ჩემი ოცნებაა, "მილანში" ვითამაშო... რაც იყო, წარსულში დარჩა - ინტერვიუ ნიკა ჭანტურიასთან

AutoSharing Option
23 წლის მცველი ნიკა ჭანტურია ამჟამად თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს. მას თბილისელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი სხვა პოზიციებზეც ათამაშებდა.

ნიკას ასევე 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებზეც აქვს ნათამაშები. იგი თბილისის "დინამოს" კაპიტანიც გახლდათ.

იყო პერიოდი, როდესაც ჭანტურია ლონდონის "არსენალში" ისინჯებოდა და მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო.

ამ და სხვა სიანტერესო თემებთან დაკავშირებით, Sportall.ge ჭანტურიას ესაუბრა.

- უპირველეს ყოვლისა, გკითხავთ, რას აპირებთ მომავალი სეზონისთვის, ისევ "ლოკომოტივში" იასპარეზებთ თუ არის სხვა ვარიანტებიც?
- "ლოკომოტივთან" მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს და ამ გუნდის
სრულუფლებიანი წევრი ვარ. 2018 წლის სეზონშიც ამ გუნდში ვიასპარეზებ.

- როგორ შეაფასებდით "ლოკომოტივის" ასპარეზობას გასულ სეზონში?
- ზოგადად, სტაბილური გუნდის ჩამოყალიბებას დრო უნდა და ვთვლი, რომ იდეალური შედეგი არ იყო. ალბათ, უფრო მეტი შეიძლებოდა... იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში, მაგრამ ალბათ, საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა არასტაბილურობა იყო.

- თქვენ გიორგი დევდარიანზე ამბობდით, რომ მან გუნდი ერთსულოვანი და ერთ მუშტად შეკრული გახადა. ასევე, მან "ლოკომოტივის" შედეგები გააუმჯობესა, მაგრამ კონტრაქტი მაინც არ გაუხანგრძლივეს...
- ფეხბურთელი ვარ და მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იყო და ფეხბურთელს ჩარევის უფლება არ აქვს.

რაც შეეხება გიორგი დევდარიანს, მინდა მადლობა გადავუხადო და შემდეგში წარმატებები ვუსურვო.

- გიორგი დევდარიანმა თქვენ პოზიცია შეგიცვალათ და საყრდენად გაგამწესათ...
- დევდარიანი რამდენიმე პოზიციაზე მათამაშებდა. თანამედროვე ფეხბურთში უნივერსალური მოთამაშეები უფრო ფასობენ და ძალიან კარგია, სხვადასხვა პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობა რომ მომეცა.

- ლონდონის "არსენალზეც" გკითხავთ. რა მოხდა მაშინ, რამ შეგიშალათ ხელი უცხოეთში დარჩენაში, როდესაც "არსენალში" ვარჯიშობდით?
- არაევროკავშირელებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ბრიტანეთის სამუშაო ვიზის აღებაა. პლუს ამას, ნაკრებში თამაშების 75% უნდა გქონდეს ჩატარებული ბოლო 2 წელში და კიდევ სხვა დეტალები... რაც არაევროკავშირელს უნდა უხადონ ბრიტანეთში, ერთ ესპანელ, ერთ გერმანელ და ერთსაც ფრანგ ფეხბურთელს ჩაიყვან მაგ თანხით...

ასე რომ, ქართველისთვის პრემიერლიგა უფრო რთულია, ვიდრე სხვა ჩემპიონატებში გადასვლა.

- როგორ ფიქრობთ, "არსენალში" რომ დარჩენილიყავით, როგორ წარიმართებოდა თქვენი კარიერა?
- ალბათ, გაცილებით სხვაგვარად... ასეთ გარემოში რომ ხვდები, ერთი ნაბიჯი გაშორებს, უმაღლეს დონეზე რომ ითამაშო. მთავარია, ფეხბურთელი საქმეს სწორად მიუდგეს და იქაურ რიტმს აჰყვეს.

როცა ფეხბურთი გიყვარს და ახალგაზრდა ფეხბურთელი "არსენალში" მოხვდები, ეს გაცილებით დიდი შანსია. სწორედ "არსენალმა" იქონია დიდი გავლენა, თორემ სხვა გუნდებში თამაშის შანსი გაცილებით დიდი მქონდა... მაგ პერიოდში ინტერესი სხვა საკმაოდ კარგი გუნდებიდანაც იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია და უკან გახედვას არ ვაპირებ.

- რა განსხვავება დაინახეთ ქართულ და ბრიტანულ ფეხბურთს შორის, როდესაც ლონდონში ჩახვედით და რა მოგცათ იქ გატარებულმა პერიოდმა?
- უდიდესი გამოცდილება მივიღე და სხვაობაც ყველა დეტალში უდიდესია. სავარჯიშო ბაზაზე ისეთი პირობებია შექმნილი, რომ ყველა დეტალი თავს ფეხბურთელად გაგრძნობინებს, მოტივაციას გიმატებს, რაც საბოლოო ჯამში შედეგებზეც აისახება.

- როგორ აფასებდნენ მწვრთნელები თქვენს თამაშს "არსენალში", ზოგადად, როგორი შეფასება გქონდათ?
- არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი და მოკლედ შემოვიფარგლები. საკმაოდ დადებითი შეფასება და კარგი პრესაც მქონდა. როდესაც პრესაში დაიწერა, რომ სინჯებს გავდიოდი, ჟურნალისტები "ნორვიჩთან" თამაშს დაესწრნენ და საკმაოდ დადებითი შეფასებაც მომცეს.

- ალბათ, რთულია, როდესაც ასეთი წარმატებული პერიოდის შემდეგ ცუდი დროება მოდის. რას გრძნობდით, როდესაც ყველაფერი წარსულში დარჩა?
- ცუდი პერიოდი როგორც ცხოვრების, ისე ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. სამწუხაროა, რომ ტრავმებმა მნიშვნელოვანი პერიოდი გამომატოვებინა, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ვარ და წინ ვიყურები. ალბათ, რაღაცები უიღბლობასაც შემიძლია მივაწერო. რაც იყო, წარსულში დარჩა.

- 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი რომ გაიხსენოთ....
- ალბათ, ეს ყველაზე დადებითი პერიოდი იყო, რადგან ეს შენი ქვეყნის ნაკრებს უკავშირდება. როდესაც შენი ქვეყნის ნაკრებთან ერთად წარმატებებს აღწევ, ეს ორმაგად სასიხარულოა.

- ქართველი ფეხბურთელების უმეტესობას ერთი სული აქვს, ეროვნული ჩემპიონატიდან გაიქცეს და თითქმის ყველა უცხოურ ვარიანტს თანხმდება. რატომ ხდება ასე?
- ზოგადად, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ნიჭით და ტალანტით გამოირჩევიან. ალბათ, დამეთანხმებით, რომ საქართველოში არაა ის დონე, რასაც თანამედროვე სტანდარტები მოითხოვს. სწორედ ესაა ფეხბურთელის ინტერესი, წავიდეს უკეთეს ჩემპიონატში.

- შემდეგ ეს წასული ფეხბურთელები საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ ახერხებენ....
- ვერ გეტყვით ამის რეალურ მიზეზს, რადგან საკუთარ თავზე არ გამომიცდია. ალბათ, ადაპტაცია და სასაუბრო ენა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. დანარჩენი მიზეზები ინდივიდუალურია.

- თქვენი აზრით, ქართულ ფეხბურთში ნიჭს სათანადოდ აფასებენ და კარგ განვითარებას უძებნიან?
- განვითარება ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ქართულ ფეხბურთში, მაგრამ კარგია, რომ ბევრი რამე იცვლება. მოქმედი ფეხბურთელისგან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. თავის მხრივ, ფეხბურთელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაფასებული იყოს და სწორად განვითარდეს.

- შეხვედრის დაწყებამდე რაიმე ცრურწმენა თუ გაქვთ?
- არა, ცრურწმენების არ მწამს.

- ვინ არის პიროვნება, ვინც თქვენს კარიერაში დიდი როლი ითამაშა? ვინ არის თქვენი მოტივატორი?
- კონკრეტული პიროვნება არავინ. ჩემს კარიერაში როლი მთლიანად ჩემმა ოჯახმა შეიტანა. რაც შეეხება მოტივატორს, აქაც ჩემი ოჯახი და კიდევ ჩემი საცოლე.

- რომელია თქვენი ოცნების კლუბი?
- ჩემი ოცნებაა, "მილანში" ვითამაშო.
მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები!
1
შენ წნორის მილანში თუ ითამაშებ, თორემ მაგ მიზერული შრომით სხვა გუნდში ვერ წახვალ.
სტატუს ქუო
16:02 23-01-2018
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული