Hln.be: "გენტმა" გიორგი ჩაკვეტაძე "ბაიერნსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" ცხვირწინ ააცალა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას მალე "გენტში" გააგრძელებს - ცნობა ბელგიურმა გამოცემა Hln.be-მ გაავრცელა.

"საქართველოს ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. ნიჭიერი ნახევარმცველი "გენტში" 8 ან 10 ნომრის პოზიციაზე ითამაშებს.

ქართული წყაროს ცნობით, "გენტმა" ჩაკვეტაძე ივნისის ბოლოს გადაიბირა. ის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა და მოსალოდნელი იყო, რომ სხვა კლუბების სელექციონერები შენიშნავდნენ", - წერს ბელგიური გამოცემა.

Hln.be ამტკიცებს, რომ ჩაკვეტაძის აყვანა რამდენიმე ევროპულ კლუბს სურდა, მათ შორის, გრანდებსაც - "ლევერკუზენს", "ჰოფენჰაიმს"
და თვით "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბაიერნსაც" კი.

"გენტმა" ყველას დაასწრო და ჩაკვეტაძესთან წინასწარი 3-წლიანი კონტრაქტი ივნისის ბოლოს გააფორმა. რადგან ქართველი ჯერ კიდევ 17 წლისაა, ბელგიური კლუბი მის გადაყვანას 29 აგვისტოს გეგმავს, როცა ჩაკვეტაძე 18 წლის გახდება", - წერს Hln.be და იქვე დასძენს, რომ "ბაიერნი" მზად იყო, ქართველ ტალანტში 6 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ... რადგან თბილისურ კლუბსა და ჩაკვეტაძეს "გენტთან" შეთანხმება უკვე გაფორმებული ჰქონდათ, ბელგიელებმა მისი დათმობა აღარ ისურვეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, "გენტი" ქართველ ფეხბურთელში 1,3 მილიონ ევროს გადაიხდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"