გერმანია-ჰოლანდია 1:4 - გაჩერებული გერმანული მანქანა

AutoSharing Option
გერმანიისა და ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრით დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიაში უეფას გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორიდისი და ეროვნული ასოციაციების ხელმძღვანელი ზორან ლაკოვიჩი მონაწილეობდნენ, რომლებიც საგანგებოდ ამ დღისთვის იყვნენ ჩამოსულები. სტადიონის შესასვლელთან გაიხსნა დავით პეტრიაშვილის მემორიალური დაფა და სტუმრები სიტყვითაც გამოვიდნენ...

საწყისი 20-25 წუთი გერმანელების დომინირებით მიმდინარეობდა. ისინი მეტოქეზე გაცილებით ორგანიზებულად და აგრესიულად თამაშობდნენ და საგრძნობ უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს, მერე კი ჰოლანდია გააქტიურდა და რამდენჯერმე გერმანელთა კართანაც "დაცხა".

რეალური საგოლე მომენტი 32-ე წუთზე, "მანჩესტერ
სიტის" შემტევმა ჯავაირო დილროსუნმა შექმნა, მაგრამ მის უძლიერეს დარტყმას გერმანელთა მეკარე აიკე ბანსენი გადაეღობა.

39-ე წუთზე გერმანია ვალდებული იყო, ანგარიში გაეხსნა: აიმერ ბარკოკის გადაცემით მეკარესთან პირისპირ "დორტმუნდის" თავდამსხმელი ეტიენ ამენიდო დარჩა, თუმცა მშვენიერი მომენტი გაანიავა.

43-ე წუთზე გერმანელმა დენსი გაიგერმა ანგარიშის გახსნა კუთხურიდან სცადა - ჰოლანდიელები მეკარე (და კაპიტანმა) ჯასტინ ბეილოვმა იხსნა.

მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. მაყურებელმა გახსნილი, შემტევი და ძალიან ლამაზი ფეხბურთი იხილა: თამაში ახალი განახლებული იყო, როცა სიდნი ფრიდემ მარჯვენა ფლანგზე მშვენივრად ითამაშა და პენალტის ნიშნულთან ბურთი ბაკოკს გადააწოდა, "აინტრახტის" ფორვარდმა კი ანგარიში გახსნა - 1:0.

ჰოლანდიელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს: მარცხენა ფლანგზე დილროსუნმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მცველებს ჯელ პირუ აუხტა და ბადე ზუსტი თავურით შეარხია - 1:1.

მე-60 წუთზე ბარკოკს დუბლის შესრულებისა და თავისიანების დაწინაურების მორიგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარე ბეილოვმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა, ჰოლანდია გადაარჩინა და როგორც შემდეგ გაირკვა, გუნდს ძალიან მნიშვნელოვან დროს დაეხმარა.

ჰოლანდია ამის შემდეგ ძალიან გააქტიურდა და მალე მეკარის თავგანწირვა უკვე გერმანელებს დასჭირდათ: ბანსენმა ჯარიმიდან დილროსუნის დარტყმა კუთხურზე მოიგერია, მაგრამ "სტანდარტი" დანი დე ვიტმა შეასრულა, კარში თავით ამანდო ობისპომ დაარტყა, კარის წინ მყოფმა პირუმ კი ბურთს მიმართულება მხრით შეუცვალა და დუბლი შეასრულა - 1:2.

მალე დილროსუნის მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა პირუმ კიდევ ერთხელ გაიტანა და ევრო 2017-ზე პირველი ჰეთ თრიკის ავტორიც გახდა.

პირუზე არანაკლებ მშვენიერი თამაში ჩაატარა დილროსუნმა, რომელმაც ჰეთ თრიკი... ასისტენტობაში შეასრულა. 90-ე წუთზე მან ქუსლური პასით გაიყვანა მეკარესთან პირისპირ ჯეი-როი გროტი, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:4.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. B ჯგუფი. I ტური
03.07. თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
გერმანია-ჰოლანდია 1:4
გოლები: 1:0 ბარკოკი (46. ფრიდეს პასით), 1:1 პირუ (49. დილროსუნის პასით), 1:2 პირუ (65. ობისპოს პასით), 1:3 პირუ (79. დილროსუნის პასით), 1:4 გროტი (90. დილროსუნის პასით)
გერმანია: ბანსენი, ბუსამი (82. ბაკუ), გიული, ჰაბოტი, გაიგერი, ფრიდე, ამენიდო, ჰაკი (75. რაუმი), საგლამი (76. ვარშევსკი), კელერტი, ბარკოკი.
სათადარიგოები: შუბერტი, ფრანკე, გეტცე, ავუჯა
მწვრთნელი: ფრანკ კრამერი
ჰოლანდია: ბეილოვი, დეკერი, კადიოღლუ (85. გროტი), ობისპო, კაროლინა, დე ვიტი, კოპმაინერსი, დილროსუნი, ბაკბორდი, ნუნელი (79. ლანგი), პირუ.
სათადარიგოები: პასი, ევარტენსი, კონგოლო, ლონვეიკი, კემპერი
მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი
არბიტრი: მ. კრისტოფერსენი (დანია).

მომავალი მატჩები
A ჯგუფი
5 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-შვედეთი 17:30

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ჩეხეთი-პორტუგალია 20:00

8 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩეხეთი-საქართველო 20:00

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პორტუგალია-შვედეთი 20:00

B ჯგუფი
6 ივლისი, ხუთშაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ინგლისი-ჰოლანდია 17:30

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
გერმანია-ბულგარეთი 20:00

9 ივლისი, კვირა
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ჰოლანდია-ბულგარეთი 20:00

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ინგლისი-გერმანია 20:00

1/2-ფინალი
12 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
B I ადგილი-A II ადგილი 17:00

თბილისი. "მიხეილ მესხი"
A I ადგილი-B II ადგილი 20:00

ფინალი
15 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული