პრემიერლიგა. XXXIV ტურის წინ: შეძლებს გვარდიოლა რეაბილიტაციას?

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" რეაბილიტაციის შანსი ეძლევა ლონდონში, სადაც პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი "ტოტენჰემს" ესტუმრება.

"ქალაქელები" დამწუხრებულნი არიან ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" ორმატჩიან დუელში წაგების გამო, მაგრამ ახლა ემოციებზე აყოლის დრო არ არის, რადგან პრემიერლიგური "ოქრო" ხელის ერთ გაწვდენაზეა.

ვარაუდობენ, რომ "ლივერპულთან" მომქანცველი მატჩის შემდეგ გვარდიოლა რამდენიმე ექსპერიმენტს მიმართავს შემადგენლობასთან დაკავშირებით. "ტოტენჰემი" კი დასვენებულია. ლონდონელები ყველანაირად ეცდებიან, ოდნავ მაინც გაურთულონ "სიტის" ჩემპიონობისკენ სავალი გზა.

"ჩელსი" თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ჩადის "საუთჰემპტონთან" სათამაშოდ. "არისტოკრატები", ალბათ, თავადაც შეგუებულები არიან იმასთან, რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩებიან.

ამაგიეროდ, ამ შეხვედრას ოქროს ფასი აქვს "საუთჰემპტონისთვის". ყველასთვის მოულოდნელად, კარგად დაკომპლექტებულ "წმინდანებს" რეალურად უდგათ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების პრობლემა.

"არსენალმა" ბოლო დროს რაღაცას დაამსგავსა თამაში და შედეგები. არსენ ვენგერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის სანუკვარ ზონას ვეღარ სწვდება, მაგრამ პრესტიჟის შენარჩუნებაც საქმეა. თან "მეთოფეებს" "ნიუკასლთან" ყველანაირი სტატისტიკური მაჩვენებელი უკეთესი აქვთ. ბოლო დროს "არსენალი" "ჯორდებს" უგებს ყველგან და ყველაფერს. მაგრამ ეს "ყველაფერიც" ოდესღაც სრულდება და ვნახოთ, მორჩება თუ არა რაფა ბენიტესის გუნდის უიღბლო სერია. ყოველ შემთხვევაში, "ნიუკასლი" ამისთვის ყველაფერს იზამს.

თუ სადმე რამე საფეხბურთო ლოგიკა არსებობს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" საშინაო მატჩში აუცილებლად უნდა დაამარცხოს აუტსაიდერი "ვესტ ბრომვიჩი". ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მისი გუნდის მიზანი მეორე ადგილზე გასვლაა...

იღბლიან ზოლზე მყოფმა "ლივერპულმა" კი "ენფილდიდან", წესით, დამწუხრებელი უნდა გაუშვას "ბორნმუთი". სტუმართა არცთუ დალაგებულ დაცვას მასპინძელთა შემტევების შეჩერება ძალიან უნდა გაუჭირდეთ...

ფაქტები

  • "ჩელსიმ" ბოლო 4 შეხვედრაში მოახერხა "საუთჰემპტონის" დამარცხება.
  • "ბარნლიმ" მიჯრით მოიგო პრემიერლიგის 4 მატჩი.
  • "ჰადერსფილდმა" ბოლო 2 მატჩში შეძლო "ბრაიტონის" ძლევა.
  • "ლივერპულისა" და "ბორნმუთის" ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "არსენალმა" ბოლო 10 მატჩში დაამარცხა "ნიუკასლი".
  • "ტოტენჰემმა" და "მანჩესტერ სიტიმ" უკანასკნელ 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.

პრემიერლიგა. XXXIV ტური
შაბათი, 14 აპრილი
საუთჰემპტონი-ჩელსი 15:30
ბარნლი-ლესტერი 18:00
კრ. პალასი-ბრაიტონი 18:00
ჰადერსფილდი-უოტფორდი 18:00
სუონსი-ევერტონი 18:00
ლივერპული-ბორნმუთი 20:30
ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი 22:45

კვირა, 15 აპრილი
ნიუკასლი-არსენალი 16:30
მანჩესტერ იუნ-ვესტ ბრომვიჩი 19:00

ორშაბათი, 16 აპრილი
ვესტ ჰემი-სტოკი 23:00

ბომბარდირები: 29 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 16 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 15 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იღბლიან ზოლზე ლივერპული კიარა თქვენ ხართ
Niko
10:51 14-04-2018
0

სიახლეები პოპულარული