მადრიდის "რეალის" სატრანსფერო გეგმები

AutoSharing Option
ბოლო 2 წლის განმავლობაში მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას ტრანსფერებში დიდი ოდენობით თანხა არ დაუხარჯავთ. თავის დროზე ფლორენტინო პერესს ამ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებდნენ, თუმცა დღევანდელი გადმოსახედი განსხვავებულია, პრეზიდენტი შემადგენლობას ენდო და "ბლანკოსის" ფეხბურთელებიც ჯერჯერობით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებენ. 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი მადრიდში დიდი გადაადგილებები უნდა ვიხილოთ.

გასულ წელს კლუბს კარლო ანჩელოტი დაუბრუნდა, რომელმაც მოახერხა და ვინისიუსი აათამაშა, ბენზემაზე საუბარიც ზედმეტია...

იანვარში, დიდი ალბათობით, "სამეფო კლუბის" ღირსებას გარეთ ბეილი და ისკო აღარ დაიცავენ. მთავარ მიზეზად ისევ და ისევ ფეხბურთელებთან გაფორმებული
ხელშეკრულებაა, რომელიც ზაფხულში იწურება, პერესი კი მსგავსი კალიბრის ფეხბურთელებს უფასოდ არ გაუშვებს. გავლენიან გამოცემებზე დაყრდნობით, "რეალის" ხელმძღვანელობა მზადაა მარიანო დიაზზე, ლუკა იოვიჩსა და ედენ აზარზე წინადადებები მოისმინოს.

მბაპე მოდის...

2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "სამეფო კლუბის" მთავარი სამიზნე კილიან მბაპე იყო, რომლის სანაცვლოდაც პარიზელები 200 მილიონ ევროს ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ გარიგება არ შედგა და ახალგაზრდა ფრანგი პარიზში დარჩა.

თუმცა ეს ყველაფერი 1-ლი იანვრის შემდეგ შეიცვლება. შეგახსენებთ, ამ კონტრაქტის მიხედვით, კილიანს 2022 წელს სხვა გუნდებთან მოლაპარაკება შეეძლება და როგორც ჩანს, ეს ტრანსფერიც გარდაუვალია.

მეორე ვარიანტად (შესაძლოა, პირველადაც, ეს მხოლოდ ფლორენტინომ იცის) "დორტმუნდის" სკანდინავიელი თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი განიხილება, რომლის საბაზრო ღირებულებაც 2022 წელს 75 მილიონი ევრო იქნება, ამ თანხის გადახდა კი მადრიდელებს შეუძლიათ. ერლინის აგენტმა მინო რაიოლამ ღიად განაცხადა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელისთვის მოლაპარაკებაში მადრიდის "რეალიც" ფიგურირებს.

დაცვის გაძლიერება

"ბლანკოსს" დაცვის გაძლიერება სჭირდება, გასულ წელს გუნდიდან სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანი წავიდნენ, კლუბში კი დავიდ ალაბა მოვიდა. პერესს სურს, რომ კოლექტივს კიდევ ერთი გამოცდილი დამცველი დაუმატოს, მაგალითად, ანტონიო რუდიგერი.

გერმანელ ფეხბურთელს "ჩელსისთან" მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება, მისი კალიბრის ათლეტის გუნდში მოსვლა კი დაცვით ნაწილს ერთიორად გააძლიერებს. ანტონიომ "არისტოკრატების" ხელმძღვანელობის მიერ შემოთავაზებული ახალი ხელშეკრულების პირობებზე უარი თქვა, მისი სურვილია ესპანეთის დედაქალაქში თამაში.

სავარაუდოდ, გუნდს მარსელოც დატოვებს. ბრაზილიელს სათამაშო დროც აღარ ეძლევა...

სხვა სამიზნეები

როგორც ყოველთვის, "ბლანკოსის" სახელს არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ. როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, "აიაქსის" ნახევარმცველი რაიან გრავენბერხი "სამეფო კლუბს" შეუერთდება. "თეთრებს" სპორტსმენში "ლივერპული" ეცილება. იმავდროულად, ფლორენტინო დროს არ კარგავს და ალექს სანდროსა ("იუვენტუსი") და რის ჯეიმსს ("ჩელსი") აკვირდება.

როგორც კარს მომდგარი სატრანსფერო ფანჯრის კონტურებიდან ჩანს, "რეალი" დიდი ნაბიჯების გადასადგმელად მზადაა. სხვა ყველაფერს დრო გვაჩვენებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული