პრემიერლიგა. XVIII ტურის წინ: შეაჩერეთ "სიტი", თორემ!...

AutoSharing Option
პრემიერლიგის მორიგი ტურის მთავარი თამაში მანჩესტერშია. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი "მანჩესტერ სიტი", რომელმაც შუა კვირის ტურში ზედიზედ გამარჯვებების (15) რეკორდი მოხსნა, მაურისიო პოჩეტინოს დამოძღვრილ "ტოტენჰემს" მიიღებს.

ინტრიგა დიდია: ყველამ იცის, რომ ფეხბურთში მუდმივი არაფერია და ადრე თუ გვიან, "სიტიმ" ქულები უნდა დაკარგოს, მაგრამ არავინ იცის, როდის უნდა მოხდეს ეს...

მანჩესტერული გუნდი მართლაც დიდებულ ფორმაშია და თუ ასე გაგრძელდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა მალევე დასრულდება. სულო ცოდვილო, ის ალბათ უკვე დასრულებულია, მაგრამ პატარა ინტრიგა მაინც არ გვაწყენდა. პრემიერლიგის ხიბლი იმაშიცაა, რომ ადრე არ უნდა
"დასრულდეს".

"სიტის" მთავარი შესაძლო დანაკლისი ბელგიელი მცველის, ვენსან კომპანის არყოფნაა, თუმცა გვარდიოლას გუნდისთვის ეს არ უნდა იყოს აუნაზღაურებელი დანაკლისი. ლიდერმა უკვე იცის, როგორ ითამაშოს კომპანის გარეშე.

"მანჩესტერი" ეცდება მოიგოს და მოჩვენებით მაინც დარჩეს საჩემპიონო ბრძოლაში. კიდევ ერთ წაფორხილებას ჟოზე მოურინიო ნამდვილად ვერ "გადაიტანს". ასე რომ, "წითელი ეშმაკებისთვის" უკან დასახევი გზა მოჭრილია - "ვესტ ბრომვიჩთან" 3 ქულაა ასაღები.

"ლივერპული" ფავორიტის რანგში ეწვევა "ბორნმუთს". ეგაა, იურგენ კლოპი ფრთხილად უნდა იყოს და შეხვედრა ნაადრევად მოგებულად არ ჩათვალოს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მერსისაიდული კლუბი დაისაჯოს.

ყოველ შემთხვევაში, ამის მაგალითები მიმდინარე პრემიერლიგაში უკვე გვქონდა. შესაძლოა, ერთ-ერთი ასეთი იყო აგერ ორი დღის წინანდელი საშინაო მატჩი "ვესტ ბრომვიჩთან", რომელიც "ენფილდზე" უგოლოდ დასრულდა.

"არსენალი" საშინაო ასპარეზზე მიიღებს კრიზისში მყოფ "ნიუკასლს". არსენ ვენგერი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ მისი გუნდი კვლავ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. ფრანგმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგაც ახსენა.

ეს შესაძლებელი კი არის, მაგრამ ყველამ იცის, რომ მხოლოდ სიტყვების რახარუხია და მეტი არაფერი - "არსენალი" ხასიათის გუნდია და სად როდის დაუდებს კვანტს საკუთარ თავს, არავინ იცის.

ყოველ შემთხვევაში, "მეთოფეებს" მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ იმისთვის, რომ რეალურად გააგრძელონ ოთხეულისთვის ბრძოლა. არადა, მათ ამის ყველანაირი შანსი აქვთ, ოღონდ, გუნდის ლიდერებმა, წასასვლელად რომ არიან გამზადებულნი, საკუთარ თავს მეტი უნდა მოსთხოვონ. "ნიუკასლთან" საეჭვოა აარონ რემზის თამაში.

"ჩელსი" მიიღებს "საუთჰემპტონს" და "არისტოკრატები" მოგების გარდა სხვა შედეგზე არ და ვერც იქნებიან თანახმანი. გასათვალისწინებელია, რომ ორი დღის წინ "წმინდანებმა" მძიმე დარტყმა იგემეს საკუთარ კედლებში, როცა "ლესტერთან" 1:4 დამარცხდნენ. ტრავმირებულთა სიაში ჯერაც წერია დავიდ ლუიზი, მაგრამ არავინ იცის, რა ხდება რეალურად. ის კი ვიცით, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავის აბარგება მხოლოდ დროის ამბავია.

შედარებით სუსტ გუნდებთან მატჩებში ანტონიო კონტე უფრო შემტევ შემადგენლობას აყენებს. ალბათ, ასე იქნება ამჯერადაც და ლონდონური კლუბი მხოლოდ ედენ აზარისა და ალვარო მორატას შემტევ პოტენციალზე არ იქნება დამოკიდებული. მართლაც რთული საცქერია, როგორ სხედან სათადარიგოთა სკამზე ვილიანი, პედრო და სხვები...

პრემიერლიგა. XVIII ტური
შაბათი, 16 დეკემბერი
ლესტერი-კრ. პალასი 16:30
არსენალი-ნიუკასლი 19:00
ბრაიტონი-ბარნლი 19:00
ჩელსი-საუთჰემპტონი 19:00
სტოკი-ვესტ ჰემი 19:00
უოტფორდი-ჰადერსფილდი 19:00
მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი 21:30

კვირა, 17 დეკემბერი
ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ იუნ 18:15
ბორნმუთი-ლივერპული 20:30

ორშაბათი, 18 დეკემბერი
ევერტონი-სუონსი 23:59

ბომბარდირები: 13 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 12 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 9 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), უეინ რუნი (ევერტონი), ალვარო მორატა (ჩელსი); 8 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ