ლა ლიგა. XXIII ტური: "რეალი" დაიძრა, "ბარსა" გაჩერდა, "ატლეტიკო" მშვიდად იგებს... [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩის წინ "რეალი" და კრიშტიანო რონალდო "მოიქოქა". პორტუგალიელს უკვე 11 გოლი დაუგროვდა ლა ლიგაში. "ბარსას" "კამპ ნოუზე" ფეხი დაუცდა, რაც "ატლეტიკოს" ფანებს ძალაუნებურად ჩემპიონობაზე აფიქრებინებს...

მალაგა-ატლეტიკო
დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" სტუმრად აუტსაიდერი "მალაგა" 1:0 დაამარცხა. ეს "ატლეტიკოს" "საყვარელი" ანგარიშია, თუმცა, როცა ფრანგმა ანტუან გრიზმანმა ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. გრიზმანმა ხომ გოლი მე-40 წამზე გაიტანა.

მიუხედავად ამისა, დანარჩენი 89 წუთი "ატლეტიკომ" მშვიდ თამაშში გაატარა (მეტი კარში ზუსტად არც დაურტყამს) და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა.

გრიზმანმა გოლი
ნაჩო "ჩოლიტო" ბარბერას უძღვნა, ნორჩ ფეხბურთელს, რომელიც "ატლეტიკოს" ფანი იყო. იგი რამდენიმე დღის წინათ, მატჩის დროს გარდაიცვალა: "ეს გამარჯვება "ჩოლიტოს" ეკუთვნის. ასეთი ტრაგედია ძალიან ძნელი გადასატანია", - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "უნდა მოვუმატოთ, მაგრამ ეს ყოველთვის უფრო ადვილია, როცა იგებ. დღეს მებრძოლ მეტოქესთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. გოლი ძალიან ადრე გავიდა. ხანდახან ძნელია მიხვდე, კარგია ეს თუ ცუდი. დღეს გუნდმა შეძლო არც ისე კარგი თამაშით სამი ქულის შენარჩუნება, ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან თუ თავი კომფორტულად იგრძენი, ძალიან იოლია, ყველაფერი წააგო".


ფაქტები
  • ანტუან გრიზმანმა ლა ლიგაში მე-8 გოლი გაიტანა. ეს გოლი მისთვის ყველაზე "სწრაფია" "ატლეტიკოს" შემადგენლობაში.
  • მატჩის მეორე ტაიმში ტრადიციულად გამოჩნდა ფერნანდო ტორესი. ეს მისი 270-ე მატჩია ლა ლიგაში "ატლეტიკოს" მაისურით. "ელ ნინიო" "ატლეტიკოს" მოთამაშეთა ტოპ-ათეულში შევიდა ამ მაჩვენებლით.
  • გოლის გარდა, გუნდებს პირველ ტაიმში კარში ზუსტად არ დაურტყამთ.
  • საწყისი 23 ტურის შემდეგ მხოლოდ 9 გოლი ლა ლიგაში მარტო "დეპორტივოს" ჰქონდა გაშვებული 1993/94 წლების სეზონში.
  • დიეგო სიმეონემ პირველი და 150-ე მოგებები "ატლეტიკოს" თავკაცის პოსტზე ერთსა და იმავე სტადიონზე მოიპოვა.
  • კოკემ 350-ედ მოირგო "ატლეტიკოს" ფორმა.

რეალი-რეალ სოსიედადი
პირველ ტაიმში "რეალმა" მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. პირველივე წუთზე ლუკას ვასკესმა კრიშტიანო რონალდოს პასით გახსნა ანგარიში. 27-ე წუთზე მარსელომ თავად კრიშტიანოს გაატანინა.

34-ე წუთზე ტონი კროოსმა შორი დისტანციიდან გაიტანა. სამ წუთში კი რონალდომ დუბლი შეასრულა. ასისტენტის როლში ლუკა მოდრიჩი მოგვევლინა. მეორე ტაიმში "რეალი" მოეშვა და 74-ე წუთზე იონ ბაუტისტამ ერთი გაიტანა. მე-80 წუთზე რონალდომ 4-გოლიანი უპირატესობა აღადგინა და ჰეთ-თრიკი მიითვალა. სამ წუთში ასიერ ილიარამენდიმ ყოფილ გუნდს გაუტანა.

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "მეორე ტაიმში პრობლემები გვქონდა, მაგრამ მე უფრო პოზიტივს მივაქცევდი ყურადღებას - ჩვენ თავიდანვე შევუტიეთ და ჯამში ხუთი გოლი გავიტანეთ. ოთხშაბათს სულ სხვაგვარი თამაში გველის. ბენზემას რატომ უსტვენენ, ვერ გამიგია. მისი ცუდი სერია აუცილებლად დასრულდება, ის მომდევნო მატჩისთვის კონცენტრირებული მესაჭიროება".


ფაქტები
  • კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგის მეორე წრეში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 7.
  • კრიშტიანო რონალდომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 15 გოლი გაუტანა "რეალ სოსიედადს".
  • კრიშტიანო რონალდომ ამ სეზონში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი.
  • კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელია ლა ლიგაში ამ სეზონში, ვინც "უნაკლო" ჰეთ-თრიკი შეასრულა - გოლები მან მარჯვენა და მარცხენა ფეხებით და თავით გაიტანა.
  • 2018 წელს ლა ლიგაში მცველებს შორის ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა მარსელომ მიიღო - 4 (1 გოლი, 3 საგოლე პასი).
  • ლუკას ვასკესმა ამ სეზონში "რეალის" ყველაზე "სწრაფი" გოლი გაიტანა - 49-ე წამზე.
  • ლუკას ვასკესმა ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა - 100-ში.
  • "რეალმა" პირველი გოლი ისე გაიტანა, მეტოქე ბურთს არ შეხებია.

ბარსელონა-ხეტაფე
ერნესტო ვალვერდეს ხელში "ბარსელონა" ეფექტურად ვეღარ თამაშობს, მაგრამ გუნდი კარგ შედეგებს აჩვენებს. ამიტომაც ყველა ჩუმადაა. საკმარისია ის, რაც გუშინ "ხეტაფესთან" მოხდა, გამეორდეს, რომ ვალვერდეს თავზე შავი ღრუბლები მოიყრის თავს. წარმოიდგინეთ, "ბარსელონამ" შინ, საკმაოდ სუსტ მეტოქესთან მთელი ტაიმი ვერ დაუმიზნა მეტოქის კარს ბურთი! ასეთი რამ მას 6 წელია, არ მოსვლია.

ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ამ შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ასეთები ხდება. შესაძლოა, არ გვეყო ენერგია და მონდომება იმისთვის, რომ თამაშის მიმდინარეობა შეგვეცვალა.

"ხეტაფე" თავის სტილში თამაშობდა - როგორც კი საჯარიმოს სიახლოვეს მივდიოდით, მეტოქის მოთამაშეები ჯარიმდებოდნენ, რაც რიტმიდან გვაგდებდა, თამაშის ერთიანობას კლავდა. მინასა და დინის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. იანვარში ძალიან ბევრი ვითამაშეთ და ეს კვირა ცოტას ამოგვასუნთქებს ჩემპიონთა ლიგამდე. კარგია, რომ ჯერ კიდევ ბევრად წინ ვართ".


ფაქტები
  • 2012 წლის მერე პირველად, "ბარსელონამ" ვერ დაარტყა მეტოქის კარში საშინაო მატჩის პირველ ტაიმში. მაშინ ეს "ბარსას" "რეალთან" შეხვედრაში მოუვიდა, ახლა - "ხეტაფესთან".
  • ლეო მესიმ "ბარსელონას" მაისურით "კამპ ნოუზე" მე-300 მატჩი ჩაატარა. ამ 300 მატჩში მან 309 გოლი გაიტანა.
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ მეორე თამაშში ვერ შეძლო გამარჯვება.

სხვა მატჩები
ერნესტო ვალვერდე ყველაზე მეტად "ბილბაოში" მოისაკლისეს. "კუკო" სიგანდამ 23 ტურში ვერაფრით მოახერხა ბრძოლისუნარიანი "ატლეტიკის" ჩამოყალიბება. ამიტომაც უშინაარსო "ბილბაოს" "სან მამესზე" საკუთარმა გულშემატკივარმა უსტვინა "ლას პალმასთან" 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ.

სამაგიეროდ, "ალავესისთვის" აბელარდო ნამდვილი შენაძენია. ამ მწვრთნელის მერე ბასკური კლუბი ისე ათამაშდა, რომ დიდი ამბიციები გაუჩნდა. სტუმრად "ვილიარეალის" დამარცხება სერიოზული ნიშანია.

ვინჩენცო მონტელას გუნდს სამი ქულა პაბლო სარაბიამ მოუტანა, რომელსაც ძალიან სურს მუნდიალზე ესპანეთის ნაკრებში თამაში.

ვალენსიური დერბი "ვალენსიას" გამარჯვებით დასრულდა. ასე დასრულდა "ვალენსიას" 6-მატჩიანი წაგებების სერია (ყველა შეჯიბრებაში) და გუნდმა ერთი დღით დაკარგული მესამე ადგილი დაიბრუნა.

ფაქტები
  • "ლას პალმასმა" 2016 წლის მარტის მერე პირველად შეძლო კანარის კუნძულების გარეთ კარის "მშრალად" შენახვა.
  • "ეიბარის" კარში ამ სეზონში 182-ჯერ დაარტყეს, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში მეორე შედეგია. ნაკლებჯერ მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" მეკარე შეაწუხეს - 174-ჯერ.
  • ჩემპიონატის ცხრილი დეკემბრიდან რომ ითვლებოდეს, "ალავესი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდა.
  • როდრიგო ელიმ (ალავესი) ლა ლიგაში ორი გოლი გაიტანა, ორივე თავით და ორივე "ვილიარეალის" კარში.
  • დანი პარეხოს (ვალენსია) ამ სეზონში ყველაზე მეტი პენალტი აქვს გატანილი ლა ლიგაში - 4.
  • "სელტას" ქულების 78% იაგო ასპასისა და მაქსი გომესის გოლებმა მოუტანა.
  • ჟერარდ მორენომ (ესპანიოლი) ლა ლიგაში 37-ე გოლი გაიტანა, თუმცა ეს პირველი გოლია, რომელიც მან საჯარიმოს გარედან გაიტანა.
  • პაბლო სარაბიამ (სევილია) ზედიზედ 4 ტურში მიიღო ერთ გოლში მაინც მონაწილეობა.
  • ზედიზედ ორი დაპირისპირებაა, "ჟირონა" პენალტს ვერ უტანს "სევილიას".
  • "ლევანტეს" მოუგებელი სერია 11 მატჩამდე გაგრძელდა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტური
ბილბაო-ლას პალმასი 0:0
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, ი. ალვარესი, ი. მარტინესი, საბორიტი (83. ლ. მარტინესი) - მ. რიკო, იტურასპე (63. ბენიატი) - ვილიამსი, რაულ გარსია, სუსაეტა (73. კორდობა) - ადურისი

ვილიარეალი-ალავესი 1:2
გოლები: 0:1 ელი (40), 0:2. ი. გომესი (71), 1:2 ბაკა (77)

მალაგა-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 გრიზმანი (1)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი (70. თომასი), საულ ნიგესი, ვიტოლო (53. ა. კორეა) - დიეგო კოშტა (77. ფ. ტორესი), გრიზმანი

ლეგანესი-ეიბარი 0:1
გოლი: 0:1 რამისი (94)
გაძევება: სიოვასი (84. ლეგანესი)

რეალი- სოსიედადი 5:2
გოლები: 1:0 ლ. ვასკესი (1), 2:0 რონალდო (27), 3:0 კროოსი (34), 4:0 რონალდო (37), 4:1 იონ ბაუტისტა (74), 5:1 რონალდო (80), 5:2 ილიარამენდი (83)
რეალი (4-4-2): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - ლ. ვასკესი (63. ისკო), მოდრიჩი (63. კოვაჩიჩი), კროოსი, ასენსიო (73. ბეილი) - ბენზემა, რონალდო
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, ელუსტონდო, რ. ნავასი, დე ლა ბელია - ოიარზაბალი, ილიარამენდი, ზურუტუზა (60. ზუბელდია) - ჩაბი პრიეტო, ხუანმი (83. გურიდი), კანალესი (60. იონ ბაუტისტა)

სევილია-ჟირონა 1:0
გოლი: 1:0 სარაბია (46)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ხესუს ნავასი, მერკადო, ლონგლე, ესკუდერო - ნ'ზონზი, პისარო - სარაბია (78. ლაიუნი), ფ. ვასკესი (85. გაისი), ხ. კორეა - ლ. მურიელი (64. ბენ იედერი)
გამოუყენებელი პენალტი: ადაი (41. ჟირონა)

ბარსელონა-ხეტაფე 0:0
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, ი. მინა, დინი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (82. პაულინიო), კოუტინიო (62. ინიესტა) - პ. ალკასერი (63. დემბელე), მესი, ლ. სუარესი

სელტა-ესპანიოლი 2:2
გოლები: 0:1 ლეო ბაპტიშტაო (10), 1:1 მ. გომესი (32), 2:1 მ. გომესი (80), 2:2 ჟ. მორენო (87)

ვალენსია-ლევანტე 3:1
გოლები: 1:0 ს. მინა (17), 1:1 პოშტიგო (18), 2:1 ვიეტო (65), 3:1 პარეხო (89-პენ)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გაბრიელი, ვეზუ, გაია - სოლერი (73. კოკლენი), პარეხო, გედეში - ვიეტო (79. ძაძა), ს. მინა

ორშაბათი, 12 თებერვალი
დეპორტივო-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 20 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 12 - მაქსიმილიანო გომესი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

მომდევნო ტური
16 თებერვალი: ჟირონა-ლეგანესი;
17 თებერვალი: ლას პალმასი-სევილია, ეიბარი-ბარსელონა, ალავესი-დეპორტივო, მალაგა-ვალენსია;
18 თებერვალი: რეალ სოსიედადი-ლევანტე, ატლეტიკო-ბილბაო, ესპანიოლი-ვილიარეალი, ბეტისი-რეალი;
19 თებერვალი: ხეტაფე-სელტა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული