თორნიკე კაპანაძე: მე და "დოლა" ერთმანეთს ლამაზი გოლების გატანაში კი არ ვეჯიბრებით...

AutoSharing Option
მაისში თუკი ვინმემ დაგვამახსოვრა თავი, ერთ-ერთი თორნიკე კაპანაძეც იყო. ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელმა ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანა. განსაკუთრებით ეფექტური "შუქურასა" და გორის "დილასთან" მატჩებში გატანილი "მაკრატელები" იყო, რომლებსაც ხელს ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა.

- დილა-ტორპედო 0:2 - ორი სუპერგოლი, ისიამოვნეთ! [VIDEO]
- ტორპედო-შუქურა 1:0 - საჭირო გამარჯვება [VIDEO]

25 წლის თავდამსხმელმა ეროვნული ლიგის ბოლო ექვს ტურში 5 გოლი მიითვალა, გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ II წრის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

"მაკრატელა" ბავშვობაშიც გამიტანია, მაგრამ არა - დიდ გუნდებში.
ფოთის "კოლხეთთან" ვცადე და შევაგდე, მერე "დილასთანაც" გამომივიდა.

ორივე შემთხვევაში ბურთი ისე წამოვიდა, სხვაგვარად ვერც დავარტყამდი. 5 გოლიდან 3 დოლიძის გადაცემებით გავიტანე. ერთად სხვა გუნდებშიც გვითამაშია, ერთმანეთს კარგად ვუგებთ და ყველამ იცის, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა. ხურცილავასა და გიგაურის პასებითაც გავიტანე.

თავდამსხმელი ვარ და საჯარიმოში ყოველთვის ჩასაფრებული უნდა ვიყო. გუნდი ახლა ერთსულოვანია, მოედანზე ურთიერთაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომაც ვიგებთ...

მე და "დოლა" ერთმანეთს ლამაზი გოლების გატანაში კი არ ვეჯიბრებით, უბრალოდ, ასე ხდება. ის ძალიან ბევრს შრომობს და მეორე ახალგაზრდობას განიცდის. კუთხურიდან ახვევს და "ჩიხურასთან" ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა", - ამბობს კაპანაძე "ტორპედოს" ვებგვერდთან ინტერვიუში.

ის არ მალავს, რომ "ლოკომოტივთან" მატჩში არჩათვლილი გოლის გამო გული დასწყდა:

"...მაგრამ რა უნდა მექნა? შეიძლებოდა, პრინციპულ თამაშში ამას ჩემზეც უარყოფითად ემოქმედა და გუნდზეც. მაგრამ შესვენებაზე კახა ჩხეტიანმა დაგვამშვიდა, გვითხრა, მხოლოდ გამარჯვებაზე გვეფიქრა და მოვიგეთ კიდეც".

ტანმორჩილი თავდამსხმელი თავით კარგად თამაშობს. ამბობს, რომ ეს შემთხვევითი არაა და მისი მეტსახელის წარმომავლობასაც განმარტავს:

"მაღალი ნახტომი ვარჯიშით ჩამომიყალიბდა და გენშიც მაქვს. მამაჩემი მოცეკვავე იყო და ბევრი ტრიუკის კეთება უწევდა. მისი ნიჭი გამომყვა.

"ელვა"? ეს მეტსახელი ბავშვობაში, სისწრაფის გამო ჩემმა პირველმა მწვრთნელმა გელა ბუნტურმა შემარქვა".

კაპანაძეს "ტორპედოს" თავდასხმაში კონკურენცია მოსწონს:

"კონკურენცია გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე უნდა იყოს. ეს ძალიან კარგი და აუცილებელია, ფეხბურთელს გაფხიზლებს და მეტ სტიმულს გაძლევს.

ახლა მე-2 ადგილზე ვართ და თბილისის "დინამოს" 3 ქულით ჩამოვრჩებით. ამ ჩემპიონატში ეს ერთადერთი მატჩი იყო, რომელიც მთელმა გუნდმა ჩააგდო. საკუთარი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ერთმანეთს კიდევ სამჯერ უნდა შევხვდეთ".

"ელვა" გუნდის მიზნებზეც ლაპარაკობს:

"რა შედეგი დაგვაკმაყოფილებს? თასის მფლობელები ვართ და ტიტული უნდა დავიცვათ. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ჩემპიონობას შევძლებთ. ამისთვის ნამდვილად არაფერს დავიშურებთ, მაგრამ მეორე ადგილიც არ იქნება ურიგო მიღწევა.

ევროპის ლიგაზე კი, არ ვიცი, ვინ შეგვხვდება. სუსტი მეტოქე არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ბოლოდროინდელი თამაში მაიმედებს და ვიცი, რომ თავს არავისთან დავზოგავთ.

ყოველთვის გვერდში გვიდგანან "ტორპედოს" გულშემატკივრები, რომლებიც საქართველოში საუკეთესონი არიან. გასვლით მატჩებშიც ისეთ გარემოს გვიქმნიან, თითქოს შინ ვთამაშობდეთ. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის უდიდესი სტიმულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული