მარტვილის "მერანი": ციმაკურიძე ტაილანდში, კუპატაძე უგუნდოდ

AutoSharing Option
გიორგი ციმაკურიძე მარტვილის "მერანს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა და საკითხი გადაწყვეტილი იყო, თუმცა...

მარტვილელთა ერთ-ერთ ლიდერს უცხოეთში თამაშის შესაძლებლობა გაუჩნდა და როგორც "მერანის" პრესსამსახური იტყობინება, კლუბის კეთილი ნებითა და ურთიერთშეთანხმებით, მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყვიტა.

ციმაკურიძე კარიერას ტაილანდში გააგრძელებს, სადაც 2012-16 წლებში უკვე თამაშობდა.

გარდამავალ ჩემპიონატში ციმაკურიძემ "მერანში" კარგი სეზონი ჩაატარა და დიდი წვლილიც შეიტანა იმაში, გუნდმა პრო ლიგა 2-ში თამაშის უფლება რომ მოიპოვა და საქართველოს თასის ფინალშიც ითამაშა. ის კარიერის დასაწყისში დონეცკის "შახტარში" ირიცხებოდა და მცველად თამაშობდა. ასევე იყო ალჩევსკის "სტალში",
ლუგანსკის "ზორიაში", სლოვაკურ "ჟილინაში", თბილისის "დინამოში", გოჩა ტყებუჩავას დროს კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს კაპიტნობდა.

მაგრამ 2012 წელს, ტაილანდში რომ გადავიდა, იქ თავდასხმასა და ნახევარდაცვაში აყენებდნენ. მარტვილურ გუნდშიც ძირითადად ნახევარდაცვაში თამაშობდა და 7 გოლი გაიტანა.

"დიდი მადლობა "მერანის" ხელმძღვანელობას, ბიჭებს, გულშემატკივრებს და მთელ პერსონალს ასეთი გუნდურობისა და თბილი დამოკიდებულებისთვის.

ჩემთვის "მერანის" დატოვება ადვილი არ იყო - ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიღე. აქ გატარებული თითოეული დღე ტკბილ მოგონებად დამრჩება და ყოველთვის მემახსოვრება.

"მერანს" წარმატებებს ვუსურვებ და იმედია, პრო ლიგა 1-ში გადასვლას მივულოცავ", - ამბობს ციმაკურიძე.

აქვე ვიტვით, რომ სეზონის ბოლოს "მერანი" მეკარე დავით კუპატაძემ დატოვა, რომელიც კვლავ უგუნდოდ არის:

"მარტვილიდან წასვლის დროს, გორის "დილაში" მაშინდელ მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს ველაპარაკე და იმედი მქონდა, რომ მასთან გადავიდოდი, მაგრამ ვითარება შეიცვალა - სოსიაშვილი გაათავისუფლეს და მეც უგუნდოდ დავრჩი.

ახლა მოლაპარაკება ორ გუნდთან მაქვს, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი წარმატებები.ეს საჩხერელი კაცი ვერ დაგინახეს და არც (იცოდნენ)ჩვენმა ვაი მწვთნელებმა.აქ ასეა ან ნათლული უნდა იყო ვინმესი ან ძმაკაცი.....
ჩიხურა
15:49 26-01-2017
0

სიახლეები პოპულარული