სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში - GIPA-სთან ერთად

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით ახალი პარტნიორი ჰყავს. ფედერაციასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA-ს) შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის 3 წლიანი მემორანდუმის ფარგლებში, ორგანიზაციები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ და ითანამშრომლებენ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივების მიმართულებით.

პირველი და უახლესი ერთობლივი პროექტი საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამა უფასოა მსურველთათვის და სრულად ფინანსდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ.

პროგრამის მთავარი მიზანი ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების მენეჯმენტის უნარებში გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას
შეუწყობს ხელს. თითოეული სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა 6 თვე და განკუთვნილია ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.

ლევან კობიაშვილმა ჯიპასთან თანამშრომლობის მიზნებზე ისაუბრა და ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობა აღნიშნა: „უპირველესად, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯიპასთან თანამშრომლობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ვითანამშრომლებთ საგანმანათლებლო კუთხით, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. აქედან გამომდინარე მოხარულები ვართ, რომ ასეთი კარგი პარტნიორი შევიძინეთ ჯიპას სახით. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარისთვის მომდევნო სამი წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და საერთო ჯამში ქართული ფებხურთისთვის იმიტომ, რომ გვაქვს ბევრი საინტერესო და კარგი იდეა, რომელსაც ერთად განვახორციელებთ.

ფეხბურთის მენეჯმენტის სწავლების შესახებ ისაუბრა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა მაკა იოსელიანმა: „ეს მემორანდუმი გულისხმობს კოლაბორაციას ფეხბურთის მენეჯმენტის სწავლების მიმართულებით. ძირითადად ეს ეხება ფეხბურთში ჩართული ადამიანების გადამზადებას, მაგრამ პროექტში მონაწილეობა მათთან ერთად სხვა სტუდენტებსაც შეეძლებათ. ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდა და პერსპექტიულ გუნდთან თანამშრომლობა, როგორიც არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.“

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამ ჯიპას სტუდენტებისთვის ღია ლექცია გამართა და ახალგაზრდებთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო პროექტებზე, ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემატიკასა და გამოწვევებზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ GIPA-ში შედგა ეს შეხვედრა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სტუდენტებში გამოვიწვიოთ მსჯელობა ქართულ ფეხბურთის პრობლემატურ საკითხებზე. ვიმსჯელეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემატიკაზე ფეხბურთის ირგვლივ და ამ თემებზე მსჯელობას შემდეგშიც გავაგრძელებთ უკვე სასწავლო პროცესშიც”-აღნიშნა მან.

სასერტიფიკატო კურსზე მიღების ვადები და კრიტერიუმები ჯიპას ოფიციალურ ვებ-გვერდზე იანვარში გამოქვეყნდება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული