ჩელსი-პსჟ 1:1 (2:2 დ.დ.) - მოურინიო დაცვამ დაღუპა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რამდენიც არ სცადა ჰოლანდიელმა არბიტრმა ბიორნ კუიპერსმა, "სტემფორდ ბრიჯზე" მატჩი ბოლომდე მაინც ვერ "გააფუჭა". მან რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მათ შორის, პირველ რიგში, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაძევება უნდა გამოვარჩიოთ, ოსკართან უხეშობისას. არადა, იბრამ ბოლოს ფეხი გასწია და კონტაქტიც არ ყოფილა ისეთი, როგორც ბრაზილიელმა გააფორმა.

შესვენებაზე სხვადასხვა TV-შოუში თუ სოციალურ ქსელში უმეტესობა შეთანხმდა, რომ მსაჯმა ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა და შეცდა.

თუმცა მან ვალი პარიზელებს პირველი ტაიმის მიწურულს დაუბრუნა, როდესაც დიეგო კოშტამ თითქმის მთელი პსჟ მოატყუა, ბოლოს კი ედინსონ კავანისგან ფეხში მოხვდა,
მაგრამ პენალტი არ დაინიშნა.

პირველ შეხვედრაში პარიზელების აგრესიულობითა და აქტიურობით შეშინებული თუ არა, შეფიქრიანებული "ჩელსი" ათკაციან მეტოქესთანაც არ მიდიოდა ზედმეტ რისკზე და აქეთ ელოდებოდა, როდის გაიხსნებოდნენ სტუმრები.

თითო-ოროლა მომენტი კი შეიქმნა, მაგრამ გოლი 81-ე წუთამდე არ ჩანდა. სამაგიეროდ, იყო მომენტი, როდესაც დიეგო კოშტას გაძევება შეიძლებოდა, მაგრამ იგი ყვითელი ბარათით გადარჩა. ამ ეპიზოდში ესპანელს დავიდ ლუისი გაექაჩა.

ლუისი პირველ შეხვედრაშიც ძალიან შემართული გახლდათ და მატჩამდე ისიც თქვა, მოურინიო თქვენთვის არის განსაკუთრებული, თორემ ჩემთვის კი არაო.

ექსჩელსელმა ადგილობრივი პუბლიკა საბოლოოდ გააღიზიანა, რის გამოც ობსტრუქციას უწყობდნენ, მაგრამ ჯერ სად იყვნენ...

"ჩელსიმ" ისევ მცველების წყალობით იხეირა, გოლის ავტორ გარი კეჰილს ბოლო პასი კოშტამ კი გაუკეთა, მაგრამ ეპიზოდში გარკვეული მონაწილეობა ივანოვიჩმა და ტერიმაც მიიღეს.

პსჟ-ის გეგმა არ შეცვლილა, იმ თვალსაზრისით, რომ სტუმრებს იქამდეც გასატანი ჰქონდათ. თითქოს, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე გახდა, მაგრამ "ლურჯებისა" არ იყოს, თავადაც სტანდარტული მდგომარეობიდან იხეირეს და მერე ვინ გაიტანა? დავიდ ლუისმა! რასაც უმალვე ჟოზე მოურინიოს მზერაშეყინული ახლო კადრი მოჰყვა.

მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც ტიაგო სილვამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ საჯარიმოში ხელით უნდა ეთამაშა და კუიპერსმაც პენალტი დანიშნა. ედენ აზარმა ადვილად გარდასახა და "ჩელსი" კიდევ ერთხელ გავიდა წინ.

იმავე დავიდ ლუისმა შორეული საჯარიმო დარტყმით მოსინჯა გატანა, დაახლოებით ისე, კოლუმბიას რომ შეუგდო მუნდიალზე. სახიფათო გახლდათ, მაგრამ ტიბო კურტუა ადგილზე იყო.

ტიაგო სილვამ კი, ალბათ, ყველა და ყველაფერი გადაფარა, რადგან პსჟ-ის კაპიტანმა თავისი შეცდომა გამოისყიდა და თითქმის უიმედო სიტუაციაში უშველა გუნდს - ისევ კუთხური, ისევ თავური და 2:2.

"ჩელსის" დრო აღარ ეყო. ამ 210-წუთიან დაპირისპირებაში თამაშით პარიზელები მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდნენ, თუ არ სჯობდნენ; თანაც, კარგად გავიაზროთ, რომ აქედან 90 წუთი ათი კაცით, თვით ზლატანის გარეშე ითამაშეს, გასვლაზე ორჯერ აგებდნენ და ორივეჯერ გაათანაბრეს... ამიტომაც უნდა ვაღიაროთ, რომ ლორან ბლანის ბიჭები მეოთხედფინალში სამართლიანად გავიდნენ.

თანაც, წინა წლებს თუ გავიხსენებთ, ერთხელ პსჟ-საც უნდა გამართლებოდა. აი, ინგლისის პრემიერლიგა კი ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ შემდეგ ეტაპზე არც ერთი წარმომადგენელი აღარ ჰყავდეს...

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
ჩელსი-პსჟ 1:1 დ.დ. 2:2
პირველი მატჩი 1:1
გოლები: 1:0 კეჰილი (81), 1:1 დავიდ ლუისი (86), 2:1 აზარი (96-პენ.), 2:2 ტიაგო სილვა (114)

ჩელსი (4-2-3-1):
კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი (91. დროგბა), მატიჩი (84. ზუმა) - ოსკარი (46. ვილიანი), ფაბრეგასი, აზარი - დიეგო კოშტა
პსჟ (4-5-1): სირიგუ - მარკინიოსი, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ტიაგო მოტა, ვერატი (82. ლავესი), მატუიდი (82. რაბიო) - პასტორე (118. ვან დერ ვილი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი
გაფრთხილება: ოსკარი, რამირესი, დიეგო კოშტა - მოტა, მატუიდი, დავიდ ლუისი, ვერატი
გაძევება: იბრაჰიმოვიჩი (31)
კუთხური: 7-11 ჯარიმა: 21-17 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 13(5)-12(6) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 37 692

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
"ჩელსიზე" დადებულის რომ მქონოდა ფული.მაინც პსჟ-ს გასვლას ვიოცნებებდი,მარტო დიეგო კოსტას გულისთვის.შემაძულა "ჩელსიც" და საკუთარი თავიც მაგ არაკაცმა.
ზლატანი დაიჩაგრა,მარა კაი ტიპია.ვულოცავ!!!
Zaza
18:56 12-03-2015
0
"თვითმარქვია" "განსაკუთრებული"! 0:0-ზე როგორ უნდა ითამაშოს ინგლისის პრემიერლიგის ლიდერმა?
გიორგი
10:25 12-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული