგება და ახლა იმაზე გაცილებით უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე წინა წელს ერთი თვის დასვენებულები ვიყავით. მაშინ ფორმაში შესვლა რთული იყო, ახლა კი მომზადებული არიან ფეხბურთელები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გაივლი ყველა ეტაპს, ბევრი რამ მეტოქეზეა დამოკიდებული, მაგრამ ფორმაში მყოფი გუნდი ფორმიდან ამოვარდნილს რომ სჯობს, მაგას ჩემი თქმა რად უნდა?!

ამიტომ დღეს იმაზე საუბარი, რომ ფორმატმა არ გაამართლა, მართებულად არ მიმაჩნია. თუ წავაგებთ და ევროტურნირებს გამოვეთიშებით, პირველ რიგში, ჩვენი ბრალი იქნება და არა ფორმატის. სხვა ფორმატი რომც იყოს, მაშინაც ასე იქნებოდა. შენი წრუმატებლობა გარე პიობებს არ უნდა დააბრალო.