სერია A. VI ტურის წინ: ისევ გაიტანს კრიშტიანო?

AutoSharing Option
ტურს ცენტრალური მატჩი გახსნის - "ინტერი" მიიღებს "ფიორენტინას", რომელმაც შესანიშნავად დაიწყო სეზონი. მილანური გუნდი თანდათან მოფერიანდა ცუდი სტარტის შემდეგ. ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა ჯერ "ტოტენჰემი" დაამარცხეს ჩემპიონთა ლიგაში, მერე კი ურთულესი მატჩი სტუმრად მოუგეს (1:0) "სამპდორიას".

მაგრამ "ფიორენტინა" ნამდვილად არ არის საჩუქარი. სტეფანო პიოლის გუნდი ძალიან ლაღად და თვალსასეიროდ თამაშობს.

თამაშის მოლოდინს ისიც ზრდის, რომ გუნდები პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ. "ინტერს" მხოლოდ ხორვატიის ნაკრების მცველი შიმე ვრსალკო დააკლდება.
"რომას" ძალიან კარგი შანსი ეძლევა, გამოისწოროს სეზონის საშინელი სტარტით მოგვრილი იმედგაცრუება. კრიტიკის ქარ-ცეცხლში
და გადაყენების პირას მყოფი ეუსებიო დი ფრანჩესკო სერიოზული გამოცდის წინაშეა. რომაელები უდავო ფავორიტები არიან "ფროზინონესთან" საშინაო შეხვედრაში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ კვირას ეს "ფროზინონე", რომელმაც ტოლი არაფერში დაუდო "იუვენტუსს" და კინაღამ ქულები დააკარგვინა.

"რომა" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს, მეტოქეს კი რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება. მეორე რომაული გრანდი კი ჯორდან ლუკაკუს, რამოს მარკისა და სტეფან რადუს გარეშე ითამაშებს "უდინეზესთან" გასვლით შეხვედრაში. თუმცა "ლაციო" მაინც ფავორიტია. ბოლო ტურებში სიმონე ინძაგის გუნდს აშკარად ეტყობა, რომ ფორმაში შედის.

დუგლას კოშტას და სამი ხედირას გარეშეც "იუვენტუსი" აშკარა ფავორიტია "ბოლონიასთან" მატჩში. მთავარი ინტრიგა ის არის, შეძლებს თუ არა ისევ გატანას იშტაზე მოსული კრიშტიანო რონალდო.

"პარმა" გვარიანად კი ყოჩაღობს სტარტზე, მაგრამ მაინც გაუჭირდება ამინ იუნესისა და ვლად კირიკეშის გარეშე მოთამაშე "ნაპოლისთან".

ფაქტები
  • "ინტერისა" და "ფიორენტინას" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "უდინეზესა" და "ლაციოს" შორის ბოლო 2 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "რომა" სულ 2-ჯერ შეხვდა "ფროზინონეს" და ორივე მატჩი მოუგო.
  • "ატალანტასა" და "ტორინოს" შორის ბოლო 5 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ჯენოასა" და "კიევოს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "იუვენტუსი" ბოლო 4 შეხვედრაში "ბოლონიაზე" ძლიერი აღმოჩნდა.

სერია A. VI ტური
სამშაბათი, 25 სექტემბერი
ინტერი-ფიორენტინა 23:00

ოთხშაბათი, 26 სექტემბერი
უდინეზე-ლაციო 21:00
რომა-ფროზინონე 23:00
ატალანტა-ტორინო 23:00
კალიარი-სამპდორია 23:00
ჯენოა-კიევო 23:00
იუვენტუსი-ბოლონია 23:00
ნაპოლი-პარმა 23:00

ხუთშაბათი, 27 სექტემბერი
სპალ-სასუოლო 21:00
ემპოლი-მილანი 23:00

ბომბარდირები: 5 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 4 - გრეგუარ დეფრელი (სამპდორია), როდრიგო დე პაული (უდინეზე), ლორენსო ინსინიე (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული