[ექსკლუზივი] "ტორპედოს" რომ ვიყიდი, კლუბი წლიურად 5 მილიონით დაფინანსდება"

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-ს ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე გასაყიდად ახლო მომავალში გავა. ამჟამად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზა კლუბის საწყის ფასს ადგენს, რომლითაც ის აუქციონზე გავა.

იანვარში სამხარაულის ექსპერტიზამ ქუთაისური კლუბი 700 000 ლარად შეაფასა, მაგრამ აუქციონი არ გაიმართა. მიზეზად ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა ლარის კურსი დაგვისახელა, რომელიც იანვარში ძალიან არასტაბილური იყო და ამან კლუბის ფასზეც იმოქმედა.

ამასობაში, გავრცელდა ხმები, თითქოს ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ, რომელსაც კლუბის შეძენა სურდა, "ტორპედოს" ყიდვა გადაიფიქრა. ჩაჩავა "ტორპედოში" გასული წლის ივნისში მივიდა და ის პრეზიდენტადაც წარადგინეს,
მაგრამ კლუბი იურიდიულად აქამდე ვერ გადაიფორმა.

ინფორმაცია თავად ჩაჩავასთან გადავამოწმეთ, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა.

"კლუბის ყიდვა არ გადამიფიქრებია. "ტორპედოში" გასული წლის ზაფხულში მოვედი და ეს პროცესები მას მერე მიმდინარეობს. მთელი ეს პერიოდი ვმსჯელობდით იმაზე, თუ როგორ და რა ფორმით გადმომეცემოდა კლუბი.

ვალდებულებებს ვიღებდი, რომ კლუბს წლიურად მინიმუმ 500 000 ლარს დავახარჯებდი. ამასთან, შევქმნიდი უფასო აკადემიას. მე ამ ვალდებულებებს დღესაც ვიღებ, მაგრამ მაინც აუქციონის ფორმით გადმოცემა გადაწყდა.

უბრალოდ, იცით, რა არის?! ძალიან დიდი გაუგებრობაა შექმნილი და მეც ხარჯს ვეღარ ვწევ. არ მინდა საკუთარი თავის ქებად გამომივიდეს, მაგრამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგებაში დიდი წვლილი მიმიძღვის. 200 000 ლარამდე დავახარჯე "ტორპედოს": ფორმები ვიყიდე, ფეხბურთელებს ხელფასები გადავუხადე, შეკრებები გავუკეთე...

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ქომაგთა კლუბ "ჯუნგლებს", რომლებიც ძალიან მაგრად უდგანან გუნდს გვერდში და მადლობა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს. ჩვენ, ყველანი ერთ გუნდად ვიყავით და იმ პერიოდში ეს იყო ჩვენი მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ახლა კი გუნდის საქმეებში ვეღარ ვერევი...

Sportall.Ge
ფოტოზე: ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" ლიდერი ლევან დანელია და ზაალ ჩაჩავა

კლუბის მიზანი წელს ქვეყნის ჩემპიონობა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგად გამოსვლაა, ამას კი ახალი ფეხბურთელების მოყვანა და ბევრი სხვა რამ სჭირდება, რასაც ასეთი სტატუსით ვერ ვახორციელებ. ძალიან მიჭირს: თითქოს ჩემია "ტორპედო", მაგრამ ამავე დროს, არ არის. ხალხმა იცის, რომ მე ვპატრონობ ამ კლუბს, მაგრამ არ ვჩანვარ, რადგან გაურკვევლობაში ვარ და სწორად გამიგეთ, ძალიან მიჭირს.

ქუთაისის მერია ნამდვილად ცდილობს, ეს პროცესი დააჩქაროს, მაგრამ სამხარაულის ექსპერტიზა ხან ერთ საბუთს გვთხოვს, ხან მეორეს... 700 000 ლარი კი იყო პირველადი ფასი, მაგრამ არავის ეგონოს, რომ, აი, გადავიხდი ამ თანხას და ეგაა... ეს სიმბოლური ფასია. აქ დიდი ვალდებულებებია...

ჩემი მხრიდან, წელიწადში 1 000 000 ლარი დაიხარჯება. ამას რომ დავუმატოთ მინი-ინვესტორები, რომლებიც კლუბში მოვლენ, რომ დავუმატოთ ფეხბურთის განვითარების ფონდის თანხა და ის თანხა, რასაც მატჩების მოგებით მივიღებთ, გამოვა, რომ ჩემი მოსვლის შემდეგ "ტორპედოს" ყოველწლიური დაფინანსება 5 მილიონი ლარი იქნება და გვეყოლება ძალიან კარგი გუნდი, რომელიც სტაბილურად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

ველოდები აუქციონს. როგორც ვიცი, შემდეგ კვირას გაიმართება და შევიძენ "ტორპედოს", შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვლება. როგორც ვიცი, ერთადერთი მყიდველი ვარ", - გვითხრა ჩაჩავამ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ესე იგი რა გამოდის? ის რომ აუქციონი ტარდება 1 კაცისათვის და იმის გამო რომ მან საკუთარი ნებით დაახარჯა კლუბს 200 000 ლარი მან უკვე იცის რომ აუქციონში გაიმარჯვებს და კლუბს იყიდის?
ასეთი განაცხადის შემდეგ აუქციონი არ კარგავს უკვე ლეგიტიმურობას? ეს ხომ ფიქციაა და დასჯადიცაა ასეთი აუქციონის ჩატარება? არსად იყო ოფიციალურ გამოცემებში აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე გამოქვეყნებული ინფორმაცია აუქციონზე,ფასზე და პირობებზე,თუ ვინ მიიღებს განაცხადს აუქციონში მონაწილეობის მსურველთაგან,როგორ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აუქციონში უცხოელმა მყიდველებმა.
კითხვები უამრავი,პასუხი კი არანაირი.
QWERTY
15 მარტი 2017 14:01
0
სოფლის შენებას რა უნდა, უნდა იმღეროს კიდე.
giga
15 მარტი 2017 13:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული