არსენალი-ბაიერნი 0:2 - "ბაიერნი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
ორი გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი, გაძევება და საოცნებო გოლი - ეს ყველაზე მოკლე აღწერაა იმისა, რაც 19 თებერვალს ლონდონში, "არსენალსა" და "ბაიერნს" შორის გამართულ საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში ვნახეთ.

საბოლოო ჯამში, მიუნხენურმა გრანდმა "არსენალი" 2:0 დაამარცხა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცალი ფეხით მეოთხედფინალშია.

მართალია, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ გუნდების შარშანდელი დაპირისპირება და ის ფაქტი, რომ "მეთოფეებმა" მაშინ მიუნხენში სწორედ 2:0 მოიგეს, მაგრამ ეს "არსენალი" ამ "ბაიერნის" გამგდებს (მით უმეტეს, დაფიქსირებული ანგარიშის შემდეგ) არ ჰგავს.

ლონდონელთა თავკაცმა არსენ ვენგერმა ქომაგები იაია სანოგოს ძირითად
შემადგენლობაში გამწესებით გააოცა. ამ უკანასკნელს მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 127 წუთი ჰქონდა გატარებული და ვენგერმა ის ოლივიე ჟირუს ამჯობინა.

ცვლილებები იყო "ბაიერნის" სასტარტოშიც: ხოსეპ გვარდიოლამ ხავი მარტინესი ნახევარდაცვაში დააბრუნა, ლამი კი - დაცვის მარჯვენა ფლანგზე. რიბერისა და შაჩირის ტრავმების გამო მარჯვენა გარემარბად რობენი მოგვევლინა, მარცხნივ კი - გიოტცე.

ბავარიული გრანდის გმირი ტონი კროოსი გახლდათ - 24 წლის ნახევარმცველი, რომელსაც მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2015 წელს უმთავრდება და რომელიც, როგორც ამბობენ, ბოსებს ხელფასის თითქმის გაორმაგებას (4.5 მილიონიდან 8 მილიონამდე) სთხოვს. "არსენალთან" მატჩი ამ "პოკერში" კროოსისთვის კარგი არგუმენტია...

54-ე წუთზე სწორედ ტონიმ გატეხა ნავსი და 17 მეტრიდან გენიალური დარტყმით ანგარიში გახსნა. თუმცა მანამდე უფრო საინტერესო ამბები ხდებოდა: რეკორდმაისტერი, რომელსაც ბუნდესლიგაში 46-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, "არსენალმა" პირველ წუთებში საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშ მოაქცია.

მე-8 წუთზე უილშირმა დროულად მოძებნა იოზილი, რომელიც თითქოს თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მესუთმა ჟერომ ბოატენგს მოხდენილი ფინტი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი იოზილი დასცა - "არსენალმა" სასურველი პენალტი მიიღო, ბოატენგმა კი - ყვითელი ბარათი.

მესუთმა თერთმეტმეტრიანი თვითონ შეასრულა, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა - ნოიერმა აუღო!

"არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, ვიფიქრე, რომ მესუთი ვერ გაიტანდა. თუმცა ეს, პირველ რიგში, ნოიერის დამსახურებაა. მანუელი ქებას იმსახურებს,"
- ეს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის სიტყვებია, რომელიც 19 თებერვლის მატჩს ესწრებოდა, ეს განცხადება კი შესვენებაზე გააკეთა.

პირველი ტაიმის მიწურულს უკვე "არსენალის" კარში დაინიშნა პენალტი და თანაც, ლონდონელთა მეკარე შჩესნი მოედნიდან გააძევეს. მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მსაჯ ნიკოლა რიცოლის შჩესნის დანდობა შეეძლო, ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. მართალია, დავიდ ალაბამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ისედაც ფავორიტად შერაცხულმა "ბაიერნმა" შჩესნის გაძევებით სოლიდური უპირატესობა მიიღო.

როცა ალაბას დარტყმული ძელს მოხვდა, ტრიბუნებზე "ბაიერნის" ბოსებმა ული ჰიონესმა და კარლ-ჰაინც რუმენიგემ ხელები თავში წაიშინეს - მათ იციან, რომ "ბაიერნელები" ბოლო დროს პენალტებს მაინცდამაინც კარგად ვერ ურტყამენ: 2012/13 წლების სეზონის შემდეგ მიუნხენურმა გრანდმა 18 თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა და აქედან 5 ვერ გამოიყენა. სხვათა შორის, ხუთიდან სამი ალაბას გაფუჭებულია...

თუმცა "ბაიერნმა" ბოლოს მაინც ისეთი ანგარიში დააფიქსირა, მიუნხენური კლუბის ფანებს აბსოლუტურად მშვიდად ყოფნის უფლებას რომ აძლევს, რაც ნოიერთან და კროოსთან ერთად, მიულერის დამსახურებაცაა - მეორე გოლი სწორედ თომასის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ხოსეპ გვარდიოლა: ყველამ დავინახეთ, რომ მთავარი ბურთის ფლობაა
არსენ ვენგერი: ამან თამაში მოგვიკლა, მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
არსენალი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 კროოსი (54), 0:2 მიულერი (88)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი (31. მონრეალი) - ფლამინი, უილშირი - ოქსლეიდ ჩემბერლეინი (74. როსიცკი), იოზილი, სანტი კასორლა (39. ფაბიანსკი) - სანოგო.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ჟ. ბოატენგი (46. რაფინია), დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი - გიოტცე, ტიაგო ალკანტარა (79. პისარო), კროოსი, რობენი - მანჯუკიჩი (64. მიულერი).
მე-9 წუთზე იოზილმა (არსენალი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
მე-40 წუთზე ალაბამ (ბაიერნი) ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)
გაფრთხილება: სანოგო, როსიცკი - ჟ. ბოატენგი, მანჯუკიჩი
გაძევება: შჩესნი (38. არსენალი)
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 8(4)-26(5); ბურთის ფლობა: 21%-79%.
მაყურებელი: 59 911

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუ ეხლა 5-1-ის შემდეგ ძლიან ძნელია ხოლმე რეაბილიტაცია, როგორც წესი:)))))))))))))))))))))))))))))
Fergiuson
10:08 20-02-2014
0
ეს ცალი ფეხი მაგარი იცით ხოლმე :D :D
giorgi
04:03 20-02-2014
0

სიახლეები პოპულარული