აქტუალური თემა: როგორ "თეთრდება" სახელმწიფო სახსრები საფეხბურთო კლუბებში

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო კლუბის ბიუჯეტი, მათი ხარჯვის დეტალები და ამა თუ იმ პირის ხელფასები გამოქვეყნდა.

ამ ყველაფერში ბევრი რამ არის გაურკვეველი - რატომ აფინანსებენ ერთ კლუბს 300 ათასი ლარით, როცა მეორე 2 მილიონს იღებს? რატომ მუშაობს ერთ კლუბში 126 თანამშრომელი და მეორეში 50, როცა ორივე უმაღლეს ლიგაშია და წესით, შტატებშიც დიდი სხვაობა არ უნდა იყოს?

ეს და სხვა მრავალი კითხვა გულშემატკივრების გაღიზიანების
მიზეზი ხდება. ანუ რაში იხარჯება მილიონები, როცა ხალხი გაჭირვებაშია?

დავაზუსტოთ, აქ არ არის ლაპარაკი, რომ ფული არ უნდა იხარჯებოდეს. უნდა იხარჯებოდეს, ოღონდ რაციონალურად...

არაადეკვატური ხარჯვა
ზოგიერთ კლუბში ისეთი ხელფასები და ჰონორარებია, რაც საქართველოში სხვა სფეროში დასაქმებულ წარმატებულ პროფესიონალებს არ აქვთ და, შესაძლოა, ამხელა ფულის ასაღებად რამდენიმე თვის მუშაობა დასჭირდეთ.

ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელი თორნიკე თარხნიშვილი მართალია, რომ ფეხბურთში ფული თუ არ ჩაიდო და მოთამაშეებმა ღირსეული გასამრჯელო არ მიიღეს, მაშინ საქართველოში აღარავინ დარჩება.

მაგრამ აქ ლაპარაკია კლუბებზე დარიცხული თანხების არაადეკვატურ ხარჯვაზე.

"ლელოში" კონკრეტული კლუბის მაგალითიც იყო დასახელებული, სადაც ბიუჯეტური თანხების არაეფექტურად განკარგვა და მისი გაფლანგვა იკვეთებოდა. მაგალითად, თურქეთში მომზადებისას, სასტუმროში კერძო კლუბი ერთ მოთამაშეზე მაქსიმუმ 45-50 დოლარს ხარჯავს, სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფ კლუბებში კი, როგორღაც "ახერხებენ" და ხვეწნა-მუდარით მიღებული მწირი ბიუჯეტებით ამ სიამოვნებაში 80-120 ევროს იხდიან.

ცხადია, ვარაუდი ჩნდება, რომ ამით სახელმწიფო სახსრები "თეთრდება".

ისე, წარმოიდგინეთ, ორკვირიან შეკრებაზე, მინიმუმ, 25-კაციანი დელეგაცია რომ წავა, სულ მცირე, 14 ათასი დოლარი მაინც "გათეთრდება". ვინ იცის, ასე რამდენ სახელმწიფო კლუბში კეთდება და ჯამში "გათეთრება" რა მასშტაბებს აღწევს?

სხვა საკითხებიცაა, სადაც ფულის ათვისება შეიძლება. მაგალითად, ფორმების თემა - "ოქროს ჩანთები" (სადაც მთელი ეკიპირებაა) 500-600 ლარი თუ ღირს, 1200-1300 ლარად ფორმდება. ამგვარი მეთოდით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთზე დასახარჯ ფულს ბევრგან "ხრავენ", სხვაობას კი სახელმწიფოს უკან არავინ დაუბრუნებს.

არადა, წესით, შეკრებებსა და ეკიპირებებში სახელმწიფო კლუბები უფრო უნდა ცდილობდნენ ეკონომიას. ეს ფული ხომ ბიუჯეტისაა?

რად გვინდა სახელმწიფო კლუბები?
ზოგიერთ კლუბში ფულის გაუგებარი ხარჯვაა მიზეზი იმისი, რომ რადიკალური მოსაზრებები ისმის - სახელმწიფომ კლუბები არ უნდა დააფინანსოსო! ამ შეხედულებას საკმაოდ ბევრი ადამიანი იზიარებს.

მათი აზრით, ვიდრე კლუბებს ბიუჯეტიდან აფინანსებენ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ამ კლუბების მესვეურები და მწვრთნელები სპონსორების მოძიებითა და ახალი ტაქტიკური სქემების შექმნით შეიწუხებენ თავს. მათი მთავარი საზრუნავი იქნება არა ვარჯიში და ოფლისღვრა, არამედ დაფინანსებისა და იქიდან ხეირის მიღება.

ისე, მართლაც საინტერესო ტენდენციაა: საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასული კერძო კლუბები - "ზესტაფონი", "მეტალურგი" და "ტორპედო" - გაკოტრდნენ ან ძველებურად ვეღარ თამაშობენ. უმაღლეს ლიგაში იშვიათი გამონაკლისებიც არიან - თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი" და "საბურთალო". კერძო "ოაზისებია" აგრეთვე "გაგრა" და "ვიტ ჯორჯია". მარტვილის "მერანის" ამბავიც გაურკვეველია.

დანარჩენები, ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა, ბიუჯეტზეა დამოკიდებული, რაც უკვე კატასტროფაა. მათთან გამკლავება ორიოდე კერძო კლუბს ძალიან გაუჭირდება.

არადა, ფეხბურთი სწორედ კერძო მესაკუთრეთა ხელში ვითარდება. მარტივი არითმეტიკაა: გადახედეთ, ეროვნული, ახალგაზრდული თუ ასაკობრივი ნაკრებებისთვის რამდენი ფეხბურთელი გაზარდეს კერძო კლუბებმა და რამდენი - სახელმწიფოსგან დაფინანსებულებმა? აშკარა უპირატესობა პირველის მხარესაა. ფეხბურთის მომავალს სწორედ ასეთები უზრუნველყოფენ.

სახელმწიფო ჩინოსნების მოტივაცია სხვაა და კერძო ბიზნესის - სხვა. "ლელოსთან" ერთ-ერთმა პოლიტიკოსმაც განაცხადა - საბიუჯეტო კლუბებში ხალხს არა პროფესიონალიზმით, არამედ ნათესაობა-მეგობრობით ასაქმებენ, 2-მილიონიანი დაფინანსებიდან კი 500-700 ათასის "გათეთრება" იშვიათობა არ არისო...

ჯამში, უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები 37 მილიონ ლარს იღებენ. ამას დაუმატეთ ფეხბურთის ფედერაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 7 მილიონი. ისე, არ გაგიჩნდათ კითხვა - ამ 44 მილიონიდან ფეხბურთში რეალურად რამდენი რჩება?

ფაქტია, რომ საბიუჯეტო სახსრების ასეთ ხარჯვას ქართული ფეხბურთისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

როგორ ავითვისოთ სახელმწიფო სახსრები?
ეს ყველაფერი მძიმე ფიქრებს აჩენს და, შესაძლოა, ბევრია იმ აზრზე, რომ კლუბების დაფინანსება შეწყდეს. მაგრამ დღეს სახელმწიფომ ეს რომ გააკეთოს, ქართული ფეხბურთი სულ ჩაკვდება. ფეხბურთში სახელმწიფოს ინვესტიცია რომ აუცილებელია, ამას მხოლოდ სულელი უარყოფს, მაგრამ დაფინანსების მეთოდი უნდა შეიცვალოს.

სახელმწიფო კლუბების რაოდენობის შემცირების ყველაზე მისაღები იდეა ამ კლუბების ტენდერის გზით კერძო ჯგუფებისთვის გადაცემაა. ეს პროექტი თბილისის "ლოკომოტივის" პრეზიდენტ ლექსო თოფურიას ეკუთვნის. სახელმწიფო დაფინანსების პერიოდში, კლუბი სამართავად, ტენდერის გზით, კერძო მეპატრონეს გადაეცეს, რომელმაც თანხა თავადაც უნდა მოიზიდოს და ყოველწლიურად მისი მოცულობა გაზარდოს.

თოფურიას აზრით, ეს კლუბების მენეჯმენტსაც გააუმჯობესებს და ნელ-ნელა სახელმწიფოს სახსრებს გამოათავისუფლებს. არადა, ეს საინტერესო მოსაზრება საფეხბურთო სამყაროს არც განუხილავს.

მიუღებელი აღმოჩნდა რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი დირექტორის, ზაზა დოლიძის იდეაც - ჩატარდეს ერთიანი ტენდერი სახელმწიფო კლუბების ეკიპირებაზე, ბურთებზე, შეკრებაზე წასასვლელ სასტუმროებზე, ტრანსპორტირებაზე... მაგრამ, ეტყობა, ფულის ეკონომიის გზა ძალიან ბევრს არ აწყობს.

არადა, ფინანსების ეფექტური ხარჯვის გარეშე დღევანდელი წუმპიდან ქართული ფეხბურთის ამოყვანა უძნელესი საქმე იქნება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ფეხბურთის ფედერაციაც სწორედ ასეთებს ეყრდნობოდა, რადგან მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. ისინი არათუ სპონსორების ძიებით არ იკლავდნენ თავს, ბევრს ეს არც აძლევდა ხელს, რადგან საბიუჯეტო სახსრების განიავება იოლი საქმეა - მათგან რა მიდიოდა?!

სწორედ ასეთმა კლუბებმა შეიწირეს პროფესიული ფეხბურთის ლიგა, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ორგანიზაცია გახლდათ. მიზეზი კი ის გახდა, რომ სახელმწიფო კლუბების დაფინანსების მანკიერი სისტემის წინააღმდეგაც პირველად სწორედ მისმა ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი რამიშვილმა გაილაშქრა.

ერთიანი ფონდის მიზანი
ბათუმში ფეხბურთის ფედერაციის მმართველებისა და უმაღლესი ლიგის 16-ივე კლუბის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ერთიანი ფინანსური სისტემის შექმნაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც სფფ სახელმწიფოსთან ერთად აპირებს.

მაგრამ ამ 6-საათიანი შეხვედრიდან მხოლოდ "მშრალი" ინფორმაცია გამოვიდა. გავიგეთ, რომ პროექტი ითვალისწინებს ერთიანი ფონდის შექმნას, სახსრების უფრო გონივრულ ხარჯვას და საფეხბურთო კლუბების თანაბარ დაფინანსებას.

მაგრამ ეს ძალიან ზოგადი მსჯელობაა და მთავარ კითხვაზე პასუხს ისევ ველით - როგორ აპირებს ფეხბურთის ფედერაცია ამ ფონდის ჩამოყალიბებას და რამდენად რეალურია, რომ სახელმწიფო ფეხბურთს ცენტრალიზებულად დააფინანსებს? არადა, სწორედ ამას ელიან კლუბების დამფინანსებელი რაიონების ხელმძღვანელები და, შესაბამისად, დოტაციაზე მყოფი რაიონის კლუბებში ჯერ არ იციან, რა ბიუჯეტი ექნებათ 2016 წელს.

ბევრი გულშემატკივრის მოსაზრებაც ვიცი და იყო შეხედულებაც, რომ ფეხბურთის ფედერაციამ და სახელმწიფომ სახელფასო ზღვარი უნდა დაუწესოს მუნიციპალურ გუნდებს, სასურველი მოთამაშის ჩამოსაყვანად თანხა კი სასპონსორო თანხებიდან დაამატოსო.

კლუბებთან შეხვედრის შემდეგ გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დაახლოებით მსგავსი ჩანაფიქრი მზადდება: ფეხბურთის ფედერაცია ერთიანი ფონდის ამოქმედების შემდეგ ფულის მიზანმიმართულად დახარჯვას გააკონტროლებს, ლიგების მიხედვით, კლუბები თანაბარ დაფინანსებას მიიღებენ და მოთამაშეთა და კლუბის სხვა პერსონალისთვის ფიქსირებული სახელფასო მინიმუმი და მაქსიმუმი დაწესდება. მაგრამ მოთამაშისთვის ხელფასის გაზრდის უფლება მხოლოდ სასპონსორო თანხიდან ექნებათ.

გარდა ამისა, სფფ ერთიანი ფონდით ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის კუთხით მუშაობასაც აპირებს, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა მიანიშნეს. ანუ კლუბი საკუთარი ნებით ფულს ვეღარ განკარგავს მხოლოდ ხელფასებზე, ის ვალდებული იქნება წინასწარ გაწერილი გეგმით იმუშაოს, შექმნას და განავითაროს ინფრასტრუქტურა, გაზარდოს მომავალი თაობები და ამ ყველაფრის საფუძველზე კერძო მესაკუთრე მიიზიდოს.

მაგრამ ჯერაც უცნობია, ეს ჩანაფიქრი ახალი წლის შემდეგ ამოქმედდება, ახალი სეზონიდან ან საერთოდ, ამოქმედდება კი? მაგრამ რადგან სფფ-ის თავკაცები ამაზე ალაპარაკდნენ, უნდა ვიფიქროთ, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ცენტრალიზებულ დაფინანსებაზე მართლაც ფიქრობს. სხვაგვარად, ფეხბურთში სახელმწიფო სახსრების ხარჯვას აზრი არ აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
მაქვს კლუბების დაფინანსების კარგი პროექტი, რომელიც ნებისმიერ ბიზმესმენს დააინტერესებს და სადაც სახელმწიფოს ირიბი დახმარებაც არის, ისეთი რომ ხალხი აღარ იტყვის რატომ ფინანსდებიან ჩვენი ფულით გუნდებიო(მართლებიც არიან). წინა ფედერაციამ არ გამოხატა ინტერესები, იმედია ეხლა მაინც დაინტერესდებიან, ტლფ 593 150052, თამაზი
tamazino
19:11 31-12-2015
0
ქართულ ფეხბურთში ჩადებული ფული ფედერაციამ და სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს, რაღაც ჯგუფი უნდა შეიქმნას რომ ფინანსები სწორად დაიხარჯოს კლუბებისთვის.კობიაშვილი ამ საქმეს ალბათ მალე მიხედავს.მაშინ უფრო მიმზიდველი იქნება კერძო ინვესტორისთვის ფულის ჩადება კლუბებში, კოკაიას ნაირი ხალხი ხელის გულზეა სატარებელი მისი დამკარგავი ქართული ფეხბურთის მტერია.
bebeto
18:34 27-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული