12 იანვარს, ზამთრის თასის გათამაშება აიღებს სტარტს

AutoSharing Option
12 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშება აიღებს სტარტს.

ტრადიციად ქცეულ ტურნირზე, რომლის მთავარი მიზანი საფეხბურთო ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა, დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალია.

დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, 12-13 იანვარს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდს შორის ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც 14 იანვარს ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ.

2018 წლის გათამაშებაში სიახლეა: ამჯერად, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით, ზამთრის თასს 14-წლამდე გუნდები გაითამაშებენ. 14-წლამდელთა გათამაშებაში მონაწილეობას ქვეყნის 12 რეგიონული ნაკრები, თბილისის
ელიტ-ლიგის სამი პრიზიორი („დინამო“, „საბურთალო“, „ლოკომოტივი“) და სფფ-აკადემიის გუნდი მიიღებს. წლევანდელ ზამთრის თასზე

შარშანდელი გათამაშების მსგავსად გულშემატკივარს ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების ხილვა შეეძლება. 14 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ზამთრის თასისთვის“ ერთმანეთს უეფას, საქართველოს, უკრაინის, ესპანეთის, თურქეთისა და იტალიის ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან.

თბილისში „ზამთრის თასის“ გათამაშებაზე დეიან სტანკოვიჩი, ნიკოლა ამორუზო, კრისტიან კივუ, მაურიციო განცი, ჟოან კაპდევილა და სხვა საფეხბურთო ვარსკვლავები ითამაშებენ. „ზამთრის თასის“ ჯგუფური ეტაპისა და პლეი-ოფის მატჩებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე იხილავთ.

14 იანვარს, 19 საათიდან ფინალური შეხვედრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: „ზამთრის თასზე“ დასწრების მსურველი მედიასაშუალებები დაუკვაშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს. ტურნირზე დასასწრები აკრედიტაციები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიცემა.

12 და 13 იანვარს მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 10 საათიდან დაიწყება. ვარსკვლავური შემადგენლობით დაკომპლექტებული გუნდები 14 იანვარს, 11.30-დან ითამაშებენ.

მომზადებილია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული