U19. ალბანეთი-საქართველო 0:1 - შანსი შევინარჩუნეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უელსთან წარუმატებელი სტარტის შემდეგ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილთა ელიტრაუნდში მოხვედრის შანსი ალბანეთთან მოგებაზე გადიოდა. პატარა "ჯვაროსნებმა" უმძიმესი ბრძოლით გულშემატკივარი კარგა ხანს ანერვიულეს, მაგრამ მიზანს ბოლოს მაინც მიაღწიეს...

ავსტრიასთან მარცხის შემდეგ ალბანელებმა მოსაგებად ფრთხილი ტაქტიკა და კონტრშეტევები ამჯობინეს. ანალოგიურ მდგომარეობაში იყვნენ ქართველებიც, მაგრამ მასპინძლის სტატუსი და ამბიცია მაისურაძის გუნდს მსგავსი ტაქტიკით თამაშის უფლებას არ უტოვებდა. ამიტომ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს პირველივე წუთიდან შეუტია.

პირველი მატჩის შემდეგ, როგორც მაისურაძის მიერ იყო დაანონსებული, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში კორექტივები შევიდა. თამაში ჩვენი გუნდის ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა,
მაგრამ მეტოქის კარის აღება ჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ საამისო შანსებიც გვქონდა...

თავიდან ალბანეთს გიორგი არაბიძემ შეუტია, რომელმაც ორჯერ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ მეკარე გენტიან სელმანმა საიმედოდ ითამაშა. მალე სტუმართა კარს ასევე ორჯერ დაემუქრა ბექა გვარაძეც და სელმანი ამ შემთხვევაშიც მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ალბანელებმა მწვავე კონტრშეტევის წამოწყება მხოლოდ 24-ე წუთზე მოახერხეს, მაგრამ ადრიტ დელიუს დარტყმამ მიზანს ვერ უწია. მალე კი სტუმრებს ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ: 28-ე წუთზე არაბიძე დაცვას ალბანელთა სწრაფი კონტრშეტევის ჩაშლაში ეხმარებოდა, როცა გადაცემა ჩაჭრა და... ბედად ბურთი მეკარე ოთო გოშაძემ იგდო ხელთ...

მსაჯმა ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა ბურთის მეკარისთვის დაბრუნებას და დანიშნა თავისუფალი დარტყმა. ფედერიკო ზენუნის დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან გვარაძემ გამოიტანა და თავისიანები გადაარჩინა.

...38-ე წუთზე, დელიუს კუთხურის შემდეგ, კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩა რუბინ ჰებაი, რომელმაც ზუსტად ვერ დაარტყა და ამ ეპიზოდშიც გაგვიღიმა ფორტუნამ.

მეორე ტაიმი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების უპირობო უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენებს თამაშის გაშლა და მეტოქის დაცვაში თავისუფალი ზონების მოძებნა უჭირდათ. ერთი გულშემატკივარი ხუმრობდა - ჩვენებმა "ლელოს" დადება მოინდომეს, შორიდან კარში კი თითქმის არ ურტყამდნენო.

ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 56-ე წუთზე გვქონდა. არაბიძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გურამ გოშთელიანმა ბურთი ვერ დაიმორჩილა და მომენტი ქარს გაატანა.

67-ე წუთზე ერთხელაც გაგვიჭირდა - ზენუნმა მეკარესთან პირისპირ დატოვა ჰებაი, რომელიც მეკარე გოშაძეს კი გასცდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ვეღარ გაიტანა.

ამ ეპიზოდმა ჩვენი გუნდი თითქოს აიძულა, დაცვისთვის უფრო მეტი ყურადღება დაეთმო, მაგრამ სიფრთხილის დრო აღარ იყო. ჯერ გვარაძის პასის შემდეგ არაბიძემ დაარტყა ძლიერად, მერე კი გოშთელიანის გადაცემით თავად გვარაძემ შეუტია, ხოლო მე-80 წუთზე ლადო მამუჩაშვილმა მოზომილი გადაცემით გოშთელიანი მეკარესთან პირისპირ დატოვა - სამწუხაროდ, "საბურთალოს" შემტევმა ვერც ამჯერად გაიტანა.

თამაში დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ირაკლი კომახიძის ინდივიდუალიზმმა გვიშველა. ქობულეთის "შუქურას" მცველმა ნამდვილი სლალომი მოაწყო - სამ მცველს შუა ნემსივით გაძვრა და მეკარის საჯარიმოსთან მარტოდ დარჩენილი გოშთელიანი მოძებნა, ვინც ბურთი მიზანში გაგზავნა - 1:0.

ამით ვასილ მაისურაძის გუნდმა ელიტრაუნდში გასვლის შანსი შეინარჩუნა. VIII ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ავსტრიამ 2:0 დაამარცხა უელსი და 6 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ჯგუფიდან გასასვლელად, საქართველოს ნაკრებს ბოლო ტურში სწორედ ავსტრიასთან გამარჯვება სჭირდება.

სამწუხაროა, რომ ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებას გამოტოვებს გიორგი არაბიძე, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს უელსსა და ალბანეთთან მიღებული ორი ყვითელი ბარათის გამო ვერ დაეხმარება.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VIII ჯგუფი. II ტური
14.11.15. თბილისი. "მიხეილ მესხი". 2 500 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 გოშთელიანი (86. კომახიძის პასით)
ალბანეთი: სელმანი - კრასნიკი, დოკსანი, ტოლი, ჰუმოლი - ლალაი (87. ცემა), ზენუნი - ლიჩკოლარი (79. ჰისენი), გრიპში (72. ნდრაკში), დელიუ - ჰებაი.
სათადარიგოები: კასტრატი, პულა, ახმეტი, ტოლა
მწვრთნელი: არიან ბელაი
საქართველო: გოშაძე, პაპუაშვილი, კაკიაშვილი, ნადარია, კომახიძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (46. ბაშელეიშვილი), გვარაძე (77. ართმელაძე), ბიძინაშვილი (62. კიკნაძე), არაბიძე, გოშთელიანი.
სათადარიგოები: გუგეშაშვილი, ახალაძე, მიქელთაძე, ლოჩოშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: კრასნიკი (19), დელიუ (41), ჰუმოლი (75), არაბიძე (76), ჰებაი (88)
არბიტრი: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 2 2 0 0 4-1 6
2. უელსი 2 1 0 1 3-2 3
3. საქართველო 2 1 0 1 1-3 3
4. ალბანეთი 2 0 0 2 1-3 0

ბოლო ტური
17 ნოემბერი
"მიხეილ მესხი" (სათ). 14:00
უელსი-ალბანეთი

"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-ავსტრია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული