"დავრწმუნდი, ქართველზე გულიანად "დინამოს" ვერცერთი უცხოელი გაწვრთნის"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, მისმა მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ და მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ დღეს, 2 მარტს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

- რომან ფიფია: გადავწყვიტე, თბილისის "დინამოს" ბაზა ქალაქგარეთ გავიტანო!

კლუბის მფლობელმა, სხვა საკითხებთან ერთად, "დინამოდან" ვიაჩესლავ გროზნის წასვლასა და კახა კაჭარავას დანიშვნაზეც ისაუბრა. ფიფიას თქმით, ვერცერთი უცხოელი მწვრთნელი იმუშავებს "დინამოში" ისე გულიანად, როგორც ქართველი...

"კახა კაჭარავა დაბრუნდა "დინამოში". ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი კრიტიკული მესიჯი წავიკითხე არა კახასადმი, არამედ მწვრთნელების ხშირ ცვლასთან დაკავშირებით.

რა არის, იცით?! კრიტიკა ძალიან
ადვილია მაშინ, როცა არაფერს აკეთებ, მაგრამ ნურავინ იფიქრებთ, რომ ჩემთვის ძალიან მარტივია ადამიანთან ჯერ კონტრაქტის გაფორმება, შემდეგ კი ორ თვეში მასთან დამშვიდობება. უბრალოდ, არის პრინციპები, რომელთა დარღვევა როგორც ჩემთვის, ისევე "დინამოში" ნებისმიერი მომუშავე პერსონალისთვის არ შეიძლება.

ვიაჩესლავ გროზნის შეექმნა ოჯახური პრობლემები და მისი მუშაობის პირობები ჩემთვის მიუღებელი იყო. ამიტომ ადამიანურად დავშორდით ერთმანეთს. მისი მუშაობა, ვარჯიშები და სტილი მომწონდა, მაგრამ დღეს ის უკვე სახლშია, აქ კი კახა კაჭარავაა. ამით გროზნიზე საუბარს ვასრულებ.

კახას დიდი ხანია ვიცნობ. ის სულით და გულით დინამოელია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენი წლის განმავლობაში არაერთი უცხოელი მწვრთნელი გვყოლია. სათითაოდ მათ დახასიათებას არ დავიწყებ, თუმცა ერთ რამეში დავრწმუნდი: ჩვენი საქმე ქართველმა უნდა აკეთოს! ისე გულიანად, როგორც ქართველი, "დინამოს" სხვა ვერ გაწვრთნის. მე ეს ვერცერთ უცხოელ მწვრთნელში ვერ დავინახე. ისინი აქ მუშაობდნენ, ოდნავ უკეთესი შემოთავაზების შემთხვევაში კი წასასვლელად მიზეზს ყოველთვის პოულობდნენ.

არსად გვეჩქარება. გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები და ამხელა ფუფუნება ამ მხრივ მართლა არასოდეს გვქონია. სამუშაო ძალიან ბევრია და მომავლის იმედით ვართ.

კაჭარავა ჩვენთვის უცხო არ არის. ამიტომ მას სრულ ნდობას ვუცხადებ და ის 3-წლიანი გეგმა, რომელზეც ვსაუბრობდით, მას ჩაბარდება. მთავარია, პროგრესი იყოს და ბავშვები სწორ გზაზე დადგნენ", - თქვა ფიფიამ.
ასევე დაგაინტერესებთ