პრემიერლიგა. XVII ტურის წინ: ლიდერების მოსალოდნელი გასეირნება

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგა მთელი თავისი ბრწყინვალებითაა ჩვენ წინაშე. იწყება გადატვირთული გრაფიკი და გუნდებსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აწვებათ მხრებზე. ვნახოთ, რომელი როგორ გაუძლებს.

ფაქტია, ინტენსიური კალენდარი ბევრ რამეს გაარკვევს, თუმცა ჩემპიონი, გავრისკავთ და ვიტყვით, თითქმის გარკვეულია. იოტისოდენაა შანსი, "მანჩესტერ სიტის" ვინმე დაეწიოს. ეს მხოლოდ ჩვენი აზრი არ გეგონოთ, იქაურ მედიაშიც ანალოგიური განწყობაა...

ლიდერი მენდისა და სტოუნზის გარეშე ესტუმრება უელსს და გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს. პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილი გუნდი დიდებულ ფორმაშია, მისი მოწინააღმდეგე კი ცხრილის ფსკერზე ყურყუტებს. დავამატოთ ამას ისიც, რომ "სიტი" გალაღებულია
მანჩესტერულ დერბიში მოპოვებული წარმატებით.

"მანჩესტერ იუნაიტედი" შინ მიიღებს "ბორნმუთს". ჟოზე მოურინიოს გუნდი, ალბათ, მოიგებს, მაგრამ ეს ვერ გადაწონის იმ იმედგაცრუებას, რომელიც პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა გულშემატკივრებს არგუნა "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერულ დერბიში დამარცხებით.

"იუნაიტედს", ძველი ტრავმირებულების გარდა, დისკვალიფიცირებული პოლ პოგბაც დააკლდება. რა თქმა უნდა, ფრანგის არყოფნა უდიდესი დანაკლისია, მაგრამ ამის მიუხედავად, მასპინძლები წყვილის უდავო ფავორიტებად რჩებიან. შედარებით სუსტ გუნდებთან "მანჩესტერი" კარგად თამაშობს.

ეგაა, ლიდერებთან მატჩებში მოურინიოს ისევ ეწყება ტრადიციული შიშები და ამის ნათელი დასტური იყო თუნდაც მანჩესტერული დერბი. ასეა თუ ისე, ამგვარი ფეხბურთის გამო პორტუგალიელს კრიტიკოსები არ აკლია.

"ლივერპულმა" სასწაული 2 ქულა დაკარგა "ევერტონთან" მერსისაიდულ დერბიში. ამას იურგენ კლოპი მხოლოდ საკუთარ თავს თუ დააბრალებს. ჯერ ერთი, მან არასწორად შეარჩია შემადგენლობა და მეორეც - დროზე ადრე მოაშორა მინდორს მოჰამედ სალაჰი.

ასეა თუ ისე, "ლივერპული" აშკარა ფავორიტია "ვესტ ბრომვიჩთან" გასამართავ შეხვედრაში, რომელშიც "წითლებს", წესით, არ უნდა ჰყავდეთ მატიპი და მორენო. განსაკუთრებით აღსანიშნავია კამერუნელი ცენტრალური მცველის არყოფნა, რომელიც კლოპის გუნდის არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე დაცვისთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს.

ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი "ტოტენჰემი" პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს "ბრაიტონთან" და, წესით, გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. "დეზებს" მხოლოდ ალდერვეირელდი ვერ დაეხმარება. ჯანზე არიან გუნდის ლიდერები, ჰარი კეინის მეთაურობით.

შედარებით რთული გასვლითი თამაში ელის "ჩელსის". ჩემპიონმა ლონდონურ დერბიში მტკივნეული მარცხი იწვნია "ვესტ ჰემთან". ამაში ბევრი პირდაპირ ადანაშაულებს ანტონიო კონტეს. მიიჩნევენ, რომ იტალიელი მწვრთნელის მიერ არჩეული შემადგენლობა ზედმეტად დაცვითი იყო. მართლაც, კონტე, თითქოს, მხოლოდ გოლის არგაშვებაზე აკეთებს აქცენტს, შეტევა კი, როცა გოლს გაუშვებს, მხოლოდ მაშინ ახსენდება.

პრემიერლიგა. XVII ტური
სამშაბათი, 12 დეკემბერი
ბარნლი-სტოკი 23:45
კრ. პალასი-უოტფორდი 23:59
ჰადერსფილდი-ჩელსი 23:59

ოთხშაბათი, 13 დეკემბერი
ნიუკასლი-ევერტონი 23:45
საუთჰემპტონი-ლესტერი 23:45
სუონსი-მანჩესტერ სიტი 23:45
ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 23:59
მანჩესტერ იუნ-ბორნმუთი 23:59
ტოტენჰემი-ბრაიტონი 23:59
ვესტ ჰემი-არსენალი 23:59

ბომბარდირები: 13 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 12 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი); 8 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი), უეინ რუნი (ევერტონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული