"იქ ცეცხლი ენთო" - რა ხდებოდა "დილას" გასახდელში ბათუმური მატჩის შესვენებისას?

AutoSharing Option
გორის "დილამ" ისეთი რამე გააკეთა, საქართველოს ჩემპიონატში კი არა, სხვა ლიგებშიც იშვიათად რომ ხდება - თამაშის დასრულებამდე 18 წუთით ადრე მასპინძელი ბათუმის "დინამო" 2-ბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, თუმცა გორელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს, მეტოქის ყველა შეცდომით ისარგებლეს და დარმატულ შეხვედრაში 3:2 გაიმარჯვეს.

- დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]

...ეს არ იყო შემთხვევითი 3 ქულა. ჯერ ერთი, "დილას" მწვრთნელმა ზივ არიემ სამივე ცვლილება "ათიანში" მოარტყა. გოლი და საგოლე პასი მიითვალა ნუბიო ფლავიომ, გაიტანა გიორგი ფოფხაძემ, თამაშში აქტიურად ჩაება ირაკლი ძარიაც...

სხვათა შორის,
არიეს ხელმძღვანელობით, "დილას" პირველად არ მოუტრიალებია თითქმის წაგებული მატჩი. ასე იყო ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "ლოკომოტივთან" გასვლით შეხვედრაში, რომელიც 3:3 დასრულდა მას მერე, რაც პირველი ტაიმის შემდეგ 1:3-ს აგებდა...

ფაქტია: საქართველოს ჩემპიონატმა ზივ არიეს სახით ძალიან საინტერესო და არაორდინარული მწვრთნელი შეიძინა, რომელიც ხშირად მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ, ყოველთვის არ თამაშობს დაწერილი წესებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის საქმიანობას საქართველოში...

ზოგადად, არავინ დავობს იმაზე, რომ ოთხშაბათს ჩვენს პირველობაზე იშვიათი და განსაკუთრებული რამ მოხდა. რა და როგორ იყო "დილას" ბანაკში, ამის თაობაზე კლუბის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯოხაძე გვესაუბრება:

ერთად დგომის შედეგი
"ეს იყო გუნდში არსებული ერთსულოვნების შედეგი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი კლუბის თითოეულ წევრს, ფეხბურთელებს, რომლებმაც მართლაც რომ შეუძლებელი შეძლეს...

გულშემატკივრებს, რომლებიც გამოგვყვნენ ბათუმში და ბოლომდე გვიქომაგეს... ეს შედეგი მოიტანა ერთად დგომამ და ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ასევე გავაგრძელებთ...

ზივ არიემ ახალი შემართებით განაწყო ფეხბურთელები და სწორედ ამის შედეგი იყო წინა ტურში საჩხერის "ჩიხურასთან" მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. ბათუმში კი, ჩემი აზრით, მართლაც განსაკუთრებული მატჩი შედგა.

შეიძლება "რაგბი არენაზე", ტექნიკური თვალსაზრისით, იდეალური გარემო არ არის ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ გულშემატკივრებმა ისეთი აურა შექმნეს, ცუდად თამაში, უბრალოდ, შეუძლებელი იყო...

მერე რა, რომ მასპინძელი ბათუმის "დინამო" იყო, ასეთი ქომაგობა, ასეთი ატმოსფერო ორივე გუნდისთვის დიდ სტიმულად იქცა და ეს საგანგებოდ აღნიშნა ჩვენმა მწვრთნელმაც. მატჩშიც ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. როცა მასპინძლები უკეთ თამაშობდნენ, იგებდნენ კიდეც, მერე ჩვენ, ძალიან დიდი ენერგიის ფასად, მატჩის შემოტრიალება შევძელით და გავიმარჯვეთ".

განწყობა და ცვლილებები
"შესვენებისას ჩვენი გუნდის გასახდელში ცეცხლი ენთო, - გვიყვება ჯოხაძე. - მთავარმა მწვრთნელმა მოახერხა და იმედი ჩაუსახა გუნდს, რომელიც, პირდაპირ უნდა ითქვას, ყურებჩამოყრილი იყო პირველი ტაიმის შემდეგ. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა, მნიშვნელოვნად განსაზღვრა შეხვედრის საბოლოო შედეგი...

რაც შეეხება ცვლილებებს... როცა ორი ბურთით აგებ, მცველისა და საყრდენის გამოყვანა თითქოს ლოგიკიდან აბსოლუტურად ამოვარდნილია, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რა მოიტანა ამ ცვლილებებმა...

საბოლოო ჯამში, ჩვენ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზივ არიეს ყველა ნაბიჯმა გაამართლა და დიდწილად ამიტომაც შევძელით ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩის მოგება".

თავში ავარდნა არ იქნება!
"ჩვენ, როგორც ხელმძღვანელობა, ისე ფეხბურთელები, ამ შემობრუნებას და იმ ძველ "ქამბექებსაც", რომელიც ადრე იყო ჩვენი გუნდის შესრულებით, თუნდაც იმავე "ლოკომოტივთან", ვიღებთ, როგორც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნაწილს და არა, როგორც - დიდ წარმატებას.

სულაც არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ კლუბის ისტორიაში ეს მოვლენა ოქროს ასოებით ჩავწერეთ. ისიც კარგად ვიცით, რომ ჯერ უამრავი სამუშაო გვაქვს მანამ, სანამ "დილა" იმ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რომელიც ჩვენ გვაქვს...

ასე რომ, კლუბის ხელმძღვანელობა და "დილას" თითოეული ფეხბურთელი მუხლჩაუხრელად აგრძელებს შრომას და მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი "თავში ავარდნა" არ იქნება!

მომავალ ტურში ჩემპიონატის ლიდერს, საუკეთესო ფორმაში მყოფ თბილისის "დინამოს" ვეთამაშებით. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ვეცდებით, ჩვენი ქომაგი კიდევ ერთხელაც გავახაროთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული