"საბურთალო": გურამ გოშთელიანი ისრაელში მკურნალობს

AutoSharing Option
შარშან, 22 მაისს, "საბურთალო" ქუთაისში "ტორპედოს" ესტუმრა. იმ შეხვედრაში გურამ გოშთელიანი შეცვლაზე შევიდა და 92-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. მას შემდეგ 20 წლის თავდამსხმელს აღარ უთამაშია, მაგრამ მიზეზი დისკვალიფიკაცია არ იყო - გოშთელიანს "წითელი" ბარათი ტრავმამ "უჩვენა" და ეს ნიჭიერი თავდამსხმელი უკვე ერთი წელია, ვეღარ მომჯობინდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ტრავმის გამო იძულებით ისვენებს და გუნდს ვერ ეხმარება. კლუბის პრესატაშის, კახა მგელაძის ცნობით, გოშთელიანი ისრაელში გაემგზავრა, სადაც რეაბილიტაციის კურსს გაივლის. ის თელ-ავივში მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ცენტრ ASSUTA-ში რეაბილიტაციის 20-დღიან კურსს გაივლის,
თბილისში დაბრუნდება და რეაბილიტაციის პროცესს ცენტრის ექიმების მეთვალყურეობით გააგრძელებს.

"დიდი ხანია, ძვლის ანთება მაწუხებს და ტრავმა საკმაოდ გამიმიზეზდა. მეუბნებიან, რომ ისრაელში მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ მოედანზე დაბრუნების 90-პროცენტიანი შანსი მექნება. მჯერა, მალე გამოვჯანმრთელდები და თამაშს ისევ გავაგრძელებ", - ამბობს გოშთელიანი.

ამას გარდა, 2 კვირა იძულებით გაგი მარგველაშვილიც დაისვენებს. "საბურთალოსა" და ახალგაზრდული ნაკრების მცველმა "ლოკომოტივთან" შეხვედრაში მესამე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც გორის "დილასთან" მომდევნო შეხვედრას ავტომატურად გამოტოვებდა, მაგრამ...

თამაშის გაცდენის მიზეზი ტრავმაც არის - მარგველაშვილი იმავე შეხვედრაში დაშავდა კიდეც და შესაცვლელი შეიქნა. მას მარჯვენა ტერფის იოგებისა და მყესების დაჭიმულობა აღმოაჩნდა და "საბურთალოს" ცნობით, ვარჯიშს ორი კვირის შემდეგ განაახლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული