[აქტუალურ თემაზე] საძირკველი რომ მტკიცე იყოს...

AutoSharing Option
ამასწინათ, სოციალური ქსელით გულშემატკივარი შემეხმიანა - პირადად თქვენ ყველაფერზე ამახვილებთ ყურადღებას, ბავშვთა ფეხბურთზე კი ძალიან ცოტას წერთ, თუ სახლი თავიდან არ ავაშენეთ, ისე არაფერი გამოვა, სახლი საძირკვლიდან შენდება და არა სახურავიდანო.

ვერაფერს იტყვი, მართალი იყო ის კაცი და გადავწყვიტე, ვრცელი წერილი მიმეძღვნა ამ მეტად მნიშვნელოვანი თემისთვის. ესაა, სიჩქარე ამ თემას არ უხდება და არც ავჩქარებულვარ: სადაც და ვისთანაც ხელი მიმიწვდა, გამოვიკითხე არსებული პრობლემები, ის სატკივარი, დღეს ბავშვთა ფეხბურთს რომ აწუხებს.

რა თქმა უნდა, ამ უაღრესად საინტერესო და ტევად თემას ბოლომდე
ვერ ამოვწურავთ, მაგრამ თუ ცოტათი მაინც შევეხებით მტკივნეულ საკითხებს, ჩვენს მისიას ნაწილობრივ შესრულებულად ჩავთვლით...

ინფრასტრუქტურა და არა მარტო...
დღეს საქართველოში რამდენიმე ისეთი სკოლაა, ინფრასტრუქტურის კუთხით პრობლემა რომ არ აქვს. ასეთი სკოლების უმრავლესობა დედაქალაქშია თავმოყრილი. "დინამო", "საბურთალო", "ლოკომოტივი", თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემია და კიდევ ერთი-ორი სკოლა. ეს ის კერებია, რომლებიც თავიანთ საფეხბურთო სკოლებში ბავშვებს შესანიშნავ პირობებში ზრდიან.

ცალკე უნდა აღინიშნოს ის, რომ თბილისში არაერთი კერძო, პატარა საფეხბურთო სკოლაა, რომელიც, თუნდაც ინფრასტრუქტურის მხრივ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არადა, იქ თავისი საქმის პროფესიონალები მრავლად არიან, თუმცა მოიძებნებიან შემთხვევითი ადამიანებიც...

სამაგიეროდ, უარესი მდგომარეობაა რეგიონებში. იმ ქალაქისა თუ რაიონის გუნდებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ და უმაღლეს ლიგებში ასპარეზობენ, კიდევ აქვთ გარკვეული პირობები. ამავე მარაქაში უნდა გავრიოთ ზესტაფონი. საკლუბო აკადემიის განკარგულებაშია შესანიშნავი ბაზა.

"გარკვეულ პირობებში", უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ინფრასტრუქტურას. აი, შემდეგ კი იწყება დიდი უფსკრული...

დღეს ბევრი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელის გასაზრდელად აუცილებელი არ არის ზღაპრული პირობები. რა თქმა უნდა, არავინ ითხოვს იმას, რომ ჩვენმა ბავშვებმა "სანტიაგო ბერნაბეუსა" და "კამპ ნოუზე" ითამაშონ, მაგრამ დღეს სხვა დრო და სხვა მოთხოვნებია. დღეს ფეხბურთელი ვერ გაიზრდება მიწაზე თამაშით. მას მინდორი მაინც სჭირდება იმისთვის, რომ მოუმატოს. აღარაფერს ვამბობთ სწორ კვებაზე, აღდგენით საშუალებებსა და სხვა სიამოვნებებზე, რომელიც დღეს ევროპაში ზედმეტ ფუფუნებად ნამდვილად არ ითვლება...

მაგრამ ერთია ინფრასტრუქტურული პრობლემები და მეორე - ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული მწვრთნელების დონე. თანამედროვეობამ მათ მიმართ მოთხოვნები ძალიან გაზარდა. თბილისშიც და რეგიონებშიც არიან მწვრთნელები, რომლებიც თავიანთ საქმეს პირნათლად აკეთებენ და არცთუ დიდი ანაზღაურების ფონზე ბოლომდე იხარჯებიან, მაგრამ არის მწვრთნელთა კატეგორიაც, რომელიც ამ საქმეში მხოლოდ მინიმალური შემოსავლის წყაროს ხედავს, იმ შემოსავლისა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, როგორმე ოჯახი გამოკვებოს.

არ არის გასაკვირი, რომ ეს კატეგორია საერთოდ არ ფიქრობს პროგრესზე, ფიქრობს მხოლოდ დღევანდელ დღეზე...

რა წარმატებას უნდა მიაღწიოს ფეხბურთელმა, რომლის მწვრთნელიც დილით ნაბახუსევზე მიდის ვარჯიშზე, ბურთს გადაუგდებს ბიჭებს და "ორკარას" თამაშს დაავალებს, თვითონ კი მშვიდად წამოწვება ჩრდილში და შორიდან არხეინად უმზერს მოზარდთა გარჯას?!

სამწუხაროდ, ამ საქმეს ლიცენზია არ შველის. C კატეგორიის ლიცენზია კი არა, სულაც უმაღლესი ხარისხის სამწვრთნელო დიპლომი რომ მისცე, ასეთ მწვრთნელებს, პროფესიული კუთხით, უკვე აღარაფერი ეშველებათ.

ასეთების მთავარი მიზანი ის არის, როგორმე შედეგი აჩვენონ, რათა მშობლებისგან აღებული ფულის მართებულობა დაამტკიცონ. ეს კი დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. როგორ უნდა ისწავლოს მან ფეხბურთი, როცა პატარაობიდანვე მწვრთნელი შედეგზე ფიქრს აიძულებს? როგორ უნდა მიეჩვიოს ლაღ თამაშს, კაცის მოტყუებას?..

გარდა ამისა, ეს მოზარდის ფსიქოლოგიასაც ანგრევს...

ლოგიკური ჯაჭვი
ეს მხოლოდ ფეხბურთში კი არა, ცხოვრებაშიც ასე ხდება: ერთი პრობლემა წარმოშობს მეორეს, მეორე - მესამეს და ასე შემდეგ. ანუ საქმე გვაქვს ჯაჭვურ რეაქციასთან. საიდუმლო არავისთვისაა, რომ დღეს ბავშვთა ფეხბურთში ძალიან დიდია ზღვარი მოწინავეებსა და აუტსაიდერებს, გნებავთ, საშუალოებს შორის. ეს კი უკეთეს ხვალინდელ დღეს დიდ კითხვის ნიშანს უსვამს.

მერე გვიკვირს, საერთაშორისო ასპარეზზე რატომ ვერ უგებენ ჩვენი ბავშვები ევროპის წამყვან კლუბებს. მწვრთნელების დონე იქით იყოს და, აქ კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - ევროპული კლუბებისთვის ასაკობრივი ჩემპიონატის თითქმის ყველა თამაში საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. მოზარდი მისთვის მთელი ციკლის (ვთქვათ, ერთი კვირის) განმავლობაში თავდადებით და მონდომებით ემზადება.

და რა ხდება ჩვენთან? სეზონში ლიდერი გუნდი მხოლოდ სამ-ოთხ საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვან თამაშს თამაშობს, დანარჩენი კი უბრალო მოთელვაა და მეტი არაფერი. ფეხბურთელი ბოლომდე ვერაფრით დაიხარჯება იმ შეხვედრაში, რომლის შედეგიც მან წინასწარ იცის. იცის, რომ აუცილებლად ორნიშნა ანგარიშით მოიგებს.

ფაქტია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ კუთხით სათამაშო დონის გათანაბრება უნდა იყოს. ოღონდ, აქ არის ერთი კონკრეტული პირობა - ეს უნდა მოხდეს აუტსაიდერების სათამაშო დონის ზრდის და არა ლიდერთა ოსტატობის დაკნინების ხარჯზე!

რეგიონების პრობლემა
ყველამ იცის, რომ დღეს საქართველოს ბევრ ქალაქსა თუ რაიონში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და მწვრთნელების განათლების ხარისხი უღრესად დაბალია. მშობლებს ბავშვი ფეხბურთზე ერთადერთი იმედით შეჰყავთ - მაგარი ფეხბურთელი დადგება და რომელიმე თბილისური, წელგამართული კლუბის სელექციონერი თუ ხელმძღვანელი მიაქცევს ყურადღებას, რითაც ბავშვის წინაშე სრულიად ახალი სამყარო და შესაძლებლობები გადაიშლება...

რა თქმა უნდა, თვითონ ბავშვისთვისაც კარგია, როცა საშუალება ეძლევა, უფრო კარგ მწვრთნელთან ივარჯიშოს, უკეთეს გარემოში განავითაროს საფეხბურთო ნიჭი, მაგრამ... ეს ხომ ერთეულთა ხვედრია?

სად არის იმის გარანტია, რომ, ვთქვათ, 11-12 წლის საშუალო მონაცემების რაიონელი ბავშვი, საბოლოო ჯამში, იმაზე უკეთესი ფეხბურთელი არ გახდება, ვიდრე ის "ვარსკვლავი", რომელიც დღეს უფრო ჩანს?

კიდევ ერთი პრობლემა: არსად ისე უდიერად არ ექცევიან საშუალო ნიჭის ფეხბურთელებს, როგორც საქართველოში. არადა, ყველა მესი და რონალდო ვერ იქნება. ჩვენ კი ასეთი მიდგომით ამ "საშუალოებს" მომავლის იმედსა და პროგრესის შანსს ვუკლავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აშკარად იმსახურებს ცალკე წერილს, მანამდე კი ისევ ჩვენ მიერ თავიდან არჩეულ ხაზს გავყვეთ...

ზემოთ იმ ბავშვებზე დავწერეთ, ადრეულ ასაკში რაიონებიდან თბილისში რომ მიდიან და ჩვენი ქვეყნის წამყვან საფეხბურთო სკოლებში ირიცხებიან. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეს კარგია, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - მოზარდის გონება და ცნობიერება ჯერ მზად არ არის დიდი გარდაქმნებისთვის. არაერთი მაგალითი ვიცი, როცა საკუთარ ქალაქსა თუ რაიონში გამორჩეულ ბავშვს დაუკარგავს განსაკუთრებული თვისებები და მასაში გათქვეფილა...

გამოსავალი
ჩემი გათვლით, საკმარისი ვერა, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც მისაღები იქნება საქართველოს მეტნაკლებად საფეხბურთო თითო რეგიონში მინიმუმ ორი საფეხბურთო ცენტრის ჩამოყალიბება, სადაც მოზარდები კარგ პირობებში დაეუფლებიან საფეხბურთო განათლებას.

ზუსტად ვიცი, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე ფიქრობენ და ეს ძალიან კარგია. ცხადია, ეს სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით - ასეთი საქმისთვის თანხის მოძიება აუცილებელია.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ სახეზე გვყავს ქართული საფეხბურთო ინდუსტრიის დღევანდელი პროდუქტი, რომლის ხარისხიც, მთლიანობაში, ძალიან დაბალია, თუმცა ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის.

იმ რეგიონებიდან კი, რომლებიც ჩვენში ნაკლებად საფეხბურთოდ ითვლება, გამორჩეული ბავშვები ახლოს მდებარე ცენტრებში ჩავლენ სასწავლებლად. ასეთ ცენტრებში ბოლომდე უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ საფეხბურთო განათლებასთან ერთად, მოზარდს ზოგადი განათლებაც სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთელები კი არა, პიროვნებებიც უნდა აღვზარდოთ...

აუცილებელი  პირობა
მახსოვს, ნოდარ ახალკაცი-უმცროსის პრეზიდენტობისას, ფეხბურთის ფედერაციას ძალიან საინტერესო პროექტი ჰქონდა - საფეხბურთო სკოლების ინსპექტირება. მაშინ იმ ფედერაციამ მალევე დალია ჩაილურის წყალი და ჩანაფიქრის განხორციელება აღარ დასცალდა. მას შემდეგ, ეს პრობლემა, მეტი თუ არა, ნაკლები სიმძაფრით ნამდვილად არ დგას ჩვენ წინაშე.

დროა, ფრჩხილები გავხსნათ და დავწეროთ, რასაც ვგულისხმობთ. მაშინ ავტორიტეტული, მიუკერძოებელი ადამიანებისაგან უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც საქართველოში არსებულ ყველა საფეხბურთო სკოლას შემოივლიდა, დაწვრილებით შეაფასებდა მათ ავ-კარგს და მიანიჭებდა შესაბამის კატეგორიას, ზოგიერთს კი საერთოდ აუკრძალავდა ფეხბურთში საქმიანობას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
რამდენი რეგიონალური ფედერაციაა საქართველოში? რა დანიშნულება აქვთ მათ?? სანამ ფეხბურითი ფასიანი იქნება დაიმახყოვრეთ ხალხო; რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა! მართალია ყველაფეი ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ იმ პრემიების სანაცვლოდ რასაც გუნდებს უხდიან , აჯობებს რომ ეს ფული íნფრასტუქტურას და ბავშვთა ფეხბურთს მოახმარონ. ამიტომ საჭიროა არა მარტო თბილისში არამედ რეგიოებშიც (რეგიონალური ფედერაციების მიხედვით) ჩამოყალიბდეს საფეხბურთო აკადემიები!
sabagio13
21:24 14-05-2017
0
Yvela skolaze maqvs inpormacia titqmis yvela gundi moviaret da arsad mcvrtnelis msgavsic ki araa.konkretulad shemizlia saubari sad ra xdeba magram VI's ainteresebs?!
Zviad
13:19 14-05-2017
0

სიახლეები პოპულარული