ლა ლიგა. XXIII ტურის წინ: რეპეტიცია ბასკებთან ფრანგების წინ

AutoSharing Option
"რეალისთვის" ეს ტური გამორჩეულია, რადგან "რეალ სოსიედადთან" დაპირისპირების შემდეგ ზუსტად ოთხ დღეში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სეზონის მატჩს" მართავს "პარი სენ-ჟერმენთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. ასე რომ, ბასკებთან გენერალური რეპეტიციაა.

"რეალში" კრიზისია და ამას აღარ მალავენ. ზინედინ ზიდანი გამოვიდა და მოუწოდა თავის ფეხბურთელებს, ისე ითამაშონ, როგორც ეს "სამეფო კლუბს" შეეფერება.

ზიდანს "მისტერ ჩემპიონთა ლიგას" უწოდებენ, სწორედ ამ ტურნირზე დიდებული რეკორდის წყალობით, ფრანგს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, მაგრამ ეს იდილია შესაძლოა, პსჟ-სთან მატჩებით დასრულდეს. ეს თავად ყველაზე უკეთ ზინედინმა იცის და ამიტომ ფეხბურთელებისგან გადამწყვეტ ნაბიჯებს
ახლა ითხოვს.

"რეალს" ხესუს ვალიეხოს გარდა ტრავმირებული არა ჰყავს. საინტერესო იქნება "სანტიაგო ბერნაბეუზე" ექსრეალელი ასიერ ილიარამენდის ხილვა, რომელმაც ახლახან კარიერაში პირველად და მეორედ შეასრულა დუბლები.

კრიშტიანო რონალდო თამაშს უკვე 33 წლის ასაკში ხვდება, ვეტერანი ფორვარდი იმედს არ კარგავს, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ წლები ითამაშებს.

ლიდერი "ბარსელონა" ყველასთვის უხერხულ მეტოქე "ხეტაფეს" ხვდება. მადრიდელებს კატალონიელებთან სახარბიელო ბალანსი არა აქვთ, მაგრამ როცა "ხეტაფე" თავისას ვერ აღწევს, ეს გუნდი აშკარა უხეშობაზე გადადის. ერნესტო ვალვერდეს უსმან დემბელესა და ჟერარდ პიკეს გარდა ყველა მწყობრში ჰყავს.

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ბოლოადგილოსან "მალაგას" ეთამაშება, ხოლო "ვალენსიას" ქალაქის დერბი აქვს "ლევანტეს" წინააღმდეგ.

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 22 საშინაო მატჩში თითოეულში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა.
  • "რეალმა" "რეალ სოსიედადთან" შინ ბოლო 7 დაპირისპირებაში თითოეულში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა.
  • დრიბლინგი ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ ლიონელ მესის არ გამოუვიდა - 57-ჯერ.
  • "ლას პალმასმა" ბოლო 18 საგარეო მატჩიდან ლა ლიგაში 16 წააგო.
  • "რეალმა" "რეალ სოსიედადს" ყველა შეჯიბრებაში ბოლო 8 საშინაო მატჩი მოუგო.
  • ზუსტად ერთი წლის წინ "რეალ სოსიედადმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 0:3 წააგო.
  • "ბარსელონამ" ბოლო 22 საშინაო მატჩიდან ლა ლიგაში 21 მოიგო.
  • "ხეტაფეს" ბოლო ორი ვიზიტი "კამპ ნოუზე" ამ გუნდის 0:6 მარცხით დასრულდა.
  • "ატლეტიკოს" ლა ლიგის ბოლო 26 ტურიდან 25-ში არ წაუგია.
  • "მალაგას" შინ ბოლო 4 მატჩში გოლი არ გაუტანია.
  • "ატლეტიკომ" "მალაგას" ბოლო ოთხი დაპირისპირება მოუგო (ყველა შეჯიბრებაში).
  • "ლევანტეს" ბოლო 23 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული.
  • "ვალენსიამ" ზედიზედ 5 მარცხი იწვნია (ყველა შეჯიბრებაში), აქედან სამი ლა ლიგაში.

ლა ლიგა. XXIII ტური
პარასკევი, 9 თებერვალი
ბილბაო-ლას პალმასი 0:0

შაბათი, 10 თებერვალი
ვილიარეალი-ალავესი 16:00
მალაგა-ატლეტიკო 19:15
ლეგანესი-ეიბარი 21:30
რეალი- სოსიედადი 23:45

კვირა, 11 თებერვალი
სევილია-ჟირონა 15:00
ბარსელონა-ხეტაფე 19:15
სელტა-ესპანიოლი 21:30
ვალენსია-ლევანტე 23:45

ორშაბათი, 12 თებერვალი

დეპორტივო-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 20 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული