მატჩის დღე! ევროტურნირებზე შემორჩენილი "დილა" ქართველების წინააღმდეგ, მცირე რესურსი და თანამედროვე ფეხბურთის მოლოდინი

AutoSharing Option
ქართული კლუბის ევროტურნირებზე გამოსვლა აგვისტოშიც გრძელდება და ბოლო წლებიდან გამომდინარე, უკვე ეს ფაქტიც სასიამოვნოა. გორის "დილა" კიდევ ერთხელ არ იქნება ფავორიტი, ამჯერად კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თუმცა დაუმარცხებელი მეტოქე კვლავ არ ჰყავს და ანდრეი დემჩენკოს გუნდი კვიპროსის "აპოელის" დაჯაბნასაც ეცდება - დღეს, 10 აგვისტოს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე". დიდი ინტერესიდან გამომდინარე გეტყვით, რომ პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგვთაგაზებს. განმეორებითი მატჩი ერთ კვირაში შედგება.

გორული კლუბი განსხვავებულ ვითარებაშია, აქამდე საკუთარ მოედანზე განმეორებით შეხვედრას ატარებდა, თანაც, გორში, ახლა კი, სტადიონის კვალიფიკაციიდან
გამომდინარე, თბილისში ითამაშებენ. აქ უპირატესობა ის შეიძლება იყოს, რომ მატჩს უფრო მეტი გულშემატკივარი დაესწროს. კვიპროსულ სიცხეში რთულ თამაშზე გვსმენია, თუმცა ახლა საქართველოს დედაქალაქშიც არანაკლები ტემპერატურაა. ვისთვის იქნება ეს უკეთესი, გამოჩნდება.

Sportall.Ge

ანდრეი დემჩენკოს დიდი ალტერნატივა არ გააჩნია. ამის მიუხედავად, გუნდი ძალებს კარგად ანაწილებს. "დილა" თანამედროვე ფეხბურთის თამაშს ცდილობს - ბურთის სწრაფად მოძრაობით, პრესინგით, არაორდინარული გადაწყვეტილებებით... ცენტრალური მცველი ზურაბ თევზაძე დისკვალიფიცირებულია, მის ადგილს კი კონგოელი რამარიკ ეტოუ დაიკავებს. სხვა მხრივ, ცვლილებებს არ ველით. ისევ ბევრი იქნება დამოკიდებული ბარბადოსელი ტიერი გეილის სისხარტესა და შედეგიან თამაშზე. მას ცენტრალური მცველი თორნიკე ძოწენიძე გრძელი პასებით ამარაგებს. მიკოლა კოვტალიუკმა გატანა კარგად იცის, ალეფ სანტოსი კი თამაშის ტემპს მშვენივრად აკონტროლებს... თუკი გორელთა სათადარიგოთა სკამზე ვისაუბრებთ, აქ ორი გამოცდილი ფეხბურთელია - მიშიკო სარდალიშვილი და სერგო კუხიანიძე.

Sportall.Ge

ქართველი ფეხბურთელები "აპოელისთვის" მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ, გიორგი ქვილითაიამ გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა; 4 შედეგიანი დარტყმის ავტორი ცენტრალური მცველი ლაშა დვალიც იყო. ორივემ გაუტანა სერბულ "ვოივოდინას" და მომდევნო ეტაპზე გასვლაში დიდი როლი შეასრულეს. დვალის მეწყვილე ვეტერანი ესპანელი, 36 წლის ხოსე კრესპოა. ასე რომ, "დილას", სწრაფი შემტევების ხარჯზე, უპირატესობის შექმნა შეუძლია. შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ ამ გუნდში მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილიც ასპარეზობდნენ.

თუკი გორული კლუბი საშინაო არენაზე უკეთესია, ნიქოზიელებს ევროტურნირებზე ბოლო დროს სტუმრად თამაში უჭირთ. დიდი ხანი არაა გასული, რაც კვიპროსულ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული წარმატება ჰქონდა, მეოთხედფინალში ითამაშეს. თავის მხრივ, ათი წლის წინ "დილა" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ორჯერ ძალიან ახლოს იყო. წყვილში გამარჯვებული ბელგიურ "გენტს" დაუპირისპირდება, რადგან მათ პირველ მატჩში პოლონური "პოგონი" (5:0) გაანადგურეს. მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიელთა წევრია და ამჟამად "უოტფორში" იჯარით იმყოფება.

შეხვედრას ლუქსემბურგელი არბიტრი საბოტიჩი განსჯის, რომელიც მკაცრი მსაჯია და წითელი ბარათის გამოყენებასაც კი არ ერიდება.

altუკრაინელი მწვრთნელის ლოგიკური შედეგი, საგოლე პასები დაცვიდან, ძლიერი ლეგიონერები - გორის "დილას" წარმატება

ასევე დაგაინტერესებთ